სხვადასხვა

დიანა დევისს და გლებ სმოლკინს რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ საქართველოს გუნდში ასპარეზობის უფლება მისცა

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ სპორტული ცეკვების დისციპლინის წყვილს, დიანა დევისს და გლებ სმოლკინს, უფლება მისცა საქართველოს გუნდში იასპარეზონ.

შეჯიბრებებში რუსეთის ფიგურისტების ახალი სტატუსით დაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს, და ეს, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირაში მოხდეს.

ISU-ის წესებით, სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად რუსეთის ფიგურისტები ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ ახალ ქვეყანაში და არ უნდა ასპარეზობდნენ რუსეთისთვის. დევისისა და სმოლკინის წყვილი რუსეთს წარმოადგენდა 2022 წელს, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მათ მე-14-ე ადგილი დაიკავეს. მას შემდეგ წყვილი აღარ გამოსულა რუსეთის სახელით.

დიანა დევისი არის ფიგურულ ციგურაობაში ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი. თუთბერიძე წვრთნიდა ოლიმპიურ ჩემპიონებს – იულია ლიპნიცკაიას, ალინა ზაგიტოვას, ანა შჩერბაკოვას და კამილა ვალიევას. ბოლო რვა წლის განმავლობაში რუსეთში ჩატარებულ ჩემპიონატებზე ქალთა ინდივიდუალური სრიალის დისციპლინაში ყველა გამარჯვებული თუთბერიძის საწვრთნელი ცენტრის მოწაფეები იყო.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ბევრმა სპორტულმა ასოციაციამ სანქციები დააკისრეს რუსეთსა და ბელარუსს – ამ ქვეყნების სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეუძლიათ, ზოგიერთი კი საერთოდ არ დაიშვება.

ამის გამო, საიმისოდ, რომ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ, რუსეთის ათობით სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა – მათ შორის არიან ევროპის სამგზის ჩემპიონი ცურვაში, ანასტასია კირპიჩნიკოვა, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი, ალექსანდრ კოსტენიუკი, ბევრ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ველომბრბოლელი, პაველ სივაკოვი.

რადიო თავისუფლება

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close