პოლიტიკა

რომელ პარტიებს უმასპინძლებს დღეს ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი – განხეთქილება ოპოზიციაში

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ოპოზიციაში საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვთ.

ენმ-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი შეხვედრაზე მისვლის აზრს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ახლა “ოცნებაც” და ოპოზიციაც არა საახალწლო მიღებებზე, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ.

“არ გამიგია, რომ ჩვენები აპირებენ იქ წასვლას და ვერც ვხედავ რაიმე აზრს, რომ ასეთ შეხვედრებზე მივიდეთ. ჩვენ ახლა საახალწლო მიღებებზე კი არ უნდა დავდიოდეთ, არამედ უნდა ვისხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია იმისათვის, შევათანხმოთ გზები, როგორ უნდა დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, არსებულ ვითარების გათვალისწინებით, თვლის, რომ ურთიერთობის ამგვარი ფორმა “ქართულ ოცნებასთან” მისთვის ადეკვატური არ არის, თუმცა ამავე დროს, არ სურს, პრეზიდენტმა ეს “კარის მიჯახუნებად” აღიქვას.

“ვერ მოვიტყუებ თავს და ვერ ვითამაშებ, რომ დღეს არის ვითარება, სადაც მე შემიძლია, რომ მივიდე საახალწლო წვეულებაზე და ეს ფორმა ურთიერთობის, მათ შორის “ქართულ ოცნებასთან” ადეკვატური იყოს ჩემთვის. ამავე დროს, არ მინდა, პირველ რიგში პრეზიდენტის მხრიდან ეს იყოს აღქმული, როგორც რაღაც კარის მიჯახუნება. მე სულმოუთქმელად ველოდები იმ საუბარს, რომელიც ჩვენ წინ წაგვიყვანს მისი ინიციატივის შინაარსში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება მიმდინარეობს და არსებულ პირობებში სიმულაციის მომხრე არაა.

შეხვედრაზე მისვლას აპირებს “სტრატეგია აღმაშენებელი” – სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ეს აუცილებელია იმ დიალოგის გასამართად, რომელსაც პრეზიდენტი ოპოზიციას სთავაზობს.

მიღებაზე მივა დეპუტატი არმაზ ახვლედიანიც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close