Slider

„ადამიანს სიცოხლეში გათელავენ, გადაუვლიან, გაანადგურებენ… სიკვდილის მერე კი მიხაკი არ დაუდესო…“ (ვიდეო)

„ადამიანს სიცოხლეში გათელავენ, გადაუვლიან, გაანადგურებენ… სიკვდილის მერე კი მიხაკი არ დაუდესო“ – პუბლიცისტი ლევან ცალუღელაშვილი 2004 წელს იხსენებს, როდესაც თავადაც ჟურნალისტი იყო და პირველი არხიდან გამოშვებული კოლეგების მხარდასაჭერად მისული სასტიკი თავდასხმის მსხვერპლად იქცა.

„მოვისმინე გიორგი გაბუნიას მონოლოგი დედის შესახებ და ფიქრი თავისით აირია თუ დალაგდა. კომენტარებში წერდნენ, გიორგი, ბიჭო, შენ ვის მხარესაც დგახარ და ვისაც იცავ, სწორედ იმათ გამოაგდეს დედაშენი სამსახურიდანო. ეს დეტალები, რასაც ჰყვები, დედაშენს არ ესიამოვნებოდაო და რა თქმა უნდა, იყო უამრავი გულწრფელი მწუხარების და სამძიმრის წერილი, რომელსაც მეც ვუერთდები. ასევე წერდნენ, პირველ არხს ერთი ყვავილი არ გაუგზავნია ჯულიეტა ვაშაყმაძის ხსოვნის პატივსაცემადო. მე რაც ვნახე, ცუდი სიუჟეტები არ გასულა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ცნობილი ტელეწამყვანის შესახებ. გემახსოვრებათ, გადაცემა “ჩვენი ფოსტა”. ეს იყო ჯულიეტა ვაშაყმაძის ბოლო გადაცემა, ავადსახსენებელ 2004 წლამდე, როდესაც პირველი არხის ჟურნალისტები(ზ. შენგელიას მმართველობის დროს) უცერემონიოდ და უპატივცემულოდ, დამნაშავეებივით გამოყარეს ქუჩაში. ამას მოჰყვა მათი საპროტესტო გამოსვლა ჟურნალისტთა ფედერაციის შენობაში, რასაც ვაშუქებდი, როგორც ტელეჟურნალისტი, 28 თებერვალს. რა დროსაც ჩემზე და ჩემ ოპერატორზე განხორციელდა თავდასხმა, სწორედ იმ ძალის მიერ, ვისაც არ “აწყობდა” ეს სამარცხვინო ამბავი რეზონანსული გამხდარიყო. როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, სწორედ ამ უსამართლობის შემდეგ დაიწყო დედამისის სულიერი და ფიზიკური განადგურება. საბედნიეროდ, ქ-ნ ჯულიეტამ მართალია, მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ მეუღლის სასარგებლოდ მაინც, სამართალს მიაღწია. მაშინდელი შრომის სამართალი, როგორც ჩანს, დამსაქმებლის მიმართ ძალზე “ჯიგრული” იყო.
2004 წლის 28 თებერვალი ჩემთვისაც იყო პირველი საჯარო დარტყმა და კარგად გააზრება ფრაზისა “ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!”
დიახ, ხანდახან ადამიანს მართლაც რომ თავ-ბედი საწყევარი შეიძლება გაგიხდეს მხოლოდ იმის გამო რომ სწორედ ამ უსამართლობის მორევში იშვი და აღმოცენდი. გადავხედოთ დღევანდელ ე.წ. ტელესახეებს თუ ისე “სახეებს”, რა დღეში არიან… არიან თუ არ არიან, როგორ იყენებენ თავიანთ ვითომ ცნობადობას, როგორ მოელიან სარგებელს ყოველ ფეხის ნაბიჯზე და გამოსდით კიდეც. ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. უფროსი თაობა, ჯულიეტა ვაშაყმაძის თაობა, საკუთარი სახელით მანიპულირებას, სარგებლის მიღებას, ასეთი არათავმდაბლური ფორმებით არ კადრულობდა და თუ კადრულობდა, თავად ჯულიეტა ვაშაყმაძეს არ უკადრია. ამბობდა კიდეც, არქიტექტურას(სადაც ასპირანტურაც კი დაამთავრა) და მსახიობის კარიერას ტელევიზია რომ ვარჩიე, ეს უკვე უსიტყვოდ მეტყველებს თუ რას ნიშნავს ჩემთვის ტელევიზიაო. ლარი კინგი ასაკოვანი კი არა, ხანდაზმული კაცია, მაგრამ BBC-ს მისი “ჩამოწერა” არც კი უფიქრია, გაბედვით როგორ გაუბედავდნენ, დღემდე ლარი კინგი ლარი კინგობს.
მე რომ რკინის კეტი სახეში მირტყეს, ეს ვის ახსოვს, ანდა რა მოსატანია იმასთან, რაც თავად ჟურნალისტიკის დაბადების მემატიანეებს გაუკეთეს. ვის სჭირდება მაგათი მიხაკებიანი “ვენოკი”… არავის. ადამიანს სიცოხლეში გათელავენ, გადაუვლიან, გაანადგურებენ… სიკვდილის მერე კი მიხაკი არ დაუდესო… ეს ხომ სირცხვილზე მეტია. მაცხოვარი ბრძანებს, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნებაო. ადამიანის საუნჯე კი ის არის, რასაც მთელ ცხოვრებას მსხვერპლად სწირავს. ჯულიეტა ვაშაყმაძის საუნჯე ტელევიზია იყო და მას გული მოუკლეს. ის ახლახანს კი არ გარდაიცვალა, 2004 წელს მოკლეს და მიუხედავად ამისა, მაინც ღირსეულად, ამაყად თავაწეულმა გაიარა უსამართლო და ცოდვა-მადლიან ბეწვის ხიდზე, ჯოჯოხეთად რომ უქცევია ზოგიერთ ავისმქმნელს და მაინც ცხოვრება რომ ჰქვია. მხოლოდ ჯულიეტა ვაშაყმაძე კი არა, მისი თაობა პირველ არხზე, სამარცხვინოდ დაიჩაგრა და მადლობაც არავის უთქვამს მათთვის. მათ ე.წ. “საბაზრო ეკონომიკის” აზროვნებამ მოუსწრო, თუმცა “მოაზროვნეები” ნამეტანი ხისტები აღმოჩნდნენ. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ფაქიზი სულის ქალბატონს. 2004 წელს, ამაგდარი ადამიანების “განდევნაი საკვირველი” კი სამარცხვინო ლაქად დარჩება ქართული ჟურნალისტიკის უახლეს ისტორიას“ – წერს ლევან ცალუღელაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close