პოლიტიკა

ადამიანებს თათბირზე ველოდებოდით და ვხედავთ, ბრიფინგს ატარებენ – დოლიძე ხაბეიშვილის შესახებ

ჩუმად, აბსოლუტურად არავინ რომ არ ველოდით, ნაწილ ადამიანებს თათბირზე ველოდებოდით და ვხედავთ, ბრიფინგს ატარებენ, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად გასაკვირი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ იყო ეს ქმედება მათთან შეთანხმებული, რატომ გაიმართა ასე დაუგეგმავი ბრიფინგი ბიბლიოთეკაში წინა კვირას და რა ინტერესი შეიძლება, ყოფილიყო ამ გეგმის მიღმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ყველაფერი ფორსირებულად მოხდა.

მისი თქმით, ყველაფრის ნიკა მელიასთვის გადაბრალების მიღმა შესაძლოა, ბევრი ადამიანის ინტერესი იკვეთებოდეს.

„მე პირადად არ მჯერა, რომ რამდენიმე ადამიანმა, ჩვენმა მეგობრებმა სხვადასხვა რაიონიდან ერთ დღეში, ერთ საღამოს გადაწყვიტა ერთ ადგილას შეკრება და იმ განცხადების გაკეთება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მე მაინც მგონია, რომ ეს პროცესი იყო ფორსირებული და ბევრ კითხვას აჩენს, ვინმე ხომ არ დგას ამ პროცესების უკან“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესში არ უნდა დაიკარგოს პარტიის მთავარი სამიზნე, რეჟიმის ჩამოშორება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დახსნა ტყვეობიდან.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე სხვა კანდიდატურების გამოჩენას, ბაჩო დოლიძემ თქვა, რომ სხვა კანდიდატების ჩართვას არ ელოდება.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის მიღმა დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფაქტორს, რომ ისინი პარტიაში გავლენების აღდგენას ცდილობენ, რადგან სოსო თოფურიძის გააქტიურებაც და მისი მხრიდან ნიკა მელიას მწვავე კრიტიკა კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური გავლენების კონტექსტში განიხილება, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ სოსოს თოფურიძე საკუთარ სტატუსში ძალიან დეტალურად მიმოიხილავდა პარტიის ბიუჯეტს და თავისი გადმოსახედიდან ამ საქმეში საკმაოდ ჩახედული ჩანდა, რაც შემთხვევით არ ხდება.

„ვისთან მიდის საბოლოო ჯამში ეს კვანძები, არ დაიმალება და გამოჩნდება“, – განაცხადა დოლიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close