პოლიტიკა

პარტია “საქართველოსთვის” ირაკლი კობახიძის ინტერვიუს საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ!“

გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ითხოვს გამოძიების დაწყებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ინტერვიუზე, რომელშიც ის სახელმწიფო გადატრიალებაზე და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გახარიას შესაძლო თანამონაწილეობაზე საუბრობდა. ამ საკითხზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს.

გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა, მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ:
დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო ქართული ოცნების ამომრჩეველი.

ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის უკვე აღარ არსებობს წითელი ხაზი, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები.

გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ვიმეორებ – არა მთავრობამ, არა უსაფრთხოების სამსახურმა, არა სამართალდამცავებმა, არამედ, ირაკლი კობახიძემ ბრალი დასდო იმ დროისთვის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, დღესაც მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში, გადატრიალების მომზადებაში რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მას, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობიდან მიაწოდეს.

გუშინ კობახიძემ თქვა, რომ 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველს, უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც საქართველოს თავდაცვისა და პოლიციის რიგებში მსახურობენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აბსურდული განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

შესაბამისად, მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ!

ღიმილისმომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა, რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად, მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს…

ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები დღეს ზრუნავდნენ ხალხზე, ორივე მხარე დღეს გახარიას და „საქართველოსთვის“ ოპოზიციაშია. ისინი ჩვენი პოლიტიკური ძალის და მომავლის შიშმა ისე დააახლოვა და დაამსგავსა ერთმანეთს, რომ მათ შორის მორალური ზღვარი მოიშალა!

მიუხედავად ამისა, ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, საიდანაც არ გადავუხვევთ.
პირველივე დღეს განვაცხადეთ და არც ახლა ვაპირებთ წარსულზე ჭორაობას, არც ახლა ვერთიანდებით ვინმეს წინააღმდეგ.

უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და პროგრამას, ვიწყებთ მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციას, რომელიც დაიწყება აჭარის რეგიონიდან.” – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close