საზოგადოება

„თუ მინისტრი მართლა ივანიშვილის ახლობელია, თავად უნდა გადადგეს, იმდენი უხერხულობა შექმნა“

ჩვენი ჯანდაცვის სისტემას დანარჩენი სახელმწიფოს(მოქალაქეების, ეპიდემიელოგების, ხელისუფლების) მიერ მოგებული დრო უკეთ უნდა გამოეყენებინა! – სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს.

„ამ ერთხელაც დავწერ
1. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემას იმდენი დაფინანსება, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქვს, არ ჰქონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. ამის წყალობით გადარჩა ბევრი ადამიანი, დარგმაც ამოისუნთქა და სახელმწიფოც ჩვენიანად გავიცანით.
2. ამ გადაუდებელი აუცილებლობისა და გონზე მოსვლის შემდეგ თანდათან უნდა დაგვეწყო ამ სისტემების უკეთ მართვა – პირველადი ჯანდაცვის მოწესრიგება, მომსახურების გაუმჯობესება, ჩვენი საერთო ფულის მეტად ეფექტიანად და ეფექტურად ხარჯვა და აშ.
3. მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ამ თანამდებობაზე პოლიტიკური მენეჯმენტის ცოდნა აუცილებელია. და ეს უნდა დავამკვიდროთ როგორღაც.
4. როცა ბახტაძემ წარმოგვიდგინა ჯანმინისტრი, მას არ ვიცნობდით, როგორც სხვა ბევრ მინისტრს აქამდე. ფაქტია, ვერ გაამართლა. ეს კოვიდამდეც გამოჩნდა, უკუღმა და კომუნიკაციის გარეშე დაწყებული რეფორმით. ეპიდემისას არ მოამზადა სისტემა სათანადოდ, ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებდნენ ამ ციფრების შესახებ. არ დაუჯერა პროფესიონალებს.
5. პოლიტიკა ვერ არსებობს კომუნიკაციის გარეშე, არ კეთდება სტერილურ ლაბორატორიაში. საზოგადოებასთან ურთიერთობა პოლიტიკის ნახევარია, მეორე ნახევარი იდეა და მართვაა.
p.s. ამბობენ, ჯანმინისტრი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელია. თუ ის მართლა ახლობელია, თავად უნდა გადადგეს, იმდენი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულობა შექმნა საკუთარი არაადეკვატური ამბიციების გამო. ასე სჯობს მისთვისაც და საქმისთვისაც.
p.p.s. პანდემიასთან გამკლავება უჭირთ სისტემურ და განვითარებულ ქვეყნებს. ამიტომ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას დანარჩენი სახელმწიფოს(მოქალაქეების, ეპიდემიელოგების, ხელისუფლების) მიერ მოგებული დრო უკეთ უნდა გამოეყენებინა!“ – წერს სოფიო ხორგუანი.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების118 690 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 98 781 გამოჯანმრთელდა, 1 124 კი, გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close