საზოგადოება

„ეს ლიკას ცხოვრებაში უკანასკნელი გადაღება იყო “ – რას იხსენებს ცნობილი ფოტოხელოვანი?

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელ ფოტოგადაღებას იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„როდესაც ეკამ მითხრა , რომ ლიკა ქავჟარაძე უნდა გადამეღო შიშმა ამიტანა, ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო ჩემთვის.
როგორც იტალიელებს ყავთ მონიკა, ფრანგებს – კატრინ დენევი და გერმანელებს რომი შნაიდერი, ისეა ქართველებისთვის ლიკა ქავჟარაძე. იგი ქართული სილამაზის – შეუდარებელი ეტალონი იყო, არის და იქნება. ამას მკვეთრად ვაცნობიერებდი და მორალურად ვემზადებოდი.
როცა მოვიდა მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა.
მე კი მინდოდა თავი დედოფლად ეგრძნო, ეგრძნო როგორ უყვარს მთელ ქვეყანას, ეგრძნო რომ ვარდია ხელუხლებელი, ეგრძნო რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია . მოწიწებით ვექცეოდი, ფრთხილად ვუღებდი, ვეჩურჩულებოდი თითქმის.ეს მისდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მალაპარაკებდა ჩუმად.ყველამ იცის როგორი ვარ გადასაღებ მოედანზე, ერთხელ ვინც დასწრებია ჩემ გადაღებებს იცის რა მკაცრიც ვარ, როგორ ამყავს კონტროლზე მოდელები, როგორ მეცვლება ხმის ტემბრი და ვხდები ცივი და საშიში.მაგრამ აქ , ვერ გავბედე, დავპატარავდი, ხმა გამიქრა და ჩუმად ვიღებდი. ჩემს წინაშე ქალღმერთი იდგა, ეს ლიკა იყო ქავჟარაძე- აი ის გოგო ვირზე რო შემოსვა საზოგადოებამ, ტალახს რო ასხავდა წვიმაში და მაინც უღმერთოდ ლამაზი რომ იყო.ეს ის ლიკა იყო გვირილებში რო დარბოდა კახი კავსაძესთან ერთად, პეპლების საჭერით, დაუვიწყარი ღიმილით რო იღიმოდა ეკრანებიდან, ეს ის ლიკაა მდინარეში კაბით და ნაწნავით რო დგას და აუტანლად ლამაზი სხეულით რო ცეკვავს, ეს ის ლიკაა- მარიტა! მეუბნებოდა ჩემი ტვინი , როცა კამერაში მასზე ფოკუსს ვასწორებდი.
ლიკამ ალბათ იგრძნო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, ნელნელა ხასიათზე მოვიდა, სიცილი დაიწყო, მიყურებდა და იპრანჭებოდა, აკეკლუცდა, გაიხსნა!
ერთ-ერთი კაბის ჩაცმისას მოულოდნელოდ შემოტრიალდა და მითხრა:
-მარი, მადლობა.იცი მივხვდი რო ძალიან მომნატრებია გადაღება.მომინდა რო ვინმე რეჟისორმა კინოში გადამიღოს.არ იღებენ ეხლა ფილმებს?
მკითხა და გადაიხარხარა.
არასოდეს დამავიწყდება ეს სიცილი.
ჩემს წინ მზე იდგა და ფართო სპექტრის სინათლეს ასხივებდა.
მე და ეკამ ერთმანეთს გადავხედეთ, მივხვდით რომ ლიკას არავინ ეძახდა კინო გადაღებებზე, მივხვდით რაც იყო მისი სევდიანობის მიზეზი, ჩუმად ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად ჩვენ გვრცხვენოდა…
სამწუხაროდ, ეს ლიკას ცხოვრებაში მისი უკანასკნელი გადაღება იყო “ – წერს მარი ნაკანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close