სხვადასხვა

როგორ გადაარჩინა ქართველმა ქირურგმა 3 წლის ლიტველი გოგონა სიკვდილისგან?

„იმ დროს ფეხების მიკერების ოპერაციას არავინ აკეთებდა. რაღაც რომ შემშლოდა, მეც დაღუპული ვიყავი და ბავშვიც“

35 წლის წინ, საბჭოთა ლიტვაში 3 წლის გოგონა, სახელად რისა ცხოვრობდა. 1983 წლის ცხელი ზაფხული იდგა, როცა რისას მამამ, კოლმეურნეობა „ვადაკტაის“ ტრაქტორისტმა, ვიტაუტას პრასციავიჩუსმა გაზონის გაკრეჭა გადაწყვიტა, ტრაქტორს საკრეჭი მიაბა და საქმეს შეუდგა. ამ დროს რისა თავის ტყუპისცალ დასთან ერთად, ეზოში, ბალახებში თამაშობდა. უეცრად, ბავშვის კივილმა მოტორის ხმა გადაფარა. თავზარდაცემული მამა ტრაქტორიდან ჩამოხტა და ბალახებში სისხლის გუბეში მწოლიარე, ფეხებმოჭრილი შვილი დახვდა.


უკვე ღამდებოდა. რისას სოფელში ტელეფონი არავის ჰქონდა. გოგონა ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა შოკისა და სისხლის დაკარგვისგან დაღუპულიყო. რისას გადასარჩენად ჰაერში სპეცთვითმფრინავი აფრინდა, რომელმაც 12 საათში ბავშვი მოსკოვში ჩაიყვანა. რისას მოჭრილი ფეხები საოპერაციოში გაყინულ თევზთან ერთად, ყუთით შეიტანეს, სადაც ბავშვთა საავადმყოფოს ახალგაზრდა ქირურგი, რამაზ დათიაშვილი ოპერაციისთვის ემზადებოდა.

„უფროსობა ნებართვას არ მაძლევდა, რადგან მაშინ ასეთ ოპერაციებს არავინ აკეთებდა. რაღაც რომ შემშლოდა, მეც დაღუპული ვიყავი და ბავშვიც. როგორც იქნა, საოპერაციოში პატარა პაციენტი შემოიყვანეს. ვყვირი – ფეხები სადაა? ფეხები გაყინული იყო.. ძირს თევზები დაცვივდა.. ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით ჩავატარე. სისხლძარღვს სისხლძარღვზე ვაკერებდი, ნერვს ნერვზე, კუნთს კუნთზე, არტერიას არტერიაზე.. “ – იხსენებს რამაზ დათიაშვილი.

ოპერაციის დაწყებიდან 4 საათის შემდეგ ქანცგაწყვეტილმა თანაშემწეებმა მუშაობა ვეღარ შეძლეს და დათიაშვილს ოპერაციის გაგრძელება მარტოს მოუწია.

9 საათის შემდეგ, როცა უკანასკნელი ნაკერი დაადო, პაწაწინა ფეხები ექიმის ხელში გათბა და ყველაზე უარესი უკან დარჩა..

დღეს რასა გერმანიაში ცხოვრობს და ოდნავ შესამჩნევად კოჭლობს. მას ბუნდოვნად ახსოვს საბჭოთა კავშირის საავადმყოფოებში გატარებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის წლები, თუმცა ერთადერთი, რაც არასოდეს დაავიწყდება, ქართველი ექიმის თავგანწირვაა, რომელმაც მეორე სიცოცხლე აჩუქა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close