სამართალი

„ლექსო ლაშქარავას სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რომელიც ლეტალობისთვის საკმარისია“ – ალექსანდრე დარახველიძე

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გვაქვს მონაცემები, რომელშიც მითითებულია, რომ ლექსო ლაშქარავას სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რომელიც ლეტალობისთვის საკმარისია“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „შაბათის ქრონიკაში“ საუბრისას.

„საქმეში დევს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ეს არის ბიოლოგიურ მასალაში კონკრეტული ნარკოტიკის რა შემცველობა იყო, სწორედ ეს არის გაწერილი ექსპერტიზის დასკვნაში. რა თქმა უნდა, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება, გაეცნოს. მათ დაქირავებული ჰყავთ დამოუკიდებელი ექსპერტი თავისი ინტერესების დასაცავად და მასაც აქვს საშუალება გაეცნოს ექსპერტიზის დასკვნას. აქ საუბარია კონკრეტული ნარკოტიკების შემცველობაზე, რომელიც დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, არის ლეტალობის გამომწვევი. კონკრეტულად რამ გამოიწვია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, იყო თუ არა ეს ზედოზირების შედეგი, თუ იყო სხვა ფაქტორებით გამოწვეული, ექსპერტიზა გრძელდება, საბოლოო დასკვნა დაიწერება, თუმცა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გვაქვს მონაცემები, რომელშიც მითითებულია, რომ მის სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რაც ლეტალობისთვის საკმარისია“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 5 ივლისს ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close