Sliderსაზოგადოება

„პანდორას ყუთი“ გაიხსნა – ვის დარჩება პარტია, „მელიასტებს“ თუ „ხაბეისტებს“?!

„პანდორას ყუთი“ გაიხსნა!

„რინგიც“ მზადაა და „არენაც“ – მელიასტები და ხაბეისტები – რაღაცნაირად „ლამაზად“ და „მომხიბვლელად“ ჟღერს.

აბა რა, „ისტები“ აუცილებელია, მით უმეტეს, ახლა, როცა „ნაცმო“ თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება.

პირველად საქართველოში! იქამდე, ვიდრე ხელისუფლება 2024 წლიდან (და არა 2024 წელს, თავის გამოსვლაში კობახიძეს ეს „დეტალი“ არ ჩაუზუსტებია) ელექრონულ არჩევნებს ჩაატარებს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასწრებს და იქნება პირველი პარტია, რომელიც საქართველოსთვის ახალ საარჩევნო ტექნოლოგიას „ანდობს“ პარტიის თავმჯდომარის სკამზე მოსაკალათებელი პარტმუშაკის ბედს.

არა! მთლად ასეც არაა. 2020 წელს პარტიამ ნიკა მელია ელექტრონული კენჭისყრით აირჩია, მაგრამ რა იყო 2 წლის წინ, დღეს ვინმეს, მელიას გარდა, აინტერესებს?

ამ შიდაპარტიული აბრაკადაბრას დროს ამოტივტივებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ „ახალ სახეს“, ბაჩო დოლიძეს თუ დავუჯერებთ,“ პროცესი სწრაფად წარიმართება და არა ნაჩქარევად“  (რაოდენ დიდი სიბრძნე დევს ამ ფრაზაში. ყოჩაღ, ამხანაგო, ბაჩო), რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს არჩევნებში, მაგრამ „რაღაც სახის ფილტრი“ აუცილებელია. მოკლედ, ბევრი და გაფილტრულიო, – „წერეთელმა დაიბარა“.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების მონაცემებს თუ დავუჯერებთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს 523 127 ამომრჩეველი. არავინ დავობს, „ნაცების“ მომხრეები არ უშინდებიან „ადიდებული მდინარეების“ გადალახვას, „უდაბნოს ხვატს“ და როგორც ერთი, ყველა არჩევნებზე მიდის.

დოლიძე მელიასტია, მელია – თავისტი და თუ „გარეშე ძალას“, თაკო ჩარკვიანს დავუჯერებთ,  „მთავარი ოპოზიციური პარტიის“ ჩამომქცეველი. სააკაშვილის „მთავარ ჩეკისტს“, სოსო თოფურიძეს თუ დავეყრდნობით მელია ყველაზე ძვირადღირებული პარტიული ბოსია, რომლის  „შენახვა პარტიას 1 471 000 ლარი უჯდება“.

ფული იქით იყოს, „სალხინეთში“ „ხმლით შემოვარდნილი“ სოსო თოფურიძე „ვინ ვის მართავს“ აი, ამ „ფორმატში“, ერთ-ერთ თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს: „დღეს, როდესაც საქართველოს საპყრობილეში დატყვევებულია პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სასჯელს იხდიან პოლიტპატიმრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათი წელი იძულებით გადახვეწილი ვიმყოფებით დევნილობაში! ამ დროს მე, იოსებ თოფურიძეს, პოლიტდევნილს, პოლიტიკური ნიშნით დაუსწრებლად გასამართლებულს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლს 1996 წლიდან, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დეპუტატები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მთელი მსოფლიოს გასაგონად, მომიწოდებენ საქართველოში დაბრუნებას და პროკურატურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას, ქექავენ ჩემს წარსულ საქმიანობას, მაბრალებენ არ ჩადენილ დანაშაულს!!! რას ემსახურება თქვენი – ოპოზიციური პარტიის ლიდერების, დეპუტატების, აშკარად რუსული პროპაგანდა, კრემლის საამებელი, უპასუხისმგებლო განცხადებები?!

ღმერთო, რამდენს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა! სულ ვირთხები და ვირთხები!

ვირთხებზე გამახსენდა, ნაცმოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნებსაც „გაგებით მოეკიდება“ ერი და „შენი ხმა მჭირდება, შენი – არა“-საც, „როცა პარტია ითხოვს“ და „როცა პარტიას სჭირდება“ ჯანდაბას დემოკრატია და თანასწორობა, მაგრამ, აი, რა მეთოდით უნდა გაფილტრონ 523 127 ამომრჩეველი? „პუტინის და ივანიშვილის ტყვე“ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ადვოკატს თუ დავუჯერებთ, უკვე ლამის 50-მდე დაავადების მატარებელია, მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ანალიზითაა დაკავებული, წინასწარმეტყველებას წინასწარმეტყველებაზე „აცხობს“ და ქართულ პოლიტიკას ჩამოცილდა. „ნაცმოს სახეები“ არ მალავენ, რომ 523 127 ამომრჩევლიდან დიდი უმეტესობა პარტიას სააკაშვილის გამო უჭერს მხარს. ჰოდა, თუ სააკაშვილი არ ერევა საქმეში, ამომრჩეველი, აი, ის დიდი უმრავლესობა, არჩევნებში მონაწილე საერთო ამომრჩევლის დაახლოებით 27%-ი, რას იზამს?

2020 წელს, როცა ნიკა მელიამ გრიგოლ ვაშაძე ჩაანაცვლა 20 779 ამომრჩეველმა დაუჭირა მას მხარი. მაგრამ მაშინ ნიკას მიშა-ც უჭერდა მხარს, ახლა მიშა „არ ერევა“.

ამიტომ „ჩაერთო“ საქმეში ფილტრი, დოლიძეს თუ დავუჯერებთ „რომ მანიპულაციები არ იყოს“. 2020-ში პარტია თავის განცხადებაში აღნიშნავდა: „…ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით“…

„ყველაზე დიდ ოპოზიციურ“ პარტიას ბოტებმა და ტროლებმა რა უნდა დააკლონ, ეს დღემდე ერთუცნობიან განტოლებად რჩება. ესე იგი, ნაცმო ქვეცნობიერად აღიარებს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის მსურველმა რომელიმე კანდიდატმა, ტროლების და ბოტების იმედად შეიძლება იყაროს კენჭი? საინტერესოა, არა?

2021 წელს ანზორ მელია ამბობდა: „რა დროს არჩევნებია, ან რა დროს ტრაურია, როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი, რა დროს ეს არის“. 2022 წლის ბოლოს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო რომ დამძიმდა, ამის შესახებ ექიმი მელია არაფერს ამბობს და არც შიდა პარტიულ არჩევნებს „იწუნებს“.

ამ მასკარადის ჯოკერი მაინც ლევან ხაბეიშვილია. ჯერ იყო და, ხელები გაასავსავა, რაის თავმჯდომარეობაო და უცებ, გაოცებული დატოვა ყველა და ყველაფერი.

გაოცება იქით იყოს და, ყველაზე საინტერესო მაინც ის ხალხია, ვინც ხაბეიშვილს „უმშვენებდნენ“ გვერდს პრესკონფერენციაზე. სააკაშვილის „ძველი გვარდიის“ ერთი, „დამრტყმელი“ ნაწილი ხაბეს გვერდითაა. მეორე ნაწილი მელიას. სხვები რა მოსატანია, მით უმეტეს, რომ გიორგი ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. ჩალაძეს სხვა მისია დააკისრა „განგებამ“: „იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close