საზოგადოება

აკადემიკოსი მზექალა შანიძე 95 წლის გახდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.

„აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობასა და წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას ვუსურვებ.

მნიშვნელოვანია მზექალა შანიძის როლი ქართველოლოგიური საკითხებისა და ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის – ფსალუნის ტექსტის ქართულად თარგმნის ისტორიის კვლევის საქმეში. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დადგენასა და გამოცემას, აგრეთვე, სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში ახლად აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერულ შესწავლას.

მზექალა შანიძე, მიუხედავად თავისი ასაკისა, გამორჩეულად თანამედროვე მეცნიერია და ამ მხრივ მისაბაძი შემდგომი თაობებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს მართლაც გამორჩეულ მეცნიერს, ქალბატონ მზექალა შანიძეს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!“ – აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან) მზექალა შანიძე არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close