Slider

დასავლეთი უკრაინას საკმაოდ ცუდად მოეპყრო – იანინა სოკოლოვსკა

ყველა უცხოელმა დიპლომატმა და სამხედრომ დატოვა უკრაინა, როგორც საშიში ტერიტორია და არც ერთი დასავლელი სამხედრო არ არის მზად, უკრაინისთვის იბრძოლოს. ბაიდენმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იბრძოლებს უკრაინისთვის. ჩვენ ამ პოზიციას მზაკვრულად მივიჩნევთ

დასავლეთი უკრაინას საკმაოდ ცუდად მოეპყრო, – ასე უპასუხა უკრაინელმა ექსპერტმა, იანინა სოკოლოვსკამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია უკრაინაში სიტუაციის განმუხტვა იმ სანქციებით, რომელიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა და რამდენად საკმარისია საერთაშორისო საზოგადოების პასუხი რუსეთის შესაჩერებლად.

„ცოტა იარაღი მოგვცეს და ცოტა ფული. ყველაფერი ერთი თვით ადრე მოხდა. ჩვენ არ გვაფინანსებდნენ, არ გვეხმარებოდნენ შეიარაღებით ომის რვა წლის განმავლობაში და ახლა გადაწყვიტეს დახმარება. ყველა უცხოელმა დიპლომატმა და სამხედრომ დატოვა უკრაინა, როგორც საშიში ტერიტორია და არც ერთი დასავლელი სამხედრო არ არის მზად, უკრაინისთვის იბრძოლოს. ბაიდენმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იბრძოლებს უკრაინისთვის. ჩვენ ამ პოზიციას მზაკვრულად მივიჩნევთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რუსულ და დასავლურ სამყაროს შორის წინააღმდეგობის მსხვერპლი. დასავლური სამყარო, რომელმაც უკრაინა ნატო-ში არ შეიყვანა და არ მოგვცა საშუალება, ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით, უარს ამბობს ჩვენ დაცვაზე და ცდილობს, ჩვენ ხარჯზე გადარჩეს. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ძალა, რომ დასავლეთი გადავარჩინოთ იმისგან, რაც შეიძლება, მას მოუვიდეს. დასავლეთი ან პოზიციას შეიცვლის და სამხედრო დახმარებას გაგვიწევს, ან სიტუაცია შეიძლება, ნებისმიერი გზით განვითარდეს. ამ შემთხვევაში დასავლეთს საქმე ექნება არა რუსეთთან და უკრაინასთან, არამედ რუსეთის აღდგენილ იმპერიასთან “, – განაცხადა სოკოლოვსკამ.

უკრაინელმა ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ამ წუთებში „ჰოსტომელის“ აეროპორტში იმდენად მძიმე ბრძოლა მიდის, რომ კიევის ცენტრში აფეთქებები ისმის.

„მე ახლა კიევის ცენტრში ვიმყოფები და „ჰოსტომელის“ აეროპორტში იმდენად მძიმე ბრძოლა მიდის, რომ კიევის ცენტრში აფეთქებები ისმის. ეს არის ჩემგან 17 კილომეტრში და ისინი, ვინც ახლოს ცხოვრობენ, ღამეს სარდაფებში ათევენ. მათ მთელი დღეც სარდაფებში გაატარეს. ეს გახლავთ მიმდინარე ომის ძირითადი წერტილი“, – განაცხადა სოკოლოვსკამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close