პოლიტიკა

დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში, გასაგებია ყველაფერი – კალაძე

ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხის განხილვის დროს დამსწრეთა სიმწირე საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს

„ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხის განხილვის დროს დამსწრეთა სიმწირე საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში. გასაგებია ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2012 წელი გარდამტეხი იყო. ვისმენდით განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა კი ამ მიმართულებით თურმე პრობლემებია. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუ რას გრძნობენ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ თავზე. მარტივია, გავაკეთოთ შედარება, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი?! კი, ბატონო. მაგაში გეთანხმებით. რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას უკვე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები.

„ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის ურთულეს გზაზე განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით და ყველა იმ გასაკეთებელი საქმით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა საუბარი. ეს ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა. რომ ავიღოთ სააკაშვილის „ქეისი“ – მისი „შემოგორება“, „შემოტანა“ საქართველოში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს. პირველივე დღიდან, როგორც კი სააკაშვილის დაკავება მოხდა, მაშინვე ჩაერთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ – ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მას არ აქვს შესაბამისი პირობები – ის, რაც პატიმარს უნდა ჰქონდეს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და პოლიტიკური პარტიები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close