პოლიტიკა

„მოვუწოდებთ მეგობარ ქვეყნებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეაფასონ ნაცმოძრაობის მოწოდება“

„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა დავითულიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის მოწოდებას გამოეხმაურა –  „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას” მხარდამჭერი“.

„გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მათ მიერ ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათი პარტიის გეგმა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითაც შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ბლოკირება და ხელის შეშლა. დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით, ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეს დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იმავეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას. მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება. თუ, თავისი არსითა და ხასიათით, ეს ამ ჩარჩოს არ გასცდება, მაინც ანტიდემოკრატიული ქმედებაა, რადგან ხალხს, რომელსაც წელიწადში ერთი დღე აქვს, რომ გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, არ მისცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ხელი შეუშალონ და ეს, ავტომატურად, ნიშნავს, რომ ისინი ძალადობრივი გზით ცდილობენ, ხალხს არჩევანის უფლება წაართვან და მიიტაცონ ხელისუფლება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close