მსოფლიო

„ნოიე ცურხერ ცაიტუნგი“: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ უკრაინას ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ ომის დასრულების გეგმა წარუდგინა, თუმცა კიევმა გეგმა უარყო

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ უკრაინას ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ ომის დასრულების გეგმა წარუდგინა, თუმცა კიევმა გეგმა უარყო. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა „ნოიე ცურხერ ცაიტუნგი“ წერს.

„ნოიე ცურხერ ცაიტუნგის“ ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს დაავალა, შეემოწმებინა უკრაინისა და რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ბერნსმა უკრაინის ტერიტორიების სანაცვლოდ ომის დასრულება შესთავაზა. გამოცემა წერს, რომ ბერნსმა კიევს შესთავაზა „მშვიდობა მიწის სანაცვლოდ“, მოსკოვს კი – „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ.“  მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი, რომელიც დაახლოებით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს ემთხვევა.

გამოცემის ინფორმაციით, კიევში უკრაინის ტერიტორიის დათმობაზე უარი თქვეს, მოსკოვში კი გრძელვადიან პერსპექტივაში ომის მოგების იმედი აქვთ. „ნოიე ცურხერ ცაიტუნგი“ აღნიშნავს, რომ ასეთი გეგმის უარყოფა შეიძლება ყოფილიყო უკრაინის დასავლური ტანკებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილების მიზეზი. გამოცემის ცნობით, სწორედ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა დათმობა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის დაჟინებულ მოთხოვნაზე და გადაწყვიტა, უკრაინისთვის მიეწოდებინა „აბრამსის“ ტიპის საბრძოლო ტანკები. „ნოიე ცურხერ ცაიტუნგი“ აღნიშნავს, რომ სწორედ ამან განბლოკა ბერლინის პოზიცია უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გაკეთდა თეთრ სახლში. „ნიუსვიქთან“ საუბრისას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის მოადგილემ, შონ დევითმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის მეხუთედის დათმობა შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ნოიე ცურხერ ცაიტუნგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ზუსტი არ არის“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close