რეგიონები

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის „განკარგულება“ შეაჩერა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ დანიშვნის „განკარგულება“ შეაჩერა რუსეთთან კონსულტაციების დასრულებამდე. ამის შესახებ ნათქვამია გაგლოევის მიერ ხელმოწერილ „განკარგულებაში“ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ“.

ახალი „განკარგულების“ თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მომდევნო ინტეგრაციის ინიციატივას“, თუმცა გასცემს „განკარგულებას“, დაუყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები მოსკოვთან მომდევნო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსის შესახებ.

ხელმოწერილ ე.წ. განკარგულებაში გაგლოევი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ცალმხრივი გადაწყვეტა პრობლემების, რომლებიც ეხება რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

ამავე „განკარგულებით“ დამტკიცდა დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც რუსეთთან კონსულტაციებს გამართავს. მის შემადგენლობაში შედიან თავად ალან გაგლოევი, ასევე ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადთაევი, ე.წ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლექსია კოჩიევა, ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ემილია გაგიევა, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობის შემსრულებელი დმიტრი მედოევი, ე.წ. პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი.

​რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში 17 ივლისს იყო დანიშნული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close