ეკონომიკა

საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტში 2 195 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

ამ პერიოდში ნებართვები 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4%-ით მეტია.

გაცემული ნებართვების 74.9% ქვეყნის 4 რეგიონზე ნაწილდება, კერძოდ, 49.2% მოდის ქ. თბილისზე, 10.1% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1% – იმერეთის რეგიონზე.

იანვარ-მარტში ნებართვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებულ ფართებს, იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში 539.5 ათასი კვ.მ ფართობი იყო მიღებული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%-ით ნაკლები. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 24.8%-ით 689-მდე გაიზარდა.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ასევე ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 28.9% მოდის ქ. თბილისზე, 17.3% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8% – კახეთის რეგიონზე და 9.9% – იმერეთის რეგიონზე.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close