Slider

„რა საკითხიც არ უნდა იყოს, ჯერ არ გვახსოვს, რომ კალაძეს მხარდაჭერა არ გამოეხატოს და დახმარებაზე უარი ეთქვას“ – თამარ დადიანი

„პროგრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი ესაუბრა:

_ როგორც იცით, თბილისის მერმა კლინიკიდან გამოწერის შემდეგ დედაქალაქის მთავრობის სხდომა გამართა. სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც კლინიკაში ყოფნის დროს მოიკითხა და მხარდაჭერა გამოხატა. მეც, როგორც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ამ ქვეყნის მოქალაქეს მინდა კახა კალაძეს ჯანმრთელობა ვუსურვო და 30 წლის  მანძილზე მივიწყებული საკითხების გააქტიურებისა და თანადგომისთვის მადლობას გადავუხადო.
ჩვენი ორგანიზაცია წლებია, დედაქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ნაყოფიერი იყო ურთიერთობა თბილისის წინა მერთან, დავით ნარმანიასთანაც, რომელმაც სოციალურ საკითხებში უზარმაზარი თანადგომა გამოგვიცხადა და უამრავ ადამიანს დაეხმარა. რაც შეეხება ქალაქის დღევანდელ მერს, რა საკითხიც არ უნდა იყოს, ჯერ არ გვახსოვს, რომ კალაძეს მხარდაჭერა არ გამოეხატოს და დახმარებაზე უარი ეთქვას.
_ იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელ მივიწყებულ საკითხებს და პროექტებს გულისხმობთ?
_ წლებია, ივერთუბნის რეაბილიტაციისთვის ვიბრძვით. ეს ყველა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მივიწყებული, სრულიად უპატრონო ტერიტორიაა, სადაც მოსახლეობას ტალახში და ფეკალურ მასებში უწევს ცხოვრება. წარმოიდგინეთ, რომ 21-ე საუკუნეში მოსახლეობას რეზინის ჩექმებით და კალოშებით უწევს გადაადგილება. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქალაქის მერს მივმართეთ და მისი მხარდაჭერა მივიღეთ. ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენელი საკმაოდ სწრაფად დაგვიკავშირდა და მოქმედება ოპერატიულად დაიწყო. ფაქტობრივად, პრობლემების ნახვისთანავე, ტერიტორიის „მოხრეშვა“ დაიწყო. პარალელურად, „ჯივიპისთან“ მიდის ბრძოლა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები და კანალიზაციის მილების მოწესრიგება, რაც მის კომპეტენციაში შედის, დროულად განახორციელოს.  სადაც მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდა, ასფალტი დაიგო და ასე ნელ-ნელა ვაღწევთ მიზანს. ილურიძის მეორე შესახვევზე გვაქვს მსგავსი პრობლემა. ქუჩა გადათხრილია და „ჯივიპი“ ვერ დავითანხმეთ, რომ წყლის მილები გამოცვალოს და ახალი სისტემა დააყენოს. გეგმაში არ გვიზის და წელს ვერ გავაკეთებთო, არადა 9 წელია ნაძალადევის გამგეობა გვიკავშირდება, წერილი წერილზე მოდის, რომ იქნება „ჯივიპისთან“ მოაგვაროთ, რომ ქუჩა მოვაწესრიგოთო. აი, ასეთ კერძო კომპანიებთან გვაქვს პრობლემები, რომლებიც მიწისქვეშა სამუშაოებს ახორციელებენ, თორემ მერიის მუშაობასთან პრეტენზიები არ გვაქვს.
ამის გარდა, მერიას ვთხოვეთ გაკეთებულიყო მე-20 საუკუნის 20-იანი წლების საზოგადო მოღვაწეთა სახელობის ბაღი თავისი ბიუსტებით და აქაც შედეგს მივაღწიეთ – თბილისის მერმაც მხარი დაგვიჭირა, საკრებულომაც და ჩუღურეთის გამგებელმაც. 1921 წლების მოღვაწეებმა დამოუკიდებლობისთვის თავი და სიცოცხლე გაწირეს და პატივის მიგებას იმსახურებენ. ეს მომავალ თაობებს სჭირდებათ, რომ ღირსეულები აღიზარდონ. ამ დროისთვის მიმდინარეობს ნაკვეთის მოძიება ბაღის მოსაწყობად.
წლებია, ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმისთვის ვიბრძვით და როგორც იქნა, მიზანს მივაღწიეთ. საკრებულო დათანხმდა და ამ საქმისთვის 500 000 ლარი გამოიყო. ზვიადის ბიუსტთან ერთად, დიმიტრი ყიფიანის ბიუსტიც გაკეთდება. დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი საკრებულოს შენობაში დაიდგმება, ხოლო ზვიად გამსახურდიასი სანაპიროს ტერიტორიაზე. ალბათ გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ სანაპიროს ქუჩას ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდა. სინამდვილეში ეს ცარიელი სიტყვები იყო, რომელიც იურიდიულად არ გაფორმებულა. ამისთვის დიდი ბრძოლა დაგვჭირდა და მივაღწიეთ, რომ სახელმწიფომ სანაპიროს ქუჩა ზვიად გამსახურდიას ქუჩის სახელით დაარეგისტრირა. ამ ტერიტორიაზე მოიაზრება ძეგლის დადგმა და რა თქმა უნდა, აბრების გაკვრა.
_  ზვიად გამსახურდიას ძეგლის ავტორის ვინაობა ცნობილია?
_  ჯერჯერობით არა. კონკურსი ორჯერ ჩატარდა, მაგრამ პირველად მოქანდაკეთა აქტიურობა დაბალი იყო, თანაც ნოდარ მასხულიას ესკიზის გარდა, სხვა ნაშრომები არ მოგვეწონა. ახლახან კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდა და იმედი გვაქვს, რომ 28 ოქტომბრამდე პროცესის დასრულება მოესწრება. 30 წელი ამ მიმართულებით არავის არაფერი გაუკეთებია და რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი ერთ დღეში ვერ დასრულდება, მაგრამ მთავარია, რომ მხარდაჭერა გვაქვს და საქმე ადგილიდან დაიძრა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, სადაც ასევე მერიის მხარდაჭერა მივიღეთ, კომუნისტური რეჟიმის მიერ სასტიკად დასჯილი ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის ბიუსტის დადგმაა. ჩვენი სურვილია, ნაზის ბიუსტი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაიდგას, სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მდებარეობს. არავისთვის დასამალი არ არის, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ქცეულ ქართულ ჟურნალისტიკას მძიმე პერიოდი უდგას, მართალი და ობიექტური სიტყვა იშვიათობად იქცა, ამიტომ მომავალ ჟურნალისტებს უნდა შევახსენოთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავდა ჟურნალისტი, რომელიც სიმართლეს შეეწირა.
_ საზოგადო მოღვაწეთა და მამულიშვილთა დაფასება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ საინტერესოა, რა მდგომარეობაა და რა პრობლემებს აწყდებით სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.
_ რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, დავით ნარმანიას მერობის დროს იყო სისტემა, რომელიც ნებისმიერ თანხას სრულად აფინანსებდა. კალაძემ ეს პუნქტებად დაჰყო – ვისაც 1000 ლარის ზემოთ დახმარება სჭირდება თანხა, ის აუცილებლად მერიას მიმართავს, 1000 ლარის ქვემოთ კი გამგეობას და თანხა მაქსიმალურად გაიცემა. ჩვენი ინფორმაციით, ამ მიმართულებით უკმაყოფილება უფრო ჯანდაცვის სამინისტროსკენაა, რადგან საყოველთაო პროგრამა მოსახლეობას წლების მანძილზე 70%, 80% და 90% უფინანსებდა. თანხის სრულად შევსებისთვის შეგეძლო კალკულაცია შეგეტანა, რეფერალური კომისია განიხილავდა და ამატებდა. სამწუხაროდ, დღეს ასე აღარ არის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სერიოზული ცვლილება განიცადა. მაგალითად, თუ მკურნალობისთვის 3000 ლარი გჭირდება, 50% გაძლევენ, მეტს არა. მერე უწევს ადამიანს რეფერალურში თხოვნის შეტანა, ისევ  ფორმა 100, კალკულაცია და გამგეობა.. ესაა პრობლემა, რომელიც უფრო ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება, ვიდრე მერიას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რა საკითხიც არ უნდა იყოს, ჯერ არ გვახსოვს, რომ კალაძეს მხარდაჭერა არ გამოეხატოს და დახმარებაზე უარი ეთქვას და ამის დაუნახაობა ნამდვილად არ შეიძლება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close