სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან 20 წლის პატიმარი გაიქცა, რომელიც ქურდობის ბრალდებით 4 დღის წინ დააკავეს.

„როგორ უნდა გაიქცეს წარმოდგენა არ მაქვს, თვითონ ხომ არ გაუშვეს, აბა რანაირად უნდა გაიქცეს. დღე და ღამე ვფიქრობ ბავშვი სად არის, რა მოუვიდა. დაიკარგა ბავშვი ვეღარ ვპოულობ”,- აცხადებს გაქცეული პატიმრის ოჯახის წევრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

“მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე – სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე”, – განაცხადეს პროკურატურაში.

უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიებას – პოლიციელების მიერ გულგრილობის მიმართულებით პროკურატურა, პატიმრის გაქცევის კუთხით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

არსებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა.

ძაგანიშვილის ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close