Sliderსაზოგადოება

„მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი“: „ყოველთვის მოვუსმენ ჩემი ქუთაისის და საქართველოს მაჯისცემას“

დაიბადა საქართველოში, „სავარდო და სამაისო“ ქალაქში.
6 წლიდან მღერის: „სკოლის დასრულების შემდეგ, მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. მშობლებისგან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა დიდი მუსიკოსი და არ იცოდნენ, საიდან უნდა ჰქონოდა მათ შვილს საოპერო მონაცემები. ახლა კარგად მესმის მათი აღელვების მიზეზი – თუ ისეთი ხმა არ აღმომაჩნდებოდა, რომლითაც მწვერვალებს დავიპყრობდი, უნდოდათ, ისეთი პროფესია მქონოდა, რომელიც „თავის შენახვის“ საშუალებას მომცემდა. აუცილებლად უნდა ჩააბარო სხვა განხრითაცო და დავთანხმდი, რომ პოლიტექნიკურში ვისწავლიდი, მეღვინეობაზე. ზუსტად ერთ წელში უნდა მოეცათ კონსერვატორიაში ჩაბარების ნება – ასეთი იყო ჩვენი შეთანხმება. ეს პირველი და ყველაზე დიდი ბარიერი იყო ჩემთვის“.
დედა ექიმია, მამა – აკადემიკოსი. ოჯახს უჭირდა ისე, როგორც იმხანად ყველას: „იმისთვის, რომ მომღერალს ენერგია ჰქონდეს, სასურველია ხორცი მიირთვას. მაშინ ძალიან უჭირდა ჩემს ოჯახს. ქვეყანაშიც დიდი გაჭირვება იყო. იმ გამოცდის წინ დედამ მოახერხა, ფული მოეგროვებინა და ჩემთვის ხორცი შეეძინა. მეტი საშუალება რომ არ იყო, მხოლოდ ჩემი ულუფა იყიდა. მომზადების დროს, ალბათ, სუნმა მიიზიდა ჩემი პატარა და და დედას სთხოვა, რომ მისთვისაც ეჭმია. დედამ ტირილით შეძლო, აეხსნა, რომ მის ძმას იმ დღეს გამოცდა ჰქონდა და ხორცის ეს ულუფა აუცილებლად უნდა მიეღო“.
დასაწყისი ადვილი არ იყო: „ბავშვობაში ეზოში ვმღეროდი ხოლმე. ჩემ წინ მუსიკოსები ცხოვრობდნენ, ჩვენი საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი და მისი შვილები. მახსოვს, მე რომ ვმღეროდი, ხუმრობდნენ ხოლმე, ამ ბავშვს დათვმა დააბიჯა ყურზე ფეხიო (იცინის). სიმღერა მინდოდა, მაგრამ გაგებაში არ ვიყავი. როცა ესტრადიდან კლასიკურ მუსიკაზე გადავედი და მოსასმენად კონსერვატორიაში მივედი, პედაგოგმა მითხრა: შენ არ გაქვს საოპერო ხმა და მოდი, ისევ ესტრადაზე გააგრძელე სიმღერაო. მაგრამ დიდი მონდომების და სწავლის შემდეგ, ეს პედაგოგი ჩემით ამაყობდა“.
სწავლობდა და მუშაობდა: „ძალიან წარმატებული იყო ჩემი გადაცემა „ტენორი“, რომელიც ამ თემატიკას ეძღვნებოდა და გადიოდა აჭარისა და ასევე, ჩემი მშობლიური ქუთაისის ტელევიზიაზეც“.
პირველი ნაბიჯი: „პირველივე კურსიდან საოპერო თეატრის სოლისტი ვიყავი. ჯერ ქუთაისის ოპერაში მიმიწვიეს, შემდეგ – ბათუმის საოპერო თეატრში. როდესაც ოჯახში მიხვდნენ, რომ ამ პროფესიის გარეშე არ შემეძლო, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. ხელფასით, რომელიც გადაცემებში ვიღებდი, სამასი დოლარი შევაგროვე. მშობლებმა ორასი დამიმატეს და ხუთასი დოლარით მოსკოვში წავედი, იმის მიუხედავად, რომ შვეიცარიიდან და ინგლისიდანაც იყო შემოთავაზებები“.
ემიგრაციაში პირველი წარმატება „ახალი ოპერის“ სცენამ მოუტანა:  „ეს იყო ძალიან ეკლიანი გზა. რუსეთში დიდი წარმატება  მას შემდეგ მოვიდა, რაც გავედი „ახალი ოპერის“ შესარჩევ კონკურსზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 186 წარმომადგენელი მონაწილეობდა. პირველი არიის შემდეგ მთხოვეს, კიდევ ერთი შემესრულებინა – ფედერიკოს გოდება ვიმღერე. ჟიურის წევრები ფეხზე წამოდგნენ და მეორე ტურის გარეშე ჩავირიცხე საოპერო თეატრის დასში. ეს იყო პირველი ძალიან დიდი აღიარება. ასი დოლარი მქონდა ხელფასი და ოთახში, რომელიც ნაქირავები მქონდა, სამოც დოლარს ვიხდიდი. ძალიან მიჭირდა, ხელფასი თვიდან თვემდე არ მყოფნიდა. ზოგჯრ ბაზარში მივდიოდი და სპეციალურად, ვადაგასულ პროდუქტებს ვყიდულობდი, რომ თავი გამეტანა. არ მინდოდა, როგორც მომღერალს, რესტორნისკენ გამეხედა. ჩემმა ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა, რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, დაიმახსოვრე, რესტორანში არასოდეს იმღერო, თორემ ამ იარლიყს ვეღარასდროს ჩამოიშორებო. მიჭირდა, მაგრამ ამ პროფესიის სიყვარულმა გამაძლებინა. პირველი მოსწავლე რომ ავიყვანე, უბედნიერესი ვიყავი, შემდეგ მათი რაოდენობა ძალიან გაიზარდა. სკოლაშიც დავიწყე პედაგოგად მუშაობა და თანდათან გაჭირვება დავძლიე“.
„მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი“ – დღეს ასე იცნობენ ქართველ ბარიტონს – ეს დავით ღვინიანიძეა, ოპერის მომღერალი, საქველმოქმედო ფონდის „მსოფლიო ტალანტები“ პრეზიდენტი.
დავით ღვინიანიძის სახელს უკავშირდება ბათუმის ოპერის ხელოვნების ფესტივალის აღდგენა; „ქუთაისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალის“ დაარსება; 2021 წელს აშშ–ში „დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემის“ დაარსება; „საერთაშორისო საშობაო მუსიკალური ფესტივალი კარნეგი ჰოლის სცენაზე“; „ მუსიკალური და სახვითი ხელოვნების “DG კულტურული ცენტრი”, „დავით ღვინიანიძის სახელობის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი“ და ა.შ. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორისაა: პუშკინის ფესტივალი “ბოლდინის შემოდგომა” (ნიჟნი ნოვგოროდი), “ხარკოვის მუსიკალური ფესტივალი” (ხარკოვი, უკრაინა), „მუსიკალური საღამოები არბატზე“ (მოსკოვი); “რუსული მუსიკალური ფესტივალები ველიკო ნოვგოროდსა და ფსკოვში“; საოპერო ფესტივალი „მარია ბიეშუ გიწვევთ“ ( კიშინიოვი, მოლდავეთი). 2007 წელს მიენიჭა გაეროს მედალი “კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”. რუსეთის თეატრთა ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა ოქროს მედლით “მეცენატობისთვის”. 2005 წლის 17 ივლისს დავით ღვინიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა მოსკოვში. 2006 წელს დავით ღვინიანიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის სხდომაზე “ცივილიზაციათა დიალოგი”. 2013 წელს დავითი „ნიუ–იორკის წარმატებული ქართველების“ პრემიის მფლობელი ხდება.
_ პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2006 წელს მქონდა გასტროლი და ყველაფერი ამით დაიწყო. მივხვდი, ეს იყო ქვეყანა, სადაც უნდა მეცხოვრა. 2008 წელს, როგორც გამოჩენილ მომღერალს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „მწვანე ბარათი“ მომცა. მაგრამ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი გასტროლი და გეგმა მქონდა, მხოლოდ 2016 წელს შევძელი საბოლოოდ რუსეთის დატოვება და ამერიკაში გადმოსვლა. თუმცა, აქ მანამდეც მქონდა რამდენიმე დიდი წარმატება, არაერთი დიდი კონცერტი „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე. ჩემი ფონდის ეგიდითაც ბევრი კონცერტი ჩატარდა და მივხვდი, რომ ჩემი შესაძლებლობები აქაც ძალიან დიდ წარმატებას მომიტანდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ამდენი რამის შექმნას ასე უცებ, სამ წელიწადში მოვახერხებდი. ჩამოსვლიდან ერთ თვეში ფონდი „მსოფლიო ტალანტები“ ამერიკაშიც დაარსდა. „კარნეგი ჰოლმა“ მოგვცა უფლება, გამოგვეყენებინა მისი სახელი ჩვენი ფესტივალის დასახელებაში. შემდეგი დიდი წარმატებაა ის, რომ ჩვენი საერთაშორისო კონკურსი, რომელში გამარჯვებულებიც ფულად პრემიებს იღებენ, არაერთხელ ჩატარდა. ჩვენს კონკურსებში „მეტროპოლიტენის“ სოლისტები იღებენ მონაწილეობას და ძალიან ბევრი ნიჭიერი საოპერო მომღერალი გახდა გამარჯვებული. ამერიკის პრესამ ეს კონკურსი ყველაზე ობიექტურ კონკურსად შეაფასა. მესამე და უდიდესი წარმატება ისაა, რომ ქალაქ ფილადელფიაში დაარსდა ჩემი სახელობის კულტურის ცენტრი. ასეთი ცენტრები ამერიკის სხვა ქალაქებშიც გაიხსნება. ეს ყველა წარმატებული მუსიკოსისთვის დიდი ოცნებაა და ყველაფერი ხალხის ძალიან დიდი სიყვარულის შედეგია.
მოსკოვში ჩასვლის პირველივე დღიდან ბევრ საქველმოქმედო კონცერტში ვიყავი ჩართული. 2002 წელს გადავწყვიტე საქველმოქმედო ფონდის „მსოფლიო ტალანტები“ დაარსება. ფონის ეგიდით ჩატარდა ბევრი საქველმოქმედო ღონისძიება. 2016 წელს ფონდი, როგორც უკვე აღვნიშნე, იმავე დასახელებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. ფონდი ყველა ქვეყანაში მუშაობს და აქვს არაერთი საერთაშორისო  ფესტივალი, როგორიცაა, მსოფლიო ბანების ფესტივალი, საშობაო ფესტივალი. ჩვენ ვეხმარებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, კულტურის წარმომადგენლებს, შშმ პირებს და ასე შემდეგ.
ფონდს აქვს რამოდენიმე მიმართულება, გარდა იმისა, რომ ჩვენი მიმართულებაა ქველმოქმედება და საოპერო და კლასიკური მუსიკის პროპაგანდა, ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ ახალი ტალანტების აღმოჩენას.
_ „გზა კარნეგი ჰოლისკენ“ და ალექსანდრე ზაზარაშვილი.
_ დიახ, დიახ. „გზა კარნეგი ჰოლისკენ“ – ეს პროექტი კიდევ უამრავ ნიჭიერ მუსიკოსს აღმოაჩენს. კონკურსზე, რომელზედაც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, შეირჩა 11 ბავშვი, ისინი აბსოლუტურად უანგაროდ ჩამოვიდნენ ამერიკაში და „კარნერგი ჰოლის“ სცენაზე, ძალიან დიდ კონცერტზე მოახერხეს მაყურებლის ფეხზე დაყენება. ამ კონკურსში ერთ-ერთი წარმომადგენელი ალექსანდრე ზაზარაშვილი იყო, რომელმაც 36 ლარი ძლივს მოაგროვა იმისთვის, რომ თბილისში მოსმენაზე ჩამოსულიყო. როცა ის სცენაზე გამოვიდა და პირველი ბგერა გააჟღერა, ჟიურის თითოეულ წევრს საოცარი რეაქცია ჰქონდა. პირველმა მან გაიმარჯვა ჩვენს კონკურსში და იხსენებს ხოლმე, როგორ არ ეძინა ღამეები, სანამ შედეგებს გაიგებდა. იცით, რომ მას დიდი წარმატება ხვდა წილად, ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიწია და წინ კიდევ ძალიან დიდი წარმატება ელოდება. ალექსანდრეს მსგავსნი, ალბათ, საუკუნეში ერთი იბადებიან. მანაც ისევე გაიარა გაჭირვების პერიოდები, როგორც მე. ჩვენ ძალიან დაგვაახლოვა საერთო ისტორიამ. ალექსანდრემ ისეთი სითბო მაჩუქა და ალბათ, მეც – მას, რომ ყოველთვის, როგორც მამა, ისე ვიქნები მის გვერდით. ჩვენ აღმოვაჩინეთ 12 უნიჭიერესი ბავშვი, რომლებიც აუცილებლად გახდებიან დიდი მუსიკოსები.
ჩვენი ფონდის ერთ-ერთი უდიდესი და ისტორიული მიღწევაა ისიც, რომ დაარსდა უდიდესი საოპერო ფესტივალი – ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალი, რომელმაც საერთაშორისო დატვირთვა მიიღო და რომლის სტუმრები იყვნენ საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები  – თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი,მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი. ამ ფესტივალს მხარს უჭერდა აწგარდაცვლილი ვლადიმერ პიავკო, რომელიც დიდი სიყვარულით მიიღეს საქართველოში. ჩვენმა ორგანიზაციამ  7 დღეში 7 ღონისძიება აჩუქა ქუთაისს და სრულიად საქართველოს. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა პროექტებმა, რომელშიც დიდი შრომის გარდა, ჩვენი ფონდის მხრიდან დიდი თანხა იყო ჩადებული. ჩვენ თუ სხვა ქვეყნებში ვაკეთებთ კომერციულ პროექტებს, საქართველოს შემთხვევაში ეს ყოველთვის საქველმოქმედოა. ეს ზუსდა ისაა, რაც ყველამ უნდა გაუკეთოს თავის სამშობლოს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთების საშუალება მაქვს.
_ სამწუხაროდ, კულტურა და სპორტი საზოგადოებამ ერთმანეთს გადააჯაჭვა.
_  საშინელება ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები უნდა იყვნენ გამიჯნული პოლიტიკისაგან და საზოგადოების გარეთიანებას უნდა უწყობდნენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენთაგანს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება გვაქვს – ჩვენი არჩევანი არჩევნების დროს უნდა გამოვხატოთ და არა, ვთქვათ, სცენაზე.
_ თქვენ ფეხი რუსეთში აიდგით, ფაქტიურად და დარწმუნებული ვარ, ესეც განხილვის საგანი იქნებოდა.
_ საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხე ბათუმის საოპერო თეატრში ფესტივალის დაარსება და ქართველ მაყურებელს  აბსოლუტურად განსხვავებული პროექტი წარვუდგინე. როცა წავედი, ზუსტად ისე მიყურებდა ქართული პრესა და საზოგადოება, როგორც ყველას, ვინც რუსეთში მოღვაწეობს. არავინ მეკითხებოდა ვეთანხმებოდი თუ არა რუსეთის მთავრობის პოლიტიკას. მე ახლა ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი საკითხები არასდროს წამოიჭრება. ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს სახელმწიფოში, რომლის წარმატებაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დამოუკიდებლობაა დამოკიდებული. ამ ქვეყანამ ხუთ წელიწადში მომცა ყველაფერი, რის მიღწევასაც ვერც რუსეთში და ვერც საქართველოში ვერ მოვახერხებდი.
_ საშობაო ფესტივალზე „ღვინო კახურო“-მ რომ გაიჟღერა, სიმართლე გითხრათ, ამეტირა. რატომ „ღვინო კახურო“, თქვენმა ძირითადმა პროფესიამ – მეღვინეობამ – გადასძალა, თუ გვარმა – ეს უკვე ხუმრობაა, რა თქმა უნდა.
_ დარბაზმა ემოცია ვერ შეიკავა და ფეხზე ადგა. ეს სიმღერა სპეციალურად “დაისისთვის” დაიწერა, სადაც მას ცანგალა ასრულებს. “ღვინოვ კახურო” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა დარბაზი. სრული ანშლაგი იყო. ეს დიდი ბედნიერებაა.
_ თქვენი ფონდის გეგმაში არის თუ არა აფხაზეთსა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე, რომელიც დროებით ოკუპირებულია, საქველმოქმედო კონცერტების ჩატარება?
_ უღრმესი მადლობა ამ იდეისთვის. მინდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ როდესაც ფილადელფიაში დაარსდა ჩვენი ფონდი, პირველი მომღერალი იყო აფხაზეთიდან – მამუკა ჩაუშბა. ეს იყო ჩვენგან გაწვდილი მეგობრობის ხელი აფხაზებისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველები და აფხაზები ერთი ქვეყნის შვილები არიან და ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით. მე ჩემს ქვეყანას დავეხმარები ისე, როგორც შემეძლება. ადამიანებს მივცემ საშუალებას გზა გაიკვლიონ სხვადასხვა ქვეყნების საკონცერტო სივრცეებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოტა ხანში დაარსდება ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, რომელსაც ექნება 2000 კაციანი დარბაზი, სადაც ჩატარდება ქართული კულტურის დღეები. ცენტრი საკონკუსრო ეტაპის გავლით, ამერიკის მუსიკალურ სივრცეში მოახდენს ნიჭიერი ახალგაზრდების ინტეგრირებას. ყოველთვის მოვუსმენ ჩემი ქუთაისის და საქართველოს კულტურის მაჯის ცემას.
_ და ბოლოს, ფეისბუკის პირად გვერდზე წავიკითხე სტატუსი, რომელსაც თქვენი ნებართვით კითხვაში ჩავსვამ: „25 წელი გავიდა უშენოდ!!!   …მაგრამ დღემდე ჩემთან ხარ – სიზმრებში თუ მოგონებებში! შენ მასწავლე უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარული, სიამაყისა და ერთგულების ფასი!!! ჩემთვის დღემდე ამოუცნობი ძალა ხარ, ჩემო სალოცავო ხატო!!! ეხლაც მესმის შენი მოფერება… რამდენი საფიქრი და რამდენი სიმდიდრე მაჩუქე, რა უზომო სიყვარულის დიაპაზონი შთამინერგე! განა ასე უყვარდა რომელიმე ბებოს თავისი შვილიშვილი ან კიდევ პირიქით?!  “მე მანამდე ვიცოცხლებ, სანამ შენ იქნები ამქვეყნადო” – ჰოდა, კიდევ ცოცხალი ხარ, ჩემო სიამაყევ, განსაკუთრებულო, ჩემო ყველაზე ტკბილო…!!! ეხლაც მესმის შენი ბოლო სიტყვები – “დათო, მიშველეო”, მაგრამ როგორ???  ყველაფრისთვის გიხდი მადლობას… ჩემთან იქნები ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე  და შემდეგ არაფრის მეშინია იმიტომ, რომ შენ ჩაგეხუტები!!!  დედა და შენ – ბებო, ხართ ჩემი სიყვარულის ბარომეტრები, რომლებსაც ბოდიშს გიხდით ყველაფრისათვის და გევედრები, დამილოცე ის, რომ დიდხანს იყოს ჩემთან, შენგან განსხვავებით…  გილოცავ 94 წლის იუბილეს, მერი ბებო“.
_ დიდი მადლობა. ბებოს დაბადების დღეზე მადლიერება ამით გამოვხატე. როდესაც ჩამოვდივარ საქართველოში, ბებოს საფლავზე გავდიდავ პირველ რიგში. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ოჯახით. ჩემი გამზრდელი ბებო მრავალმხრივი ნიჭით დაჯულდოვებული ადამიანი იყო. ასევე, ბაბუ, უნიჭიერესი ადამიანი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს. მამა არის ყველასთვის საყვარელი ადამიანი, დედა საუკეთესო ექიმი. რაც კი დადებითი მაქვს, ყველა თვისება ოჯახმა განმივითარა, მშობლებმა თავიანთი საქმიანობით მასწავლეს ქველმოქმედება.

ინტერვიუ ჩაწერა დარეჯან მეფარიშვილმა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close