პოლიტიკა

კახა კალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლება ინვესტორებთან ერთად რომ მოგვეხდინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით, რაც ქალაქს გაანადგურებდა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობისა და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, საბურთალოს რაიონში იმყოფებოდნენ, სადაც ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირონ ავთანდილ ცინცაძის კანდიდატურას, რადგან დედაქალაქის საკრებულოს სწორედ მისნაირი კომპეტენტური ადამიანები სჭირდება.

„ავთოსნაირი კომპეტენტური ადამიანები გვჭირდება დედაქალაქის საკრებულოში. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რომ საკრებულოში უმრავლესობით ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ვემსახუროთ თბილისს და კიდევ უფრო კარგი პროექტები განვახორციელოთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

ამასთან, კახა კალაძემ ადგილობრივებთან შეხვედრაზე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.

„ზოგ სახლს ავარიულობის ისეთი ხარისხი აქვს, რომ სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი ოჯახები ქირით გვყავს გაყვანილი და ამაში მილიონებს ვხარჯავთ. ასევე, უამრავი თანხა იხარჯება მსგავსი სახლების გამაგრების სამუშაოებზე. თუმცა გამაგრებიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს თანხები წყალში გადაყრილია. ბევრი ვეცადეთ, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებაც, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს 16-17 სართულიანი შენობის აშენებას. მათიც მესმის, რადგან ბიზნესს სხვა ინტერესი აქვს. თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 000-მდე ცათამბჯენი გაჩნდეს. ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ უკანასკნელი ოთხი წელია მათ მხარდაჭერას გრძნობს და მათ მომავალშიც თანადგომისკენ მოუწოდა.

„სანამ რაიმე პროექტს დავიწყებთ, იმ პრიორიტეტებს ვითვალისწინებთ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზა. ეს არამხოლოდ ვაშლიჯვრის, არამედ მთელი ქალაქისთვის განტვირთავს მოძრაობას. ზოგადად ვაშლიჯვარი მჭიდრო დასახლებაა. სადაც კი პატარა ხელჩასაჭიდი გვექნება, იქ აუცილებლად მოვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეს“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა, სარაჯიშვილის ქ. 31-ში შედგა, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორია 2020 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. ვინაიდან, ვაშლიჯვრის დასახლება მჭიდროდ განაშენიანებულია, დღის წესრიგში დგას გამწვანებული ტერიტორიის აუცილებლობის საკითხი. აქედან გამომდინარე, შედგა შეთანხმება და ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადასცა ეს ტერიტორია. შედეგად, აღნიშნულ ადგილას (15 000 კვ.მ) გაშენდება პარკი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე, როგორც ვაშლიჯვრის, ასევე, სოფელი დიღმის მცხოვრებთათვის.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე ასევე, იმყოფებოდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close