საზოგადოება

“მარეგულირებელმა კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ” – ადვოკატი

მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა

მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს. ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.

საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ვიდეორგოლი მოძრაობა სირცხვილიამ განათავსა მთავარი არხის ეთერში. სირცხვილიაში ამბობენ, რომ მათი ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

ასევე, ჯარიმა დააწესეს კიდევ ერთი კლიპის გამოც,  რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.

“არც ვიცით რაზე დაგვაჯარიმა. ხვალაც შეიძლება, რაიმე ახალი მოიგონონ და უარესად დაგვაჯარიმონ, ან საერთოდ, შეგვიჩერონ მაუწყებლობის უფლება. ეს არის გაცხადებული ცენზურა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო აქტივისტების თავისუფლების შეზღუდვა, პირდაპირი განაცხადია, რომ ხორცილდება პუტინის პოლიტიკა მედიის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი ამბავი, – აცხადებს თამთა მურადაშვილი ფორმულასთან საუბარში.

ადვოკატის თქმით, კომისიამ დაასკვნა, თითქოს მთავარმა არხმა პოლიტიკური რეკლამა განათავსა არასაარჩევნო დროს.

“თავადაც ადასტურებენ, რომ კონკრეტული კანონის მუხლი არ არსებობს. აკეთებენ საკუთარ ინტერპრეტაციებს, რას თვლიან პოლიტიკურ რეკლამად”, – ამბობს მურადაშვილი. იგი ამატებს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია აუცილებლად გაასაჩივრებს.

კომისიის იურისტმა, თამარ ხუხნიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი არხი აქამდეც დაჯარიმდა, რასაც პრევენციული ხასიათი არ ჰქონდა.

“იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სანქციის მიზანი, მიზანშეწონილია, რომ სანქციის სახით გამოყენებული იყოს ჯარიმის ზედა ზღვარი, ვინაიდან ერთხელ მას მსგავსი დარღვევისთვის დაეკისრა 2500 ლარი, რამაც პრევენციული ხასიათი არ და ვერ იქონია, რის შემდეგაც [შემოსავლის] 1-პროცენტიანი ჯარიმის ოდენობით დასანქცირდა კომპანია”, – თქვა მან.

იურისტ ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ არჩევნები გადააგორა და ახლა “გადამწყვეტი” შეტევის დროა – უნდა განადგურდეს კრიტიკული აზრი.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მთავარ არხს უთხრა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არასაარჩევნო პერიოდში გაუშვიო და ამისთვის 111 000 ლარით დააჯარიმა. ჯერ რამდენად სწორად გადაწყვიტა სამართალდარღვევის საკითხი ერთია, მაგრამ სულ რომ მართლები ყოფილიყვნენ, 10 000-ითაც შეეძლო, მაგრამ არა, 111 000 ლარით დააჯარიმა. რატომ იცით? იმიტომ, რომ არჩევნები გადააგორეს. თითქმის ყველა პროცესი გადატეხეს და ახლა, გადამწყვეტი შეტევის დროა. უნდა განადგურდეს კრიტიკული აზრი. კარგად იციან, რომ ესეც გაუვათ, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ერთი შეხედვით არ გაუვიდოდათ, რომ გვეგონა”, – წერს ის ფეისბუქის გვერდზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close