Slider

არამიზნობრივად გახარჟული საბიუჯეტო სახსრები, გაურკვეველი ტენდერები, ინტერესთა კონფლიქტი – აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროში „დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დახარჯული საბიუჯეტო სახსრების აუდიტი

 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა 

საბიუჯეტო განაცხადის ნაკლოვანებები – სამინისტროს (დეპარტამენტს) 2019 წელს არ წარუდგენია საბიუჯეტო განაცხადებთან დაკავშირებული კოდექსით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად, ხოლო 2020 წლის განაცხადი არ შეესაბამებოდა მეთოდოლოგიის მოთხოვნებს.

შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არარსებობისა და პასუხისმგებელი პირების არასათანადო ქმედებების გამო დაირღვა პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები და შეიქმნა საბიუჯეტო ასიგნებების არარაციონალურად ხარჯვის რისკი.

პროგრამის ღონისძიებების დაგეგმვის − ობიექტების შერჩევის ნაკლოვანებები – 2019 და 2020 წლების ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონების მე-5 თავებში განისაზღვრა დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის ცალკეული ღონისძიება და მიზნები (პროგრამის ინდიკატორები) საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული არ ყოფილა, რის გამოც პროგრამის შესრულება არ იყო გაზომვადი.

სამინისტროს მიერ არ იყო ფორმალიზებული და შესწავლილი დევნილთა კომპაქტურად დასახლებულ ობიექტებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოთხოვნები, კერძოდ, მოსახლეობაში არსებული საჭიროებები სარემონტო სამუშაოებზე. შესაბამისად, არ დადგენილა სამუშაოთა ის მოცულობა, რომლითაც განისაზღვრებოდა პროგრამის მასშტაბი, მიზნები, ამ მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური და შრომითი რესურსები; არ იყო დამტკიცებული კრიტერიუმები, რომლებითაც განისაზღვრებოდა ობიექტის პრიორიტეტულობა, სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.

2019 წელს 10 ობიექტზე − 144,174 ლარის და 2020 წელს ექვს ობიექტზე − 78,380 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა და შესრულდა მონაცემთა საინფორმაციო ბაზის არასრულყოფილად შესწავლის და შერჩევის კრიტერიუმის არარსებობის პირობებში. აღნიშნულმა გარემოებამ შექმნა სამინისტროს მხრიდან სუბიექტური მიდგომისა და სარემონტო ობიექტების არამართლზომიერად შერჩევის რისკები, ასევე განაპირობა საბიუჯეტო ასიგნებების არარაციონალურად ხარჯვის შესაძლებლობა.

სახელმწიფო შესყიდვები 

ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები – სამინისტრო მოქმედი კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით, ვალდებული იყო ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგებსაც გაითვალისწინებდა შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენისას.

სამინისტროს 2018-2019 წლებში დადგენილი წესის შესაბამისად არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, არ არის გამოვლენილი სავარაუდო პოტენციური მიმწოდებლები და არ არის განსაზღვრული მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობები. შედეგად, შესყიდვების სამსახურის მიერ საქმისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო, ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა.

შესყიდვების გეგმასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები – სახელმწიფო შესყიდვების 2019 წლის გეგმა წარდგენილია (ატვირთულია) კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით.

სამინისტროს ხელმძღვანელობის და შესყიდვების სამსახურის მიერ არასათანადო კონტროლის განხორცილების გამო, დაირღვა შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის მოთხოვნა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობა.

ინტერესთა კონფლიქტი – სამინისტროს თანამშრომლები ასრულებდნენ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ ისეთ საქმიანობებს, რომლებსაც მოქმედი კანონით ეხება ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მიმწოდებლის ვინაობა, კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, სამინისტროს თანამშრომლებს წერილობით არ დაუდასტურებიათ, რომ შესყიდვის განხორციელებაში მათი მონაწილეობა არ იწვევდა ინტერესთა კონფლიქტს.

დარღვევები ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის შერჩევისას – პრეტენდენტებს არ წარმოუდგენიათ ელექტრონული ტენდერების პირობებით მოთხოვნილი ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, ჯამში − 250,000 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნული გარემოება სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში არ იყო გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუსაბამობა იყო დისკვალიფიკაციის საფუძველი, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა: შპს „იორბილდინგსა“ და შპს „ბლოკგეორგიასთან“. შესაბამისად, დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა.

ელექტრონული ტენდერის შედეგების განხილვისას სატენდერო კომისიამ მოქმედი წესის დარღვევით, ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი შემოთავაზების მქონე შპს „ფორმა 2“-ს მოსთხოვა წარმოედგინა სარემონტო სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია არაგონივრულ ვადაში. სამინისტრო არ დაელოდა პრეტენდენტისგან ინფორმაციის მიღებას და მოახდინა მისი დისკვალიფიკაცია.

საბოლოოდ, სატენდერო კომისიამ გამარჯვება მიანიჭა მომდევნო პრეტენდენტს, შპს „შანსი 2010“-ს და გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება  29,996 ლარის ღირებულებით, რითაც 1,100 ლარის საბიუჯეტო სახსრები გაიხარჯა არარაციონალურად.

სამშენებლო სამუშაოების ხარისხის დამადასტურებული დოკუმენტაციის არარსებობა – სამინისტროს 16 ობიექტიდან არცერთზე მოუთხოვია სარემონტო სამუშაოების მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამავდროულად, ექვს ობიექტზე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი მასალების დამტკიცებული ფასები არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების ფაქტობრივ მონაცემებს და აღნიშნული სხვაობის მიზეზი არ არის ახსნილი.

სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება

ელექტრონული ტენდერის ჩასატარებლად სამინისტროს მიერ შედგენილ ტექნიკურ დავალებებში არ იყო მიმწოდებლებზე წაყენებული ტექნიკური და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ისეთი რელევანტური მოთხოვნები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა: ა) მიმწოდებლების ტექნიკური ცოდნის/გამოცდილების, ბ) ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების, გ) სანდოობის შეფასება.

სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრძანებებით დამტკიცებული სარემონტო- აღდგენითი სახის სამუშაოების კომისიის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, შეიქმნა ტენდერებში დაბალკვალიფიციური პრეტენდეტების მონაწილეობის რისკები. აუდიტორული პროცედურებით დაფიქსირდა, რომ:

  • 10-დან შვიდ შემთხვევაში ტენდერს ჰყავდა მხოლოდ ერთი მონაწილე;
  • გარდა ერთი შემთხვევისა, ელექტრონულ ტენდერებში აღინიშნება დაბალი ფასდაკლება − შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და საბოლოო (ხელშეკრულების) ღირებულებას შორის სხვაობა 3%-ს არ აღემატება;
  • სამ შემთხვევაში საერთოდ არ არის წარმოდგენილი ფასდაკლება.
  • ოთხ შემთხვევაში გამარჯვებულად გამოვლენილია პრეტენდენტი, რომელსაც ელექტრონული ტენდერის ჩატარების მომენტისას ერიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება − მეწარმეთა რეესტრში ამონაწერით დასტურდება მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი სარემონტო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენცია და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა.

სარემონტო სამუშაოების შესრულება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობა – მოქმედი წესის მოთხოვნების მიუხედავად, პროგრამის განხორციელების პერიოდში აღინიშნა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან კონტროლის მექანიზმების არაქმედითუნარიანობა. სატენდერო ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე ჯეროვანი კონტროლის არარსებობამ განაპირობა დარღვევები სარემონტო სამუშაოების შესრულებისა და მიღება-ჩაბარებისას. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგად არაჯეროვნად გაიხარჯა 4,100 ლარამდე საბიუჯეტო სახსრები და ვერ იქნა მიღწეული პროგრამით დასახული მიზნების ეფექტიანობა.

სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისას გამოვლენილი დარღვევები – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „იმედის“ მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი დასკვნის მიხედვით, კორპუსის მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელი იყო „დაზიანებული წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, კორპუსის ირგვლივ ბეტონის წყალხსნარით სარინელის მოწყობა და კორპუსის ფუნდამენტის გამაგრება რკინაბეტონის ბურღვითნატენი ხიმინჯებით“. სამინისტროს ხელმძღვანელობამ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების გარეშე შეცვალა შენობის გამაგრების პროექტი. აღნიშნული ქმედებით შეიქმნა კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებული რისკები.

ობიექტების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლენილი დარღვევები – ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ სარემონტო სამუშაოები შესრულებული იყო მთელი რიგი ხარვეზებით, უხარისხო მასალით და, ამასთანავე, ნაწილი სამუშაოების შესრულება არ დადასტურდა.

არსებული შეუსაბამობები საკმარის საფუძველს იძლევა, რომ დავასკვნათ: შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი სარემონტო ობიექტების მიხედვით გაფორმებულ ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამება და საბიუჯეტო სახსრები ისეა გახარჯული, რომ ეფექტიანად არ არის მიღწეული პროგრამით დასახული მიზნები. კერძოდ, სარემონტო ობიექტებზე სრულად და ხარისხიანად არაა აღმოფხვრილი აქტებით დადგენილი დეფექტები.

რეკომენდაცია N1:

სამინისტრომ, აუდიტის პროგრამის ფარგლებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებულ სამუშაოებზე ობიექტების მიხედვით, საგარანტიო პერიოდის გასვლამდე განახორციელოს შემოწმება, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში უხარისხო მასალების გამოყენებისა და უხარისხოდ შესრულების შედეგად შესაძლო დარღვევების/ხარვეზების ან მიწერების ფაქტების გამოვლენის მიზნით. დასახოს კონკრეტული გეგმა აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად შემსრულებლის, დაფინანსების წყაროსა და შესრულების ვადების მითითებით.

რეკომენდაცია N2:

სამინისტრომ სრულყოს არსებული კონტროლის მექანიზმები და დაგეგმოს ქმედითი ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო პროგრამის დასახული მიზნების მიღწევა, საბიუჯეტო ასიგნებების რაციონალური და მართლზომიერი ხარჯვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close