საზოგადოება

კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა – გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ექიმების დიაგნოზს არ ეთანხმება

ბათუმში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას  ოჯახის წევრები გამორიცხავენ 12 წლის ბავშვის კორონავირუსით ინფიცირებას. აცხადებენ, რომ ბავშვს კლინიკაში გადაყვანამდე ტემპერატურა არ აღენიშნება, ჰქონდა მომატებული აზოტი. ასევე აცხადებენ, რომ​ რეანომობილს არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა. მოზარდს ესაჭიროებოდა ჟანგბადი და მიწოდება დროულად არ მოხდა.

”დაახლოებით ღამის ორის ნახევარი იყო, შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა მოსთხოვეს და ნახევარი ჰქონდათ გადასხმული, უკვე სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი აზოტი ჰქონდა მაღალი. კლინიკა, რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.

კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო, რომ ამბობენ ეგ აწყობთ მაგათ. არავის არ აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო”, – უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბაბუამ.

12 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა თამარ ბახტაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მოზარდი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა ცხელება და ქრონიკული დაავადება. ის მალევე გადაიყვანეს თბილისში. ბახტაძის თქმით, ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

„ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. გუშინ ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა 12 წლის გოგო მძიმე მდგომარეობაში. კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ქრონიკული მძიმე დაავადების გამო დიალეზის ჩატარება ესაჭიროებოდა. დარღვეული იყო კლინიკურ ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, პასპორტირების გამო პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან გარდაიცვალა“, – განაცხადა თამარ ბახტაძემ.

მისი თქმით, მოზარდს, კლინიკაში შემოსვლისას სხვადასხვა სისტემის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა წამყვანი დაავადება იყო ქრონიკული დაავდება, რომელიც პერიოდულად სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. „დიალეზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება, ბავშვს მძიმე ფონური დაავადება ჰქონდა. შიდა სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close