საზოგადოება

„მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი“ – ომბუდსმენი და მეუფე ნინოწმინდის პანსიონში ერთად ჩავლენ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რა დროსაც ნინოწმინდის პანსიონში ერთობლივად ჩასვლა გადაწყდა

„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგნლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ შესვლას – განაცხადა ლომჯარიამ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მათ შორის საუბარი გულღია და გულითადი იყო.

“ჩვენ აბსოლუტურად გულღია და გულითადი საუბარი გვქონდა. მიმოვიხილეთ პრობლემები და შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში. შეხვედრის დროს პრეტენზიები არ ყოფილა, აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი. უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი დაძაბული სიტუაცია,”- განაცხადა ბოდელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close