საზოგადოება

„გამიჯნეთ მედიცინა და პოლიტიკა, შემოიტანეთ წამლები, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ“- პედაგოგი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

გამიჯნეთ მედიცინა და პოლიტიკა, შემოიტანეთ წამლები, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ – პედაგოგი თინათინ გოჩელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და დეფიციტური მედიკამენტების დროულად შემოტანას ითხოვს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოგმართავთ ადამიანი, რომელიც ერთი თვეა, აფთიაქებში დავდივარ და უშედეგოდ დავეძებ მინისებურ სხეულს, რომელიც მკურნალობისთვის მჭირდება. ასევე დავეძებ უკრაინული ან რუსული წარმოების ალოეს საინექციო ამპულებში. ვიმეორებ, უკრაინულ ან რუსული წარმოების ალოეს და არა ქართულს, რომელიც არაფრად ვარგა და ცარიელი წყალია!

ყველა აფთიაქი შემოვიარე, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე პასუხი აქვთ – ერთ წელზე მეტია, რაც მინისებური სხეული არ შემოსულა და ძალიან დიდ დეფიციტშიაო. გეკითხებით, თქვენ დედა გყავთ?! ეს პრეპარატი რომ დეფიციტში იქნება, იმ ქვეყნის მინისტრი ხელფასს რისთვის იღებს?! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელიც უამრავ ადამიანს სჭირდება. არ დამიწყოთ ახლა შემცვლელის – ე.წ. სინონიმური პრეპარატის შექმნა-შემოტანაზე ვმუშაობთო. მინისებური სხეულის შემცვლელი პრეპარატი არ არსებობს! და არც თქვენს მიერ წარმოებული ალოე ვარგა! არანაირი ეფექტი არ გააჩნია! სხვათა შორის, იგივეს ვიტყვი ქართული წარმოების ნო-შპაზე და არავინ შემეკამათოს! რატომ არ ვარგა ქართული წარმოების მედიკამენტები, თავად უნდა არკვიოთ, მე კი ის მაინტერესებს რა მიზეზის გამო არ შემოგაქვთ ქვეყანაში მინისებური სხეული და უკრაინული ან რუსული წარმოების ალოე?! როდის ჩადგებით ხალხის სამსახურში?! როდესაც პოლიტიკის გამო რუსული პრეპარატის შემოტანაზე უარს ამბობ და ის უამრავ ადამიანს სჭირდება, არ ვიცი ამას რა ვუწოდო. არ შეიძლება მედიცინის პოლიტიკაში გადახლართვა და ბინძური პოლიტიკის გამო, მედიცინის მსხვერპლად არ უნდა ვიქცეთ“ – წერს თინათინ გოჩელაშვილი.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close