საზოგადოება

“მეუფეო, ხომ არ მეშლება, სააკაშვილი ის კაცი ხომაა, ვის დროსაც ქრისტესმიერი სიყვარულით დაანგრიეს ტაძარი ბათუმში?”

ღია წერილი შემოქმედელ მიტროპოლიტს, მეუფე იოსებს

ღია წერილი შემოქმედელ მიტროპოლიტს, მეუფე იოსებს
თქვენო უსამღვდელოესობავ (თუ როგორც არის), მოდით, დავიწყებ ჩემი ამბიდან და ბოლოს კითხვასაც დაგისვამთ.
მე 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამიტეხეს სკაიპი, ნახეს ჩემი პირადი მიმოწერა (ბოლოს ეს მიმოწერა თავისსავე გაზეთ “პრაიმ ტაიმში” გამოაქვეყნეს) და გათავისუფლების ბრძანებაში, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდაო, ჩამიწერეს. მომაკერეს ინფორმაციების გამყიდველის იარლიყი, ჩემი დედობის გამო დასაჯეს დედაჩემიც, დამემუქრნენ ძმის დაჭერით, მომიგზავნეს მოყურადედ და მოენედ მეზობელი…
მეუფეო, ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: პატიებაზე რომ აკეთებთ აქცენტს მიშას მხარდასაჭერ თქვენსავე მიმართვაში, მე რატომ არ მაპატია ნაციონალურმა მოძრაობამ ის მიმოწერა? რატომ ვერ მაპატია? ისე, სიმართლე თუ გინდათ, უარს ვიტყოდი მათგან შეწყალებაზე, მაგრამ საკუთარ მოძღვარს მომხდარზე რომ მოვუყევი, რა გალაპარაკებდა მერეო, ასე მიპასუხა და ახლა ვხვდები, აი, ის მოძღვარიც და თქვენც ქოთანს ყურს თქვენი გემოვნების მიხედვით რომ აბამთ…
ალბათ, დიდი კადნიერებაა ჩემი მხრიდან, მაგრამ ხმამაღლა გეტყვით, რომ ქვას პირველი მე ვესვრი მიხეილ სააკაშვილს, რადგან დიახაც, მასზე უცოდველი ვარ და ჩემ ხელებზე სისხლის კვალი არაა.
ისე, საინტერესოა, რა 50 პროცენტზე საუბრობთ? პეტიციას ხელი 50 პროცენტმა მოაწერა? მომიტევეთ და ასე ვინ გაგაბრიყვათ ამხელა კაცი? იყოს ცოდვა ეს წინადადება, ავიტან როგორმე. არადა, მართლა ვინ გატყუებთ ასე, საინტერესოა.
50 პროცენტი კი არა, ხელი ვინც მოაწერა, იმთავითვე მიშას მომხრეა ყველა და თქვენც, მათ შორის, თორემ დაგიწერეთ პოსტზედაც და ახლაც იმავეს დავწერ: არ მახსენდება ასეთი შემართებით დაგეცვათ რომელიმე მოკლულის დედა ან ცოლი ან შვილი და აპატიეთო, გეთხოვათ ვინმეს გამო რომელიმე ნაციონალისთვის. არ მახსენდება თქვენი სახალხო მიმართვა, მაგალითად, გურამ შარაძის მკვლელობის გამო, სერგო თეთრაძის მკვლელობის გამო, არც ბადრი პატარკაციშვილის და არც ზურაბ ჟვანიას გამო… თუ ვცდები, მაშინ შემახსენეთ მსგავსი ტექსტები…
ქრისტესმიერი სიყვარული?
მეუფეო, ხომ არ მეშლება, სააკაშვილი ის კაცი ხომაა, ვის დროსაც ქრისტესმიერი სიყვარულით დაანგრიეს ტაძარი ბათუმში? ქრისტესმიერი სიყვარულით “ბეტეერებით” მიადგნენ გლდანის ეკლესიას? ქრისტესმიერი სიყვარულით გამოყარეს დევნილები თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინიდან? ქრისტესმიერი სიყვარულით ჩაცხრილეს აფრასიძეები? ქრისტესმიერი სიყვარულით განაცხადა, ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო?
არ მითხრათ ახლა, მიშა არ აკეთებდა ამასო. რომ გეკითხათ მომხრეებისთვის, არც ჰიტლერს და არც სტალინს არ ჰყავდათ უშუალოდ მოკლული ვინმე და მაინც პირსისხლიანი დიქტატორები არიან და მაინც მსოფლიოს ყველაზე დიდი სირცხვილია ფაშიზმი და კომუნიზმი!!! დიქტატურას კი გამართლება არა აქვს, მეუფეო!!!
პირველ პრეზიდენტს რომ ახსენებთ, არ გრცხვენიათ? განა თქვენ არ მიიყვანეთ ეს ჭეშმარიტად ეროვნული კაცი უმძიმეს მდგომარეობამდე? თქვენ, ანუ სამღვდელოებამ, ინტელიგენციამ. იცით, რომ მაშინაც ასე გარიცხეს ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან, ასე შეაგროვეს ხელმოწერები ბოლოს, რაც სამოქალაქო ომის საბაბიც გახდა. და იმ ომის შედეგებს ვიმკით დღესაც. არ გეშინიათ? ომისკენ გვიბიძგებთ? ქრისტესმიერი სიყვარულით?
ისე, როგორ ბედავთ მაინც ეს დაუნდობელი სადისტი შეადაროთ კაცს, რომელიც წერდა:
“ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი”….
ადამიანის სული თვალების გარდა ყველაზე უკეთ ფრაზებში ჩანს, მეუფეო და შეადარეთ აბა, ერთი მხრივ, “ყველანი ციხეში” და მეორე მხრივ “ბნელში მყოფთ კვლავაც ავუნთოთ კვარი”… განსხვავება დიდია, ხომ? იმედია, დამეთანხმებით.
იქ ზემოთ, ის ბიჭები არ ვახსენე, რომლებსაც ხშირი ხსენება უწევთ, მიზეზთა გამო, მომერიდა მათი სულების შეწუხება, მაგრამ დედა კი მინდა შეგახსენოთ, შავოსანი დედა, ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი, მაშინ მომკლესო, რომ ბღაოდა და ეს სიტყვებიც რომ არასოდეს დაგვავიწყდება: ირინა ენუქიძე გახსოვთ, მეუფეო? ეს ქალი ამ დღეებში ყველა წამს მახსენებს თავს, თქვენ? და იმ ტექსტს რომ წერდით, მხოლოდ მიშას ხატება გედგათ თვალწინ???
ასეც არ ვარგა მთლად კაცის შეყვარება, მეუფეო. ასე ფანატიკურად მე დედაჩემსაც არ ვუყვარვარ. უხერხულია და იმიტომ… არაა ბრმა სიყვარული, სიყვარულის სიბრმავე იმის მოგონილია, ვინც მისი ჭეშმარიტი არსი არ იცის, თავისუფლებისა არ იყოს. პირიქით, სიყვარული ყველაზე უკეთ ხედვაა, სულში ხედვაა, ხოლო თავისუფლება საკუთარ სურვილებსა და ტკივილებზე ამაღლებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, სააკაშვილის ადგილას პირადად მე, ციხეში ყოფნას ვარჩევდი, რადგან ყველა დიდი ადამიანი ციხიდან ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარულით გულანთებული და ჭეშმარიტად თავისუფალი გამოვიდა, ვერ გატეხა შიმშილმა, ციხემ, მარტოობამ, გადასახლებამ. რაღა შორს წავიდეთ, სამაგალითოდ მერაბ კოსტავაც კმარა!!! მაგრამ აბა, სად გმირი და სად ეს მშიშარა არარაობა, თურმე ცოოოტათი რომ გაფერმკრთალებულა… ფაღარათიც ხომ არა აქვს, გეცოდინებათ თქვენ…
წესით, ქვა უნდა დაიდოს ბალიშის მაგივრად, ცივ იატაკზე უნდა იწვეს და საკუთარი სინდისი გადაიფაროს,ლოცვა უნდა გააასმაგოს და ჭამაზე არც იფიქროს. წესით, უნდა იმარტვილოს, თუ მართლა შენდობა უნდა, მაგრამ თურმე არაფერში ცნობს თავს დამნაშავედ და მოვინდომე მეც აქ ცახესისაგან გმირის დაბადება…
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც რომ თავზე გვახევს მთელ მოაზროვნე კაცობრიობას, ესეც ეტყობა უნიჭო კომედიის ნაწილია, კომედიისა, რომელსაც თავისუფლება მიშას ჰქვია და რომელსაც თქვენც, კიდევ ერთხელ მომიტევეთ და ძალიან უნიჭოდ შეუერთდით.
რა შეგიძლიათ მიპასუხოთ, ალბათ, მხოლოდ ანათემას გადამცეთ, გადაცემული ვარ უკვე, თქვენნაირი მეუფე რომ მყავს, ვაღიარებ. დიდი დავითი თქვენნაირებს კრეჭდა სწორედ… როგორებს და სახელმწიფო საქმეებში ზედმეტად ჩარევა რომ უყვარდათ, ისეთებს!!!
სააკაშვილს ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოს მიერ აქვს უკვე მისჯილი სამ საქმეზე, ახლა ჯერი ჩვენ მართლმსაჯულებაზეა და პატივი ეცით სასამართლო მართლმსაჯულებას!
ჰო, კიდევ, ამ პეტიციით, მასზე ხელმოწერითა და თქვენი მიმართვითაც პირადად მე დამიდასტურეთ, რომ ეკლესიაში სააკაშვილის აგენტურა მოქმედებს კიდევ და რომ პატრიარქი ამ აგენტურის მზაკვრულ ჩანაფიქრს ბევრჯერ მართლა ღვთის წყალობით გადაურჩა…
მე დავასრულე…
დანარჩენი უფალს და მართლმსაჯულებას მივანდოთ. სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო და წყდება კიდევაც, მგონი, ოღონდ ისე არ მინდა, ამ გაწყვეტამ კიდევ ერთხელ ამიტკივოს საქართველო!!!
სააკაშვილი დამნაშავეა, მეუფეო. დამნაშავეებისთვის ციხე და კანონი არსებობს. მადლობა უთხრას უფალს, რომ დღევანდელ ციხეში უწევს ყოფნა და არა თავისი დროის საპატიმროში, თორემ როგორი ფერმკრთალიც იქნებოდა, ვნახავდით!!!
სიყვარული კი, სიყვარული უდანაშაულოთა სისხლზე არ ხარობს, არც ასე მარტვია!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,
ნინიკო მშვიდობაძე
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close