მსოფლიო

“მივმართავ მათ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა – ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივივწყებთ, ჩვენ გიპოვნით და გაზღვევინებთ“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეციალური მიმართვა გააკეთა, რომელიც ქაბულში მომხდარ თავდასხმას ეხებოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა ტერორისტული დაჯგუფება, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იმოქმედებს.

აფეთქებების შემდეგ, თავის პირველ საჯარო მიმართვაში, პრეზიდენტმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ ის “მუდმივ კავშირშია სამხედრო ლიდერებთან” ქაბულში. ბაიდენის თქმით, ამერიკელებისა და ავღანელი მოკავშირეების მიმდინარე ევაკუაცია “არ შეფერხდება ტერორისტების გამო”.

“მივმართავ მათ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა და მათაც, ვისაც სურს ამერიკას ავნოს: ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივივწყებთ, ჩვენ გიპოვნით და გაზღვევინებთ. მე დავიცავ ჩვენი ხალხის ინტერესებს ნებისმიერი საჭირო ბრძანების გაცემით”,- თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარს “საზარელი თავდასხმა” უწოდა და თქვა, რომ თუ საჭირო გახდება, ადგილზე დამატებით სამხედრო ძალას გააგზავნის.

სპეციალური მიმართვის დროს, რომელიც პრეზიდენტმა გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად, წუთიერი დუმილით დაიწყო, ბაიდენმა თქვა: “მე ვუბრძანე ჩვენს მთავარსარდლებს შეუტიონ “ისლამური სახელმწიფოს” აქტივებს. ჩვენი საპასუხო ქმედება იქნება ისეთი სიზუსტის, იმ დროს და ისეთ ადგილას, რასაც ჩვენ ავირჩევთ… რაც უნდა იცოდეთ ისაა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ”.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იცავს თავის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის შესახებ. მისი თქმით, ეს “უკიდურესად საშიში მისია იყო”. ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკა ეცდება 31 აგვისტოს შემდეგაც, არსებული სიტუაციის მიხედვით, ავღანეთიდან გამოიყვანოს ისინი, ვისაც ამის სურვილი ექნება.

ქაბულის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. პენტაგონი ამ დროისთვის 12 ამერიკელი სამხედროს გარდაცვალებას ადასტურებს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, “სიტუაცია ადგილზე მუდმივად იცვლება”, ამიტომ შესაძლოა ეს მონაცემებიც შეიცვალოს.

დაღუპულთა შორის არიან ავღანელებიც, რომლებიც ჰამიდ კარზაის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და აეროპორტში შესვლას ცდილობდნენ. პენტაგონის ინფორმაციით, დაღუპულია, მინიმუმ 90 ავღანელი.

ქაბულის აეროპორტში აფეთქება, წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, დეტალები შესაძლოა შეიცვალოს.

თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერ, ჯონ კირბის, განცხადებით, ეს „კომპლექსური თავდასხმის შედეგი იყო, რასაც შედეგად შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა“.

„ამერიკის ხმა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close