საზოგადოება

„ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ „ფაიზერი“ საქართველოს ვაქცინას არ მისცემს“

ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს „ფაიზერი“ ვაქცინას არ მისცემს – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას: „რატომ მოაწოდებენ საქართველოს იმ ვაქცინას, რომელიც ღატაკი ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი“.

„საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს“ პლატფორმაზე, რომელსაც ხუთიდან შვიდ ვაქცინამდე ექნება. ეს ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება რეკომენდირებული. საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი „კოვაქს“ პლატფორმისთვის, რომ ამ ხუთი თუ შვიდი ვაქცინიდან ექნება არჩევის უფლება. „ფაიზერს“ არ უთქვამს უარი და ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს „ფაიზერი“ ვაქცინას არ მისცემს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერთან“, „მოდერნასთან“, „ასტრაზენეკასთა“, კიდევ სხვა კომპანიებთან, რომ საქართველომ, გარდა „კოვაქს“ ოპლატფორმისა, ასევე პირდაპირ, ბილატერალური მოლაპარაკებებით მიიღოს ვაქცინა. ზუსტი თარიღი არ არსებობს.

ევროპის წამლის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ასევე, ვიცით, რომ დამტკიცების ეტაპზეა და ალბათ, იანვრის შუა რიცხვებში დამტკიცდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ასევე, რამდენიმე ვაქცინის განაცხადია გაკეთებული. ჩვენ ყველა ამ კომპანიასთან და კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოებთან ჩვენი ქვეყანა მუშაობს, რათა საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე იქნას ხელმისაწვდომი  ვაქცინა.  „კოვაქს“ პლატფორმით ჩვენ გვაქვს მილიონ ოთხასი ათას დოზაზე ხელშეკრულება გაფორმებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა საქართველოში. მისივე თქმით, სწორედ მისგან შეიტყო, რომ წლის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე რამდენიმე ვაქცინის გამოყენებას მისცემს დასტურს.

„იცით, დღეს საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე. მას ჰქონდა მაღალი დონის შეხედრები და ხვალ დილით მიემგზავრება უკან. მისი ინფორმაციიდან მოგაწვდით, რომ დაახლოებით ამ წლის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მისცემს დასტურს რამდენიმე ვაქცინის გამოყენებას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close