Sliderსაზოგადოება

რაში დახარჯავს 5 მილიონ ლარს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და როგორ გადაიჭრება მიუსაფარი ცხოველების პრობლემები

გიორგი კობიაშვილი: მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე – “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ”, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით დაარეგულირებს ამ მიმართულებით მთელ რიგ საკითხებს. აღნიშნულ პროცესში ჩვენი სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს პარლამენტთან. კანონპროექტი დაარეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება, მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები, ცოფისა და სხვა დაავადებების გავრცელება, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები, ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა, ადმინისტრირების მექანიზმი. კანონი, რომელიც მიიღება საშუალებას მოგვცემს, რომ ეფექტურად გადავჭრათ არსებული გამოწვევები და პრობლემები.

გიორგი კობიაშვილი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელად 14 დეკემბერს დაინიშნა. მისი წარდგენისას თბილისის მერმა განაცხადა: „ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, მთელი საკანონმდებლო ცვლილებები. დედაქალაქის მერია მზადაა, გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ გიორგი კობიაშვილს, რომელსაც უყვარს ცხოველები და წლებია, დაინტერესებულია პრობლემების გადაჭრით. გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. იგი 2016-2018 წლებში მუშაობდა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტში, ხოლო 2018-2022 წლებში იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია. დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევების დაძლევას, რომლებიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალებით შევძლებთ. მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. გიორგი კობიაშვილს კი, მინდა, წარმატებები ვუსურვო“.

ცოტა ხნის წინ თბილისის ბიუჯეტი დამტკიცდა, სადაც მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის 5 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი. როგორაა განაწილებული ეს თანხა, რა გეგმები აქვს კობიაშვილს? – „პროგრესნიუსის“ ამ და სხვა კითხვებს პასუხობს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი კობიაშვილი.

_ ვისარგებლებ შემთხვევით და გილოცავთ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნას. მართალია, 14 დეკემბრიდან დღემდე არც თუ ისე დიდი პერიოდია გასული, მაგრამ სააგენტოს მართვის გეგმა, ალბათ, უკვე გექნებათ. როგორია ეს გეგმა?

_ მე უკვე შევუდექი იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც დავსახე ჩემს გუნდთან ერთად. მიუსაფარი ძაღლების დიდი პოპულაცია ითვლება სოციალურ პრობლემად. დადებით შედეგად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა, როდესაც ყველა ძაღლი იქნება პატრონიანი. საჭიროა, ყურადღება გამახვილდეს კონკრეტულ საკითხებზე, რომლის შემდეგ შესაძლებელი იქნება რეალურ პრობლემებზე ფოკუსირება. პირველ რიგში, ვიმუშავებთ შინაური ოთხფეხა მეგობრების სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების რაოდენობის გაზრდაზე. მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციების ყველაზე ეფექტური მეთოდი არის მთლიანი პოპულაციის 70 %-ის სტერილიზაცია. იგულისხმება არამარტო მიუსაფარი, არამედ პატრონიანი ცხოველების სტერილიზაცია, რაც ხშირად მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ზრდის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება ცხოველების სტერილიზაციის მნიშვნელობაზე. გაზაფხულზე იგეგმება ქ.თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის დადგენა, რაც საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ უფრო ეფექტური სამუშაოები მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვის მხრივ. პარალელურად ვმუშაობთ მუნიციპალური თავშესაფრის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, რათა მეტი ცხოველის მიღება შეძლოს მუნიციპალურმა თავშესაფარმა.

ასე რომ, ერთი მხრივ ვიმუშავებთ უკვე არსებული პოპულაციის სტერილიზაციაზე და მეორე მხრივ, მაქსუმალურად ვეცდებით შევზღუდოთ გამრავლების წყარო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით.

_ თქვენი წარდგენისას, თბილისის მერმა განაცხადა: „ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, მთელი საკანონმდებლო ცვლილებები. დედაქალაქის მერია მზადაა, გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – რა იგულისხმა თბილისის მერმა, რა საკანონმდებლო ინიციატივებზეა საუბარი? მეორე, თბილისის მერმა ისაუბრა ასევე პროექტებზე, რა პროექტებია დაგეგმილი?

_ როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე – “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ”, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით დაარეგულირებს ამ მიმართულებით მთელ რიგ საკითხებს. აღნიშნულ პროცესში ჩვენი სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს პარლამენტთან. კანონპროექტი დაარეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება, მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები, ცოფისა და სხვა დაავადებების გავრცელება, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები, ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა, ადმინისტრირების მექანიზმი. კანონი, რომელიც მიიღება საშუალებას მოგვცემს, რომ ეფექტურად გადავჭრათ არსებული გამოწვევები და პრობლემები.

გარდა ამისა, ძალიან აქტუალურია ცხოველების ბაზრობების საკითხი, სადაც საკმაოდ ხშირია მათი მოვლა-პატრონობის წესების დარღვევები. ამიტომ კანონით გათვალისწინებული იქნება ასეთ ბაზრობების კონტროლის მექანიზმები და ვალდებულებები, რომ შექმნან შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და დაიცვან ცხოველის მოვლა-პატრონობის აუცილებელი ნორმები.

_ დედაქალაქის ბიუჯეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაძლიერებისა და აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი. როგორ არის განაწილებული ეს თანხა. რა არის სააგენტოს პრიორიტეტი.

_ ახალი ბიუჯეტით სააგენტოს პრიორიტეტი იქნება მუნიციპალური თავშესაფრის გაძლიერება, რაც მოიაზრებს ვოლიერების, საოპერაციო მაგიდების, ვეტერინარებისა და ეკიპაჟების დამატებას. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა. ამასთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ მოსახლეობასთან, რათა ავამაღლოთ მათი ცნობიერება ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ. მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თუ რამხელა პასუხისმგებლობა ენიჭება მას შინაური ცხოველის ყოლის დროს.

_ როგორ ფიქრობთ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის გადაჭრას?

_ აქტიური მუშაობა მოსახლეობასთან ცნობიერების ამაღლების კუთხით, მუნიციპალური თავშესაფრის გამტარუნარიანობის გაზრდა, რის შედეგადაც გავზრდით სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას და ყველაზე მთავარი – კანონის მიღება, რომელიც ჩართავს ამ პროცესებში მომიჯნავე მუნიციპალიტეტებსაც, საიდანაც ხდება ძირითადად მიუსაფარი ცხოველების შემოსვლა – ეს არის პრობლემის გადაჭრის ძირითადი ვექტორი.

აღნიშნული პრობლემების მოგვარება უახლოეს პერიოდში არის შეუძლებელი, ამიტომ წინასწარ გაწერილი გეგმით ეტაპობრივად დარეგულირგება მდგომარეობა. ჩვენი მიზანია, ქალაქში შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები და ცხოველები შეძლებენ მეგობრულ და მშვიდ გარემოში თანაცხოვრებას.

_ გქონდათ თუ არა ცხოველთა დამცველებთან შეხვედრა? ცოტა ხნის წინ „სოლიდარობის სახლმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია თქვენთან შეხვედრის შესახებ, თუმცა დეტალებზე არ გაუმახვილებიათ ყურადღება. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ მიუსაფარი ცხოველების ავთანეზია არ მოხდება. რა გეგმა აქვს სააგენტოს ამ მიმართულებით?

მე ყოველდღიურად ვხვდები ცხოველთა დამცველებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც თვლის, რომ დადებით ეფექტს მოახდენს ამ პროცესების განვითარებაზე. ძალიან შედეგიანი შეხვედრა მქონდა „სოლიდარობის სახლთან“, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება და შევთანხმდით თანამშრომლობაზე. ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მიმკედლებლები აქტიურად იქნებოდნენ ჩართულები ამ პროცესებში, რადგან მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები უანგაროდ ემსახურებიან ქალაქის ინტერესებს და უზრუნველყოფენ ვეტერინარული დახმარებითა და საკვებით ქუჩის ბინადარ ცხოველებს. რა თქმა უნდა, ჩემი დაპირება და მტკიცე პოზიციაა, რომ პოპულაციების შემცირების მიზნით, მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველების დაძინება არ მოხდება.

_ თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები რამდენი მიუსაფარი ცხოველია დედაქალაქში?

_ სამწუხაროდ, უკანასკნელად კვლევა ჩატარდა 2015 წელს და თბილისის მასშტაბით დადგინდა 45 000-მდე მიუსაფარი ძაღლი. 2023 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ კვლევის ჩატარებას მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის დადგენის მიზნით, რაშიც აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაცია “Mayhew International“-თან. მათ აქვთ ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება ამ სფეროში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close