პოლიტიკა

„მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზებისკენ მოვუწოდო ამომრჩეველს, რათა ქუთაისი არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში“

მეორე ტურში გამარჯვება არ იქნება ჩვენთვის არავითარი პრობლემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

წულუკიანმა ქუთაისში ამომრჩეველს მეორე ტურისთვის მობილიზებისკენ მოუწოდა.

„მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზებისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რათა ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, ქართული კულტურის აკვანი და ძალიან ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში. ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არამხოლოდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მეორე ტურში გამარჯვება არ იქნება არავითარი პრობლემა.

„თუმცა, რა თქმა უნდა, გულზე ხელდაკრეფილები არ ვიქნებით და ვიმუშავებთ ჩვენს კანდიდატებთან ერთად იქ, სადაც არის საჭირო. მაგალითად, იმ შესანიშნავი კანდიდატის მხარდასაჭერად, როგორიც რუსთავს არასოდეს ჰყოლია. დაე, ნურავის ეწყინება და რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში სამწუხაროდ იშვიათობად ქცეული ქალი კანდიდატი, ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. ასევე ზუგდიდში, ასევე ქუთაისზე მოგახსენეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ. მეორე ტურში გამარჯვება არ იქნება ჩვენთვის არავითარი პრობლემა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close