მსოფლიო

„აღიკვეთა დივერსიული შეჭრის მცდლობები“ – რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე?

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე მესამე დღეა, დაძაბული ვითარებაა. გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რის შესახებაც ორივე მხარე იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა იყო, რომელიც მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა. თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სომეხმა სამხედროებმა აღკვეთეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული შეჭრის მცდელობები“. სომხური მხარე იუწყება ჰაუბიცებიდან მათი დასახლებების მიმართულებით განხორციელებულ გასროლებზე.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წელს დაიწყო. ეს ტერიტორია საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ნაწილადაა აღიარებული, თუმცა ის უმეტესად ეთნიკურად სომხებითაა დასახლებული.

ამჯერად დაპირისპირება მთიანი ყარაბაღიდან მოშორებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სიტუაციის ესკალაცია აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის პროვინციის საზღვარზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია. აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხური ჯარები „შეეცადნენ შეტევაზე გადასულიყვნენ პოზიციების დასაკავებლად“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის ხელისუფლება დაადანაშაულა. თავიდან აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ცდილობდნენ სომხეთის საზღვრის დარღვევას. შემდეგ, სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა აზერბაიჯანული მხრიდან განუწყვეტელი საარტილერიო ცეცხლის შესახებ სომხური დასახლებების მიმართულებით.

ბოლო მონაცემებით 12 ივლისის შემდეგ, საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ოფიციალური ბაქოს ცნობით დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი, ხოლო ერევანმა, ოთხი ოფიცრის გარდაცვალებისა და 10 დაშავებულის შესახებ გაავრცელა ცნობა. ვითარება ადგილზე კვირას დაიძაბა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close