მსოფლიო

თუ უკრაინა ომს წააგებს, შეიცვლება არა მარტო უკრაინის, არამედ ევროკავშირის, ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრები და ეს არ იქნება დასასრული – პოიარი

ვლადიმერ პუტინი აკეთებს იმას, რასაც დაგვიპირდა – ის ბევრს საუბრობდა ოცნებებზე საკუთარ გამოსვლებში და ამას კრემლში შესვლის დღიდან აკეთებდა. ვლადიმერ პუტინი ოცნებობდა საბჭოთა კავშირის, საბჭოთა იმპერიის აღდგენაზე. პუტინს არ სურს მოსწავლეებს სასკოლო ისტორიული წიგნებიდან მასზე, როგორც გორბაჩოვზე უყვებოდნენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ტომაშ პოიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინს სურს ისე იგონებდნენ, როგორც იოსებ სტალინს.

„რუსეთთან გვაქვს სისტემური პრობლემა. რუსეთმა არ იცის, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. ბოლო ათწლეულებია რუსეთის მიერ საზღვრების ცვლილების სურვილი გაიზარდა, რაც დაძაბულობას ზრდის და უსაფრთხოების გარემოს ცვლის. ჩვენ უნდა წინ აღუდგეთ საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით ცვლილებას და ვიყოთ მტკიცე.

ჩვენ უნდა მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად,ფინანსურად და სამხედრო კუთხით. თუ ჩვენ არ დავეხმარებით უკრაინას და თუ ის ამ ომს წააგებს, მაშინ შეიცვლება არა მარტო უკრაინის, არამედ ევროკავშირის, ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრები და ეს არ იქნება დასასრული. ეს არ იქნება ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი, რადგან პუტინის მიზანი, ოცნება ცენტრალურ ევროპამდე მისვლაა. უკრაინელები ევროპისთვის იბრძვიან და ეს არის ბრძოლა საერთაშორისი წესრიგის დასაცავად.

უკვე უნდა დავიწყოთ უკრაინის რეკონსტრუქცია და შევადგინოთ უკრაინის აღმშენებლობის გეგმა. სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას ვეხმარებით, მაგრამ შეგვეძლო უფრო მეტი გაგვეკეთებინა. შეგვეძლო მეტი, უფრო სწრაფად და უკეთესი იარაღი მიგვეწოდებინა, მაგრამ ვინ წარმოდგენდა 2022 წლის იანვარში, რომ ევროკავშირი უკრაინას ორგანიზაციის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ იარაღს გაუგზავნიდა და ეს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოხდებოდა? ეს მოხდა. მე ვამაყობ ამით და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ინდივიდუალურად და კოლექტიურად შევძელით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გრძელვადიან პერიოდში უკრაინის დახმარება. ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის და ამას ვაკეთებთ ევროპის უსაფრთხო მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის. უკრაინამ უნდა მიიღოს იარაღი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის მოგების შემდეგაც. უკრაინას უნდა მივაწოდოთ იარაღი მშვიდობის დროსაც. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინის შეირაღებულ ძალებს ახლა, მომავალშიც და გავაკეთოთ ეს იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება კრემლში, რათა მოსკოვმა ისევ არ მოინდომოს უკრაინაზე შეტევის განხორციელება“, – განაცხადა პოიარმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close