საზოგადოება

“ასეთი იყო, სიკვდილიც ვერ შეაჩერებდა” – ერთი გმირის ისტორია

“ერთი გმირის ისტორია” – ეს არის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი პროექტი, რომელსაც, როგორც სამსახური იტყობინება ყოველ ორშაბათს შესთავაზებს საზოგადოებას.
იური ომანაძე – მაიორი. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ.
დაიბადა 1957 წლის 16 მარტს, სოხუმის რაიონის სოფ. ზემო კელასურში. ომის დაწყების პირველი დღიდან ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის პირველი მოადგილე.
იური ომანაძე ნამდვილი ლიდერი და მეომარი, ყველა მებრძოლისთვის სამაგალითო იყო. 1993 წ. 5 იანვრის შემოტევის დროს, პირადად ხელმძღვანელობდა პირველ ასეულს. მისი უნარიანი მოქმედების შედეგად, მოწინააღმდეგემ დიდი დანაკლისი განიცადა, ხოლო პირველ ასეულს_ მსხვერპლი არ ჰყოლია.
1993 წლის 16 მარტს, როდესაც მოწინააღმდეგემ ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო, იური ომანაძე რამდენიმე მებრძოლთან ერთად გავიდა საველე შტაბიდან მე-2 ასეულის მიმართულებით, რომელთანაც კავშირი იყო გაწყვეტილი. როგორც შემდეგ გაირკვა, მოწინააღმდეგემ გაარღვია მეორე ასეულის დაცვა პირველი ასეულისაგან; გზა გადაკეტილი იყო და არსებობდა მისი ალყაში მოქცევის საშიშროება. პირველი ბატალიონის უფროსის მოადგილემ, ზემო კელასურელმა მაიორმა, იური ომანაძემ, ამ ამბის გაგებისთანავე, სწრაფად დაიწყო გამოცდილი მებრძოლების შეგროვება…
დათო ღვინჯილია_პოლკოვნიკი, 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაური: „ იური მოჭიდავე იყო, სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში. ეს იყო ლიდერი პიროვნება. ზემო კელასური გახლდათ ლეჩხუმელებით დასახლებული სოფელი. ჩვენ პირველი დღიდან ერთად ვიყავით, ჩემი პირველი მოადგილე იყო. ძალიან უშუალო ადამიანი, ძალიან კარგი იუმორის გრძნობით. თუ ვინმე ოდნავ მაინც იცნობდა, ყველა სიყვარულით და სითბოთი იხსენებს მას.
16 მარტს, მოწინააღმდეგე მხარემ, სოხუმისთვის, გააფთრებული ბრძოლები დაიწყო_ ყველა მხრიდან გვიტევდნენ_ ჰაერიდან, ხმელეთიდან, ზღვიდან… ე.წ.‘’ზერკალოსთან’’_ სამი გზის შეერთების ადგილზე, სომხების 3 ორსართულიანი სახლი იდგა… ჩვენ იქ ჩვენი ‘’ბეემპე’’ გვედგა, რომელიც იმ სახლებში გამაგრებულმა მოწინააღმდეგე მხარის ბოევიკებმა აგვიფეთქეს. ცხადი იყო, რომ საკმაოდ კარგად შეიარაღებული და არც თუ ისე მცირერიცხოვანი ძალა იყო გამაგრებული ამ სამ სახლში. ამ მიმართულებით გზა იყო გადაჭრილი და ჩვენი მეომრები ვერ უახლოვდებოდნენ… იური იმ დღეს ‘’მიმინოს’’ პოზიციიდან რაციით დამიკავშირდა, რადგან საველე კავშირგაბმულობა გაწყვეტილი იყო და მითხრა, რომ ‘’კემპინგისკენ’’(სადაც ზემო კელასურელებისგან შემდგარი პირველი ასეული იდგა პოზიციებზე) რამდენიმე რჩეული მებრძოლით დასახმარებლად უნდა წასულიყო. მე მას ვუთხარი, რომ ასე არ მოქცეულიყო, რადგან ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა იქ, რამდენი მებრძოლი ყავდა მოწინააღმდეგე მხარეს, რეალურად რა ძალას ფლობდნენ და ბუნებრივია, მხოლოდ რამდენიმე მეომრით იქ წასვლა საკმაოდ დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიპასუხა_ საფრთხეში ჩემი თანასოფლელი ბიჭები, ჩემი ბავშვობის მეგობრები, ჩემი თანაკლასელები, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან… ახლა ჩვენთვის ვის სცალია?.. მთელი ფრონტის ხაზი გუმისთის ხიდიდან ზღვის პირამდე ცეცხლის ალშია გახვეული… რა ვქნა?მხოლოდ მე და ჩემი რამდენიმე მებრძოლი ბიჭი წავალთ და როგორმე შევეცდებით გზის გახსნას… ჩემი სოფლის ბიჭებს განსაცდელში ხომ ვერ მივატოვებო… და მაინც წავიდა!… ფაქტობრივად, თავი გაწირა! ათნი იყვნენ… ქართველმა მებრძოლებმა, მისვლისთანავე, ყოველი მხრიდან, გააფთრებით შეუტიეს იმ ორსართულიან სახლებს, სადაც აფხაზური მხარის ბოევიკები იყვნენ გამაგრაბული. სახლების სარდაფებში მყოფთ კარგად ესმოდათ, თანდათან, როგორ უახლოვდებოდათ ქართველები_ ყვირილით, შეძახილებით. ისმოდა ხელყუმბარის გამაყრუებელი აფეთქების ხმებიც, მაგრამ უშედეგოდ_ სარდაფის კედლების სისქე ორ ბლოკიან წყობაზე გაცილებით მეტი იყო… სარდაფის ვიწრო სარკმლიდან გაუთავებლად ისროდნენ AGS-17 მარკის ავტომატურ ყუმბარმტყორცნიდან… რამდენიმე წუთი და სარდაფიდან ავტომატური ყუმბარმტყორცნის ჭურვების გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა. ქართველებმა საპასუხოდ სამოცი-სამოცდაათი მეტრიდან ცეცხლგამჩენი ტყვიები დაუშინეს. სახლების სახურავს ლაწალუწი გაჰქონდა… სახლები ცეცხლის ალში ეხვეოდა… სასტიკი ბრძოლა დაახლოებით 20-25 წუთს გაგრძელდა… იური ომანაძემ ერთ-ერთ მებრძოლს უბრძანა, ბატალიონის მეომრებისთვის ეცნობებინა შექმნილი მდგომარეობის შესახებ, თვითონ კი გადაწყვიტა, გურჯი კოპალიანთან და გიორგი თვალთვაძესთან (იგივე ‘’ჯუმკასთან’’) ერთად, სახლის სარდაფისკენ, ბრძოლით გაეკვლია გზა და აფხაზური მხარის ბოევიკები, როგორმე, სარდაფშივე ჩაეხოცა… ეს,ფაქტობრივად, სიკვდილის პირისპირ წასვლას ნიშნავდა!.. იური სასიკვდილოდ დაიჭრა…. მისი გამოყვანა გურჯი კოპალიანმა და გიორგი თვალთვაძემ სცადეს, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში სამივე დაიღუპა…7 კაცი (აფეთქებულ ‘’ბეემპეში’’ ჩაიწვა ლევან თოდუა, უშუალოდ შეტაკების დროს კი_ იური ომანაძე, გურჯი კოპალიანი, გიორგი თვალთვაძე, გურამ ფანჩვიძე, თამაზ მიქაძე, რევაზ სიმონიშვილი) დაიღუპა იმ დღეს ამ პოზიციაზე… შეტაკების დროს, მხოლოდ კობა ლომიძე გადარჩა…იური ომანაძე თავის დაბადების დღეზე დაიღუპა_ 16 მარტს… 36 წელი შეუსრულდა იმ დღეს.
16 მარტს, საღამოს უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით სიტუაციას. როცა 19 მარტს, სარდაფსა და სახლებში ‘’გაწმენდაზე’’შევედით, მტრის 40-ზე მეტი მებრძოლი დაღუპული დაგვხვდა.. დაახლოებით 15-მა _გაქცევით უშველა თავს. იქვე ვიპოვნეთ AGS-17-ის სადგამიც. იქვე ეყარა, ასევე, გამოყენებული ტანკსაწინააღმდეგო, ერთჯერადი ჭურვების ნარჩენები_დაახლოებით 10. ეს, იმ დროისთვის, რუსული არმიის უახლესი საბრძოლო აღჭურვილობა იყო!
იური ომანაძის ცხედრის გამოტანა, 19 მარტს, მტრის განადგურების შემდეგ მოხერხდა. იგი მშობლიურ სოფელ ზემო კელასურში დაკრძალეს.
რატომ მოიქცა ასე?.. სხვანაირად არ შეეძლო! ასეთი იყო_ ვერავინ და ვერაფერი, სიკვდილიც ვერ შეაჩერებდა, როცა საქმე თავისი საყვარელი ადამიანების_მეგობრების, თანამებრძოლების სიცოცხლეს ეხებოდა_ შეეძლო, დაუფიქრებლად გაეწირა მათთვის საკუთარი სიცოცხლე და გაწირა კიდეც!”
ზურაბ შამუგია_ვიცე-პოლკოვნიკი_23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაურის მოადგილე ზურგის დარგში: „ მე და იური ერთი კუთხიდან ვიყავით, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურიდან. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ოჯახებით ვმეგობრობდით. ომის დაწყების პირველივე დღიდანვე შეიარაღებული იყო იური თავის ბიჭებთან ერთად. უსაყვარლესი ადამიანი იყო, გამორჩეული და ძალიან გულიანი, ძალიან კეთილი. ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი გახლდათ, მაგრამ ადამიანის დაჩაგვრა არ იცოდა. პატრიოტი კაცი იყო, თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. ვინც უყვარდა, ყველასთვის უყოყმანოდ გაწირავდა თავს_ ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანამებრძოლებისთვის, სამშობლოსთვის, რადგან თავგანწირვა სისხლში ჰქონდა…“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close