რეგიონები

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ჯიქი (ლეოპარდი) დააფიქსირა

12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ ჯიქი კვლავ საქართველოშია!

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ჯიქი (ლეოპარდი) დააფიქსირა –  ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ნაკრესი“ ავრცელებს.

„ჯიქი კვლავ საქართველოშია! 12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, „ნაკრესის“ კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში.

ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) ა.წ. აგვისტოში გადაღებული ფოტო დღეს აღმოვაჩინეთ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი.

„ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა. როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით“, – აცხადებენ „ნაკრესში“.

ცნობისთვის, ჯიქი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად ითვლება. 1954 წლიდან, როცა საგურამოს ქედზე ლეოპარდი მოკლეს და ცხოველის საქართველოში არსებობის ფაქტი აღარ დასტურდებოდა. 2004 წელს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მისი ნაკვალევი იპოვეს და მალევე „ნაკრესის“ ფოტოხაფანგმაც დააფიქსირა. ამის შემდეგ ლეოპარდი კვლავ გაუჩინარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close