საზოგადოება

„აქეთ შიმშილია, იქით სიკვდილი! ამ ორ საშინელებას შორის არჩევანი არ უნდა გავაკეთოთ“

მოსახლეობის, ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და ბიზნესის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ქვეყანაში დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას ითხოვენ, ექიმები კი უკმაყოფილების მიუხედავად, შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ. ორ ცეცხლს შუა ვართ. აქეთ შიმშილია, იქით სიკვდილი!  – ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და გონივრული ალტერნატივის აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში წერს:

„რამდენიმე დღეა ყველანი თვალს ვადევნებთ მოქალაქეთა ბორგვასა და პროტესტს. ადამიანები პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ. არადა, ჩვენზე ათასჯერ უკეთესი ჯანდაცვის სისტემის მქონე და მრავალგზის უფრო მოწესრიგებულ ქვეყნებში გაცილებით უფრო მკაცრი წესები აქვთ შემუშავებული. გერმანიაში, ბრიტანეთში ეშინიათ, რომ “გახსნის” შემთხვევაში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ვეღარ მოახერხებენ.
რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილის ერთბაშად გაუქმების შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ რა ბედი ელის ჩვენს ჯანდაცვის სისტემას? ისევ კატასტროფას ხომ არ უნდა ჩავხედოთ თვალებში? გახსოვთ, სასწრაფო რომ 29 საათში მოდიოდა? “გახსნის” შედეგების თაობაზე უფიქრიათ რეგულაციების გაუქმებაზე დაგეშილ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს? ხომ არ აპირებენ უპასუხისმგებლოდ გამოიყენონ ხალხის გაჭირვება?
მეორე მხრივ, სრულიად მესმის ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან, სამსახური დაკარგეს, ხელფასი შეუმცირდათ, გაუუარესდათ განათლების მიღების შესაძლებლობები, დაიტანჯნენ სახლში ყოფნით და ა.შ. მათი ტვირთის შემსუბუქებას კი ხელისუფლება ვერ ახერხებს…
მოკლედ, ორ ცეცხლს შუა ვართ. აქეთ შიმშილია, იქით სიკვდილი! ხელისუფლება გვეუბნება, რომ შიმშილზე უფრო საშიში სიკვდილიაო! ოპოზიცია სიკვდილს ამჯობინებს შიმშილს! რა სიგიჟეა!
ჩვენ კი ამ ორ საშინელებას შორის არჩევანი არ უნდა გავაკეთოთ და ოდნავ უფრო გონივრული ალტერნატივის შემუშავებისკენ ვუბიძგოთ მხარეებს“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close