სხვადასხვა

დედაქალაქი გაიყო “გენეტიკურ თბილისელებად” და “ჩამოსულებად”, “ბრბოდ” და “ელიტად” – საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის დეკლარაციის პროექტი, 1992 წელი, 18 ივნისი

ეროვნული გვარდიის დისკრედიტაციით ქართველმა ახალგაზრდობამ გული აიცრუა ყველაზე წმინდათა წმინდა მოვალეობაზე - სამშობლოს დაცვაზე. ე. ი. მოხდა მომავალი თაობის ზნეობრივ-ფსიქოლოგიური დაკნინება. ვითომდა თავისუფალი ბაზრის პრინციპების დამკვიდრების მოტივით, ხდება საქართველოს სიმდიდრეების უცხოელთა კაპიტალზე გადაცემა ე. წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა ეკონომიკური ექსპანსიის ხელშეწყობაა, მოსახლეობის ფარული და აშკარა ძარცვა, რამაც რესპუბლიკის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილის უკიდურეს სიღატაკესი ჩააგდო. უკიდურესად შემცირდა შობადობა, მკვეთრად იმატა ახალშობილთა სიკვდილიანობამ და გაუარესდა მცირეწლოვანთა ჯანმრთელობა. კატასტროფულად გაიზარდა ნარკომანია, პროსტიტუცია. ყოველივე ამან გამოიწვია საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის მსურველთა რიცხვის ზრდა.

1992 წლის 18 ივნისს გაზეთში “ეროვნული ფრონტი” №1 დაიბეჭდა საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის დეკლარაციის პროექტი, რომელშიც აღნიშნული იყო:

“საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი იყო და კვლავაც იქნება იმ პოლიტიკური პროგრამის ერთგული, რომლითაც საქართველოს პოლიტიკურ ორგანიზაციათა საარჩევნო ბლოკი “მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველო” 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველ მრავალპარტიულ, საყოველთაო, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო” ჩამოშორებულ იქნა მმართველობას, დემოკრატიის ნიღბით ხელისუფლების სათავეში მოსული იმპერიული, ანტიეროვნული და კრიმინალური ძალები ცდილობენ მოსპონ ყოველივე ის, რაც ქართველმა ხალხმა მის მიერ არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებასთან ერთად მოიპოვა. ქვეყანაში დაისადგურა უკანონობამ და განუკითხაობამ. იდევნება ყველა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია “მრგვალ მაგიდასთან” და მის მხარდამჭერებთან, ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის 12 წევრი, მათ შორის, უზენაესი საბჭოს 9 დეპუტატი უკანონოდ იქნა დაპატიმრებული სხავდასხვა ვადით. რეპრესირებული და დევნილი არიან სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციათა წევრებიც, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, სტუდენტობა.

უკანონო ხელისუფლებამ მასობრივი დემონსტრაციებისა და მიტინგების დახვრეტით, რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობის დაუმორჩილებლობის გამო, ქართული ქალაქებისა და სოფლების “აღებითა” და დარბევით, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა.

“სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი დემოკრატ” ჟურნალისტთა აქტიური თანადგომით ერთმანეთს დაუპირისპირა არა მარტო საქართველოს რეგიონები, არამედ ოჯახები, მეზობლები, თანამშრომლები; დედაქალაქი გაყო “გენეტიკურ თბილისელებად” და “ჩამოსულებად”, “ბრბოდ” და “ელიტად”.

უკანონო ხელისუფლებამ უარი განაცხადა იმპერიული ჯარის გაყვანაზე. მოუხსნა მათ საოკუპაციო ჯარის სტატუსი. შემოიყვანა საქართველოში ახალი შენაერთები, დაასახლა და დაასაქმა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, გერმანიისა და რუსეთის საამებლად თანხმობა განაცხადა ევროპიდან გამოსაყვანი არმიების ოფიცერთა და მათი ოჯახის წევრთა საქართველოში დაფუძნებაზე. ფაქტობრივად ახალი ძალისხმევით გაანახლა კომუნისტური პერიოდის დემოგრაფიული ექსპანსია ე. წ. “თურქი მესხების”. კრასნოდარის მხარეში მცხოვრები “ხიმშილების”, გერმანელ რეპატრიანტთა ჩამოსახლების და მათ მიერ ადრე “ნაცხოვრებ ტერიტორიებზე” – მესხეთში, გონიოში, ქართლში – ახალი სახლების მშენებლობის განახლება.

ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს 9 აპრილის და საერთოდ ჭეშმარიტი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დისკრიმინაციას, რითაც სურს დათრგუნოს ქართველებში დამოუკიდებლობის, თავისუფლების იდეა. გეგმაზომიერად მიმდინარეობს ანტიეროვნული, კოსმოპოლიტური, “ინტერნაციონალური” იდეების ქადაგება, ქართველი ერის კავკასიელ ხალხებთან დაპირისპირება. პიროვნების თავისუფლების მოტივით ყოველნაირად უწყობენ ხელს ეროვნული ტრადიციების შემდგომ რღვევას. ცდილობენ ქართველს დაუკარგონ ეროვნული ღირსების გრძნობა, რის შედეგადაც ქართველმა გადალახა ქართველის მოკვლის ბარიერი.

კრიმინალების მიმართ ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში ჩამოყალიბდა დადებითი დამოკიდებულება და მათთან მიმბაძველობამ გამიწვია მრავალი დანაშაული. ეროვნული გვარდიის დისკრედიტაციით ქართველმა ახალგაზრდობამ გული აიცრუა ყველაზე წმინდათა წმინდა მოვალეობაზე – სამშობლოს დაცვაზე. ე. ი. მოხდა მომავალი თაობის ზნეობრივ-ფსიქოლოგიური დაკნინება. ვითომდა თავისუფალი ბაზრის პრინციპების დამკვიდრების მოტივით, ხდება საქართველოს სიმდიდრეების უცხოელთა კაპიტალზე გადაცემა ე. წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა ეკონომიკური ექსპანსიის ხელშეწყობაა, მოსახლეობის ფარული და აშკარა ძარცვა, რამაც რესპუბლიკის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილის უკიდურეს სიღატაკესი ჩააგდო. უკიდურესად შემცირდა შობადობა, მკვეთრად იმატა ახალშობილთა სიკვდილიანობამ და გაუარესდა მცირეწლოვანთა ჯანმრთელობა. კატასტროფულად გაიზარდა ნარკომანია, პროსტიტუცია. ყოველივე ამან გამოიწვია საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის მსურველთა რიცხვის ზრდა.

რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონსტიტუციის მოქმედების გაუქმებით ხელ-ფეხი გაუხსნეს აფხაზ და ოს სეპარატისტებს, რამაც უკიდურესად დაძაბა პოლიტიკური ვითარება, შექმნა აშკარა კონფრონტაციისა და ძმათამკვლელი ომის და საბოლოოდ -საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საშიშროება.

ქართველი ხალხის დაუკითხავად, მის ზურგს უკან ხდება საეჭვო პოლიტიკურ, და ეკონომიკურ გარიგებებზე ხელმოწერა, რამაც შეიძლება საბოლოოდ ამ თუ იმ ქვეყნის კაბალაში მოგვაქციოს. საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი რჩება რა თავის ძველ პრინციპებზე, აცხადებს: 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების უარყოფით უკანონო ხელისუფლებამ შეურაცხყო ქართველი ხალხის ნება, მისი მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა თავისუფლებისკენ, დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საერთაშორისო ნორმები.

საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი მოითხოვს: ა) შეწყდეს ქართული ეროვნული ტრადიციული ცხოვრების წესის რღვევა, ანტიეროვნული, კოსმოპოლიტური იდეების ქადაგება; ბ) შეწყდეს ერის ფიზიკური და სულიერი გენოციდი, რაც გამოიხატება: СНГ-ს ჯარების ტექნიკით ქართველთა მიტინგებისა და მანიფესტაციების დახვრეტაში; სხვაგვარად მოაზროვნეთა მასობრივ დაპატიმრებებსა და რეპრესიებში; სხვადასხვა რაიონების, ქალაქებისა და სოფლების “აღებასა” და დარბევაში; მოსახლეობის წინასწარგანზრახულ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გენოციდში; ახალგაზრდობის ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ დეგრადაციაში; გ) შეწყდეს დემოგრაფიული ექსპანსია: რეპატრიანტ გერმანელთა, “თურქ მესხთა”, “ხემშილების” და სხვათა ჩამოსახლება; დ) შეწყდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ქართველი ხალხის, განსაკუთრებით “დაუმორჩილებელი” რაიონების წინააღმდეგ გაჩაღებული საინფორმაციო ომი; შეწყდეს ქართველთა ეროვნული ღირსების შელახვა; ე) შეწყდეს ქართველი ხალხის ზურგს უკან საეჭვო პოლიტიკური და ეკონომიკური გარიგებები; ვ) შეწყდეს საქართველოს ოკუპაცია, დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნან საქართველოდან საოკუპაციო ჯარები. საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი ითვალისწინებს რესპუბლიკაში შექმნილ რთულ ვითარებას, მიაჩნია რომ ერის სულიერი და ფიზიკური გადარჩენისათვის, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისათვის აუცილებელია ერის ერთიანობა, კონსოლიდაცია, სტაბილიზაცია, რაც მიიღწევა მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების სრული უფლებამოსილების აღდგენით, სახელმწიფო საბჭოს გადადგომით. ერის ხსნა ერთობაშია, ერთობა კი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენით, ხალხის ნების პატივისცემით, კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების დაბრუნებითაა შესაძლებელი.

გვფარავდეს ღმერთი ერის ხსნისათვის ბრძოლაში!

პოსტს აქვეყნებს დავით არაბიძე

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close