საზოგადოება

„მინდა, ყველამ იცოდეს, თუ როგორ სწირავდა თავს სამშობლოს დაცვას აფხაზეთში ერთი ჩვეულებრივი სომეხი ბიჭი…“

სამხედრო ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე სოციალურ ქსელში წერს:

„კიდევ ერთი ბიჭი, კიდევ ერთი მეომარი წავიდა ამ ქვეყნიდან უდროოდ. ბიჭს ვამბობ, რადგან ომის შემდეგ ამ ბიჭებს ასაკი აღარ მომატებიათ. იმ ტრაგიკულ წარსულში დარჩნენ, იმ ტკივილთან და უბედურებასთან. ასე მეგონა, დღევანდელი დღეც 1993 წლის გაგრძელება იყო, უფრო ზუსტად – წარსულში დაბრუნება. დღესაც, როგორც მაშინ, გარდაცვლილი მეომრის მთავარი ჭირისუფლები და პატრონები თანამებრძოლები იყვნენ. დღეს “დე-შე-ბე”-ლი “ფიქსა”, გარიკ გასპარიანი, ჩვენი ბიჭების ზეციურ ლაშქარს შეუერთდა. სულ 56 წელი იცოცხლა. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, მაგრამ წაგებული ომის ტვირთი ყველაფერზე მძიმე აღმოჩნდა, ვეღარ ზიდა და ძირს დაენარცხა. მიწა ყველაზე გულმხურვალე აღმოჩნდა მათთვის 27 წლის განმავლობაში. მხოლოდ მიწა უღებს ფართოდ კარს ამ ბიჭებს და გულში იკრავს ყველასგან მიტოვებულებს. მე ეს დღეს მთელი სიცხადით ვიგრძენი. ვეღარ გაუძლო, თუმცა მკვდარსაც დაუმარცხებლის სახე ჰქონდა. სწორედ ისეთი, როგორც ტამიშში, როდესაც დაზვერვაზე კი არ მიდიოდა, და მიფრინავდა. ვუყურებდი ბრძოლის ველზე და სიცოცხლეზე ფიქრის მრცხვენოდა, მაგრამ სიკვდილზე ფიქრიც უადგილოდ მეჩვენებოდა, რადგანაც მისი შემართული გამომეტყველებიდან იმედი ჩემამდე მზის სხივზე უსწრაფესაფ აღწევდა.
სულ სხვა იყო ბრძოლის ველზე. სულ სხვა იყო აქ, მშვიდობიან გარემოში. “პერემერიაზე” გამოსული დაზვერვის ბიჭებთან ერთად ვნახე რუსთაველზე. უბრალო ჩამოვლას კი არა, ფილმის ეპიზოდს უფრო ჰგავდა. მიმოვიხედე, მის გვერდით ყველა რიგითი გამვლელი ჭიაღუად მეჩვენებოდა. ცეცხლი ომიდან გამოჰყოლოდა. ომის შემდეგ კი ისიც ჩვეულებრივი ბიჭი გახდა, უენო, უპრეტენზიო, მოკრძალებული… წლების წინ “დე-შე-ბე”-ლებზე შეგროვებული ვიდეოჩანაწერები გადმომცა. ასე უხმოდ ეფერებოდა თავის ბიჭებს. სულ თავჩაღუნული დადიოდა, ასე მგონია, სიცოცხლისაც რცხვენოდა.
წავიდა ასე უხმაუროდ კიდევ ერთი უსახელო მეომარი. გამორჩეულად მეც არასოდეს დამიწერია “ფიქსაზე”, გული არ დაგწყდეს, მაინც არაფერს მოგიყვებოდაო, დათომ (ჩეჩენამ) მითხრა. მე კი არ მინდა, კუბოზე მიწის გრუხუნის შეწყვეტასთან ერთად დამთავრდეს მისი სიცოცხლე. მინდა, უკვდავი იყოს, მინდა, ყველამ იცოდეს, თუ როგორ სწირავდა თავს სამშობლოს დაცვას აფხაზეთში ერთი ჩვეულებრივი სომეხი ბიჭი…
იმ ქვეყნად შეხვედრამდე, გარიკ“ – წერს აირა მიქატაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close