საზოგადოება

ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და რომან შამათავა სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობენ

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო ​კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავაც შიმშილობს.

მის გარდა, რუსთავის მე-12 საპატიმროში შიმშილობს კიდევ 2 პატიმარი – გიორგი ცააძე და კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა. ისინი ექსპრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ.

ტვ “ფორმულასთან” ირაკლი ფირცხალავას ცოლი აცხადებს, რომ  მისი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გართულდა, უჭირს სიარული, თუმცა, უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე და ამბობს, რომ შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ შიმშილობს სააკაშვილი.

“სოლიდარობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და რა თქმა უნდა, თავის პროტესტსაც გამოხატავს იმის გამო, რაც მას დააკისრეს – სრულიად შეუფერებელი სასჯელი. არის მხოლოდ წყალზე. დაუვარდა სისხლში შაქრის დონე. ექიმებმა შესთავაზეს დახმარება, რაზეც უარს ამბობს. ადვოკატი შევიდა და ნახა – პრაქტიკულად ვერ დადის, მოძრაობა და ლაპარაკი უჭირს”. – ამბობს ირაკლი ფირცხალავას ცოლი.

ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე არიან ცნობილი. 2015 წელს მათ სასამართლომ 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

12-წლიან სასჯელს იხდის რომან შამათავაც, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, 2008 წლის 16 აგვისტოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა დავით ცინდელიანს, შემდეგ ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო. ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო. პროკურატურის ინფორმაციით, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ცინდელიანს და ქარდავას “აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close