საზოგადოება

„თუ სუნთქვის სიხშირე წუთში 24-ს გადასცდება, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ” – რას ურჩევს ექიმი კოვიდინფიცირებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ?

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, თამარ ჟამურაშვილმატვ პირველის ეთერში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას გასცა პასუხი და ქართველ მაყურებელს საგულისხმო რჩევებიც მისცა.
“ინფიცირებულთა 80%-ში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ამ პაციენტებს სჭირდებათ მხოლოდ იზოლირება, კონტაქტებთან დაკავშირება, რომ ისინიც გადავიდნენ იზოლაციაში, სჭირდება სითხის დიდი რაოდენობა, პარაცეტამოლი, თუ ტემპერატურა იქნება 38,5-ზე მაღალი. ყველას ტესტირება აუცილებელი სულაც არ არის, მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით დაისმება დიაგნოზი.
შინ მყოფმა პაციენტებმა უნდა აკონტროლოთ საკუთარი სუნთქვის სიხშირე. თუ წუთში 20-ზე ნაკლებია, საფრთხე არ გემუქრებათ, წუთში 24-ს თუ

გადასცდება, ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეთ. კარგი იქნება, თუ გაკონტროლდება ჟანგბადის შემცველობა სისხლში, რაც თითზე წამოსაცმელი პატარა აპარატების მეშვეობით ხდება. არ ღირს ძვირი და თბილისშიც იყიდება. ამ მკურნალობის ჩატარება ბინაზე სავსებით შესაძლებელია, ამიტომ ასეთმა პაციენტებმა კლინიკაში საწოლი არ უნდა დააკავონ, ეს ადგილები უნდა დარჩეთ მძიმე ფორმებს, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებულნი არიან, ინტრავენური გადასხმა სჭირდებათ და დაიღუპებიან ამის გარეშე” – განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.

ის კოვიდინფექციის სამკურნალო საშუალებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დექსამეტაზონი საკმაოდ ეფექტურია, თუ სწორ დროს დაინიშნება.
“დექსამეტაზონი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი სწორი დანიშვნა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი საწყის ფაზაში, პირველივე კვირაში მიღება, როცა ჯერ კიდევ ვირუსის რეპლიკაცია, გამრავლება მიმდინარეობს. უნდა ვიცოდეთ კოვიდის პათომექანიზმი და

მისი ფაზები. თუდექსამეტაზონის  რეპლიკაციის ფაზაში ჩაერთვება, ის უფრო გაახანგრძლივებს ამ ფაზას და შესაბამისად, გაახანგრძლივებს დაავადების მიმდინარეობას. დექსამეტაზონით ვთრგუნავთ ორგანიზმის იმუნურ პასუხს. ეს იმუნური პასუხი კი მე-8-მე-9 დღიდან იწყება. თუ დექსამეტაზონს სწორად გამოვიყენებთ, მისი მიღება ამბულატოლრიულადაც შეიძლება ექიმის დანიშნულებით.
იგივე შემიძლია ვთქვა ანტიბიოტიკებზე. პაციენტთა 80-დან 79%-ს ანტიბიოტიკი არ სჭირდება, ამით ვერ უმკურნალებთ ვირუსს და უფრო დაგაზარალებთ. პაციენტებს ვთხოვთ, ნუ მოითხოვთ ტომოგრაფიის ჩატარებას, ეს მხოლოდ დასხივებაა თქვენთვის და არანაირ შედეგს არ გაძლევთ. ის პნევმონია, რაც კოვიდის შემთხვევაში ფიქსირდება, არის ვირუსისგან გამოწვეული და ამ დროს ანტიბიოტიკი არ გჭირდებათ. კოვიდის ყველა მსუბუქ ფორმას აქვს ფილტვის ცვლილებები, ამისთვის ეს დასხივება, უბრალოდ, არაფერში გჭირდებათ” – განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.

ექიმი საქართველოში ვირუსის მიმართ არსებულ განწყობასაც გამოეხმაურა.
“ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, ვისაც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ნურც დაიჯერებთ, ეს თქვენი მიდგომა და თქვენი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც სჯერა და ვინც დაიღუპება ამ ვირუსით. ამიტომ ნუ დაიჯერებთ, მაგრამ შეასრულეთ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო და მსოფლიო გთავაზობთ. პირბადე და მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია აუცილებელია. ის დროა, როცა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. თუ ციფრების რაოდენობა ასე სწრაფად გაგრძელდება, დეკემბერში ჩვენ უკვე დაგვიდგება საკითხი, ვისი ინტუბაცია გავაკეთოთ და ვისი – არა. ნუ დაგვაყენებთ ექიმებს ამის წინაშე, ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. თუ არ დაგვეხმარებით, დეკემბერში გვექნება სიტუაცია, როცა მძიმე პაციენტი დარჩება ამბულატორიულად და ვერ მიიღებს საჭირო დახმარებას” – აღნიშნა მან. კითხვაზე, ინფიცირებულთა რა რაოდენობას უნდას მოჰყვეს ე.წ. “ლოქდაუნი”, თამარ ჟამურაშვილმა ასე უპასუხა:
“თუ ინფიცირების შემთხვევები 100 ათს მოსახლეზე 50-ს გადასცდება, ეს ლოქდაუნის ინდიკაციაა, მაგრამ საქართველოს მეორე ლოქდაუნი ძალიან დააზარალებს, ადამიანებს სახლში დაჯდომა პურის ფულს მოუსპობს და ეს საშინელ ქაოსს გამოიწვევს, ამიტომ წესების შესრულება აუცილებელია”.
მშობლები. ჯი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close