Sliderსაზოგადოება

“ნამახვანჰესი” საქართველოს არც ენერგოდამოუკიდებლობას და არც დაბალ ტარიფს მოუტანდა” – თემურ ჭიჭინაძე

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება, – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა განცხადება:

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”.

ეს მოხდა 22 სექტემბერს, რამდენიმე თვით ადრე, 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ყოფნისას, მედიასთან საუბარისას განაცხადა:

„მემკვიდრეობით დამხვდა ეს პროექტი, ეს პრობლემა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ეს პროექტი ახლა არის და ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორებს ველაპარაკებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებისთვის“.

ENKA Renewables-ის გადაწყვეტილებამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჰესის მშენებლობას აპტოტესტებდა არაფრთოვანა, მეორე ნაწილი კი ენერგოდამოუკიდებლობის საფრთხეებზე და ქვეყნის მოსალოდნელ ჩაბნელებაზე ალაპარაკდა.

„ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ არა ისეთი კაბალური ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც სახელმწიფოს ENKA Renewables-თან ჰქონდა გაფორმებული“, – „პროგრესიუსთან“ საუბრისას აცხადებს  ენერგეტიკოსი , საქ-ს  ენერგეტიკის აკადემიის  წევრი    თემურ ჭიჭინაძე.

_ არ ვიცი რამ გამოიწვია ENKA Renewables-ის ნაუცფათევი გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ ნამოხვანჰესი არ აშენდება, მისასალმებელია. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. ამ კომპანიის საქართველოში შემოსვლაც დაუშვებელი იყო და მათთან ასეთი  ტიპის ხელშეკრულების გაფორმება, მითუმეტეს.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს, თებერვლის თვეში მსოფლიო ბანკმა დადო ოფიციალური დასკვნა, სადაც საუბარია როგორც ფისკალურ დანახარჯებზე, ასევე ტარიფებზეც. მოგვიანებით, ქართულმა მხარემ დასკვნა სამუშაო დოკუმენტად გამოაცხადა, თუმცა ყველამ და მათ შორის, მთავრობამ შესანიშნავად იცოდა, რომ ეს არო მხოლოდ სამუშაო დოკუმენტი. აქ იყო საუბარი ტერიფების ზრდაზე, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ძალზედ მტკივნეული თემაა. მეტიც, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ხელისუფლებას მოუმაზადა ჰიდროელექტროსადგურების განვითარების გეგმა, რაც მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას გულისხმობს. ეს არის დაბალ დანახარჯიანი პროექტი და შესაბამისად, აუცილებლად განსახორციელებელი.

_ ნამახვანჰეი არაა ისეთი სიმძლავრის, როგორც ენგურჰესი.
_ დიახ, ასეა, მაგრამ აქ არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. მოდით რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დეტალი განვიხილოთ:

ENKA Renewables-ს 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კმ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ.მ. ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტში, აღნაგობის უფლებით 99 წლის ვადით წლიურ 16 ლარად გადაეცა 2 372 409 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445 245 კვ.მ. ტყე. ტყის მასივის გადაცემა, აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მაგრამ გადასცეს. ამის გარდა რიონის კალაპოტის გარკვეული ნაწილი, ასევე წიაღისეული, რომელიც ამ ტერიტორიაზეა. ამ ხელსეკრულებით სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდდა 6.2 ცენტად ელექტრო ენერგიას. რომელიც, ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდებოდა. და  მოსხლებას სერიოზულად  დააწვებოდა. ხელშეკრულებაში ბურუსით მოცული ჩანაწერია: ხელისუფლება ვალდებულია ENKA Renewables-ს 1 ლარად გადასცეს „სხვა საჭირო მიწის ნაკვეთები“, საჭიროებას თავად კომპანია ადგენს. მითითებულია „საჭირო მიწის ნაკვეთების“ არეალი – რიონის ხეობა, რაჭა-ლეჩხუმი და იმერეთი. ფაქტიურად, ნახევარი საქართველო. ყველა შესაძლო ბიზნესრისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითაა დაზღვეული. კომპანიას შეეძლო რიონის გარდა მისი შენაკადები, ცხენისწყალიც კი გამოეყენებია, თუ რამ წიაღისეულია ამ ტერიტორიაზე, ლიცენზიის გარეშე შეეძლო მოეპოვებინა და 15 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ,  ვალდებული არ იყო ენერგია საქართველოში გაეყიდა. სრულიად ლეგიტიმური კითხვა მაქვს, ვისთვის შენდებოდა ნამახვანჰესი? ზიანი ჩვენ უნდა აგვენაზღაურებინა, ჩვენი წიაღისეული ლიცენზიის გარეშე შეუზღუდავად უნდა აეთვისებინათ და კიდევ ბევრი სხვა რაც ვთქვით და – არა. აი, რა მოგება რჩებოდა საქართველოს, ამიხსნის ვინმე?

_ ენერგოდამოუკიდებლობის მომენტიცაა აქ.

_ ამ პირობებით, რაზედაც ვისაუბრეთ? დიახ, ამბობენ, რომ საქართველო დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყანაზე, რომელიც ნებისმიერ დროს გამორთავს   „рубильник“-ს.

პირველი: ხელისუფლების დაქირავებული ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ჰესების აშენება სასიცოცხლოდ ესაჭიროება ქვეყანას, რაც ენერგოდეფიციტს აღმოფხვრის. როგორია რეალობა: 2013 წლიდან მრავალი ჰესი აშენდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ახალაშენებული ჰესების წლიური გამომუშავება მილიარდი კილოვატით გაიზარდა და ძველი ჰესების გამომუშავებაც ამდენივეთი შემცირდა. ესე იგი, მიუხედავად მშენებლობისა ძველი და ახალი ჰესების ჯამური გამომუშავება გაზრდის ნაცვლად, ერთ ადგილს ტკეპნის. ისმის ბუნებრივი კითხვა – რატომ? მითუმეტეს, რომ ახალი ჰესების მშენებლობა ბანკის სესხებით ხდება.

სადავო არაა, ჰესი ზამთრის პერიოდში ბევრად 2-5- ჯერ ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ზაფხულში. სამაგიეროდ ზაფხულში გვაქვს ენერგიის სიჭარბე. რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი: არ ვიცი ვინ გადაწყვიტა ხელისუფლებაში, მაგრამ ფაქტია – ძველ ჰესებს, რომელთა გამომუშავებილ ენერგიას დაბალი თვითღირებულება აქვს, ან აჩერებენ, ან ნაკლები დატვირთვით ამუშავენებენ, რის გამოც მათი წლიური გამომუშავება მცირდება, ახალი ჰესების „ინვესტორები“ კი ძვირადღირებულ ენერგიას ყიდიან, ამით ისინი „ჩადებულ“ „ინვესტიციებს“ იბრუნებენ და მოგებაზე გადიან. როცა კითხულობენ ლარი რატომ უფასურდება, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები, რომელიც რეალურ ფასთან შედარებით დიდია, „ინვესტორებს“ ქვეყნიდან გააქვთ.

მეორე: როცა ვსაუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს არა აქვს თავისი  არც ნავთობი, არც გაზი! ამიტომ კვირაში ერთხელ რომ აშენდეს ქვეყანაში ჰესი, ენერგოდამოუკიდებლები მაინც ვერ გავხდებით.

მესამე: 90-იანი წლებიდან დღემდე ენგურჰესის გამომუშავებული ენერგია გადის აფხაზეთში. 90-იათიან წლებში შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც ეხებოდა ენგურჰესის და ვარდნილჰესის ენერგიის გადანაწილებას 60%-40%-ზე. რეალურად კი2015 წლიდან პროპორცია სულ იცვლებოდა.  არა ჩვენს სასარგებლოდ; 2019-ში 51%. 2020 წელს 1456 მილიონი კვტ. ენერგია იქნაშემოტანილი  მეზობელი ქვეყნებიდან საიდანაც 1222 მლნ.კვტ. აფხაზეთს მივაწოდეთ  საქართველოს 77%!!! სახელმწიფომ გადაიხადა 60 მილიონი დოლარი და აფხაზეთის არაღიარებულ ხელისუფლებას აჩუქა.

_ ენგურჰესზე რემონტი მიდის…

ენგურჰესი

_ დიახ, მაგრამ აქ სხვა დეტალიცაა. სულ  ორიოდ წლის წინ სრულიად აფხაზეთი მოიხმარდა იმდენივე ენერგიას, რასაც თბილისი. ამ დროს თბილისის მოსახლეობა 6-ჯერ აღემატება აფხაზეთის მოსახლეობას! მაგრამ აფხაზეთი ამ ბოლო პერიოდში  თბილისზე და წინა წლებში მოხმარებული ენერგიის სამჯერ მეტს მოიხმარს. ეს ხდება იმ დროს, როცა აფხაზეთში თითქმის ყველა საწარმო გაჩერებულია. სამაგიეროდ ჰყვავის კრიპტოვალუტის ბიზნესი, რასაც დიდი ელ.ენერგია სჭირდება და იხარჯება უფასოდ მიწოდებული ენერგია. ამ ფონზე თქმა იმისა, რომ საჭიროა ახალი ჰესების მშენებლობა, რამდენად გამართლებულია საზოგადოებამ გადაწყვიტოს.

_ დავუბრუნდეთ „ნამახვანჰესს“, აქციების შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ არსებობს ხელშეკრულება, რომლის დარღვევამაც საქართველოს სულ ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. სხვა საკითხია ჯარიმა…

_ როგორც ვთქვი, ეს იყო ზედმეტად გაუმართლებელი ხელშეკრულება, რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ადგილობრივების დასაქმებასაც კი არ ითვალისწინებდა. ეს ხდება იმ დროს, როცა ზემოთ ჩამოთვლილი სხვა პირობებისა, ფორს-მაჟორული გარემოებისას ყველა ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურებას სახელმწიფო იღებს თავზე, რაშიც შედის ნებისმიერი განცხადება, რომელიც მშენებლობის საწინააღმდეგოა, მათ შორის, აქციებიც, რაც თავის მხრივ მშენებლობას შეაფერხებს. დღეს ფაქტია ის, რომ მდინარე რიონის 32 კილომეტრიანი სივრცე 99 წლით კომპანიის საკუთრებად ითვლება. ახლა რაც ეხება ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიღებულ ზიანს. საუბარია 400 მილიონ დოლარზე, რასაც ემატება მიწის ის ნაკვეთები, რომელიც კომპანიამ მოსახლეობისაგან შეიძინა, ასევე ის მიწები, რომელიც სახელმწიფომ გადასცა და ამ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოსაპოვებლად კომპანიას ლიცენზია არ სჭირდება. დავანებოთ თავი ეკოლოგიას, ეკოლოგიურად სუფთა არც გზის გაყვანა და ასფალტის დაგებაა, მაგრამ ის, კონკრეტული ხელშეკრულება ჩემი  პირადი  აზრით  არის სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი.

სამწუხაროდ, ჩვენივე სამშობლოში იმ ტერიტორიაზე, რომელიც დარჩა კომპანიას, ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების საშუალებაც კი არ ექნება. ამ მიწებზე კომპანიას საკუთარი მოსახლეობის დასახლება შეუძლია, გარდა იმისა რომ ბუნებრივი სიმდიდრე გავა ქვეყნიდან. ტყის მასივის მათი შეხედულებისამებრ გამოყენება შეუძლიათ. ხელშეკრულების თანახმად სახელმწიფო კომპანიის მიერ  მოჭრილი ხის დასაწყოებაზეც იღებდა ვალდებულებას!!!წყლის  უკმარისობის პერიოდში ,სახელმწიფო იღებდა  ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას!!!.

_ ესე იგი, გამოდის, რომ მშენებლები არ გვყოლია და მუშახელის ნაკლებობასაც განვიცდით.

_ ენგურჰესი მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობად ითვლება – ის ქართველების აშენებულია. ზაჰესი,ჟინვალჰესი, რიონჰესი ვისი აშენებულია?  ქართველების, ხომ!  რამდენი ჰიდროსადგური  აქვთ ქართველ სპეციალისტებს  მსოფლიოში?!  ახსოვს  ვინმეს?  არცერთი  ქართული  კომპანია  არ  ოპერირებს  ენერგეტიკაში!  რატომ? ის, კი არა ვინც იყო ისინიც  გააძევეს  ბაზრიდან!   სესხით  განხორციელებული ინვესტიცია,  რომელზეც  სახელმწიფოა პასუხისმგებელი ყოვლად მიუღებელია.  არავითარი შეღავათი, არავითარი ინტერესი ქვეყნისთვის, მოსახლებისთვის  ამ პროექტში არ იყო. ტარიფის შესახებ უკვე მოგახსენეთ.

_ ნათია თურნავა აცხადებდა, ამ მიწებს ინვესტორი თან ვერ წაიღებს.

_ დიახ, დიახ და ახლა, როცა შეჩერდა მშენებლობა,  რატომღაც მისი კომენტარი არ მინახავს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველა დოკუმენტაციის გასაჯაროვება არ ხდება, კონკრეტული ხელშეკრულებაც ხომ დამალული იყო. ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც ამ კუთხით არის გაფორმებული, ადევს ნოღაიდელის „ხელი“. სწორედ ნოღაიდელმა  მისი  პრემიორობის  ეს  შემოიღო სისტემა. რომელიც თავიდან „თელასთან“ მიმართებაში დაუშვა, შემდეგ კი სხვებზეც გავრცელდა. დოკუმენტაციის გამოთხოვისას კომპანიები გეუბნებიან, რომ ეს არის კონფიდენციალური. როგორ შეიძლება ეს? ნოღაიდელის შემდეგ ბევრი მოვიდა და წავიდა, თუმცა ეს სისტემა არავინ დაშალა, პირიქით, უფრო ჩაიკეტა სივრცე. რიგით მოქალაქეს კი არა, დეპუტატებს უმალავენ.

კიდევ გავიმეორებ, ძალიან აქტიური გახდა ტერმინი ენერგოდამოუკიდებლობა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებით ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები: არა გვაქვს გაზი, ნავთობი, მარტო ჰესებით იქნები დამოუკიდებელი?  ქვეყნის  უსაფრთხოებაა  მთავარი  საზრუნავი, კიდევ გავიმეორებ – რასაც ამ პროექტით გვთავაზობდნენ, ქვეყნისთვის არც ენერგოდამოუკიდებელობის და არც სხვა შეღავათების მომტანი იყო.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close