Sliderსაზოგადოება

ადამიანები, რომლებიც თქვენთვის მშვიდ გარემოს ქმნიან – გაიცანით თბილისის მერიის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები

ერთი შეხედვით მშვიდი სამუშაო გარემო – მოწესრიგებული სივრცე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული.
ეს არის უცხო თვალისთვის მარტივი, რეალურად კი შრომატევადი სამსახური, სადაც  თითოეული თბილისელი ერთხელ მაინც ყოფილა. აქ მუშაობენ ახალგაზრდები, რომლებიც თქვენთვის მშვიდ გარემოს ქმნიან.
დღეს „პროგრესნიუსი“ გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან  ყველაზე რთულ, საჭირო და აუცილებელ დროს არიან – პასუხობენ კითხვებს, გაკვალიანებენ და გიადვილებენ ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გზის გაკვალვას.
ეს თბილისის მერიის მომსახურების ცენტრია.
დაგვეთანხმებით, ტურისტის შეხედულება ქვეყანაზე, სადაც დასასვენებლად ან სხვა მიზეზით ჩადის, იწყება აეროპორტიდან. სტუმრად მისულს ოჯახზე წარმოდგენა ეზოდან, პირველი ნაბიჯიდან გექმნება.  სახელმწიფო სტრუქტურაში თუ კერძო სექტორში მისულს, ერთგან საშვთა ბიუროდან, მეორეგან მენეჯერთან ურთიერთობით გრძნობ როგორ მოგემსახურებიან.  თბილისის მერია კი მომსახურების ცენტრიდან იწყება.

დასაწყისშივე აღვნიშნავ, ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. სმენადაქვეითებული ადამიანები საინფორმაციო მონიტორით სარგებლობენ. მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი, უსინათლო მოქალაქეებისათვის სივრცის რუკა, ასევე ადაპტირებული ოპერატორის მაგიდები.

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეუძლიათ. დანერგილია ელექტრონული მომსახურება და  ნებისმიერი მომსახურების მიღება თბილისელებს  სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

„დღეში საშუალოდ 2500-3000 მოქალაქეს ვემსახურებით. ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონის გამგეობების კომპეტენციაში შედის. ყოველთვის ვცდილობთ მოქალაქეს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ, დავეხმაროთ, საკითხი თავიდან ბოლომდე გავურკვიოთ. ჩვენ, ასევე,  მოქალაქეთა მომსახურებას ვახორციელებთ ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტის ფარგლებში. აქტიური ლოკაცია ქალაქის ოთხ რაიონშია. ეს პროექტი ხელს უწყობს საგზაო მოძრაობის განტვირთვას“, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი მომსახურების ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო ბარნაბიშვილმა.

მომსახურების ცენრტი 11 სერვისცენტრს აერთიანებს. აქედან ათი თბილისის რაიონულ გამგეობებშია განთავსებული, მეთერთმეტე – მერიაში, რომელსაც უფრო შარტავას ოფისად იცნობს საზოგადოება. თერთმეტივე ცენტრსა და პარკირების პროექტში 120 ადამიანია დასაქმებული.

მომსახურების ცენრტი 09:00- დან 20:00 საათამდე ემსახურება მოქალაქეებს. პანდემიამდე  შაბათს სამუშაო დღე  10:00 – დან 14:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, პანდემიის პირობებში დატვირთვა გაიზარდა.

„11 ლოკაციაზეა გადანაწილებული თანამშრომლები და შეუფერხებლად ვმუშაობთ.  ვისარგებლებ შემთხვევით და აღვნიშნავ, პანდემიის პირველ ეტაპზე ძალიან სწრაფად მოვახერხეთ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. თანამშრომლების ნაწილი სახლიდან მუშაობდა, ნაწილი სამსახურში დადიოდა. ამ პერიოდში დღეში 6000-დან 7000-მდე მოქალაქეს ვემსახურებოდით“, – გვეუბნება სოფიო ბარნაბიშვილი და თანამშრომლებს გვაცნობს.

სალომე ფხალაძე მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრის ოფიცერია. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მაგისტრი და რაც მთავარია ორი შვილის დედა.

„უკვე ექვსი წელია მომსახურეობის ოფიცერი ვარ.  ძირითადად კერძო კომპანიებში ვმუშაობდი იგივე მიმართულებით. ერთ დღესაც  გადავწყვიტე საჯარო სამსახურშიც გამომეცადა თავი. გამოცხადებული იყო კონკურსი, მივიღე მონაწილეობა და ასე დავიწყე მერიის მომსახურების ცენრტში მუშაობა. მომაბეზრებელია თუ არა აქ მუშაობა? სამუშაო ვითარება, ერთფეროვანი სულაც არაა. ჩემი პროფესია საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებაა. ამ კუთხით განვითარებისთვის უკეთესი შესაძლებლობას, იმ დროს, როცა სამუშაო პირობები შექმნილია, ძნელად იპოვით“, – გვეუბნება სალომე.

რომეო ჭითანავა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრია. ის მომსახურების სააგენტოში,  კონკურსის გავლის შემდეგ,  2018 წლიდან მუშაობს. რომეო ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც პანდემიის პირობებში ერთი დღეც კი არ გაუცდენია სამსახური: „გაჭირვების დროს უკანდახევა წესი არაა, მითუმეტეს, აქ ყველა პირობაა იმისათვის, რომ ადამიანმა თავი დაცულად იგრძნო“ – გვეუბნება რომეო.

შეიძლება ვინმემ ვერც კი წარმოიდგინოს, მაგრამ მომსახურების ცენტრს შეხება აქვს ნებისმიერი პროექტთან, რომელიც კი განახორციელა თბილისის მერიამ. მაგალითისთვის ავიღოთ სტუდენტთა დახმარების სოციალური პროგრამა.

თბილისის მერიამ, პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტებისთვის გაზარდა სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება. მარტში ამ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას თბილისის მერმა აღნიშნა: „ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება,  რათა ფინანსურად დავეხმაროთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს. პროგრამაში შემოვიტანეთ გარკვეული ცვლილებები, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდეს. წელს 2 000-მდე ახალგაზრდას ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროგრამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ყველა განხორციელებული ინვესტიცია, რაც ხმარდება ახალგაზრდებს, მათ განათლებას სამომავლოდ ისევ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება. ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებს გვერდით დავუდგებით“.

_ როდესაც ამ ძალიან კარგი პროგრამის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ბუნებრივია,  ჩვენთან მომართვიანობა გაიზარდა. მოგეხსენებათ, რომ 2018-21 წლებში სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დაფინანსებისთვის ბიუჯეტი გაორმაგდა და დაფინანსება ჯამში 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო. მათ შორის, 1 400 მაგისტრმა. როგორ ვმოქმედებთ ასეთ ვითარებაში? ჩვენ ერთი გუნდი ვართ და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ შეთანხმებით. ეს კი შესრულებული სამუშაოს ხარისხს ამაღლებს, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რომეო ჭითანავამ.

მომსახურების ცენტრის კიდევ ერთი ოფიცერი ია გოგიჩაიშვილი 2 წელია  ცენტრში მუშაობს:  _ ადამიანი ინდივიდია და შესაბამისად, რამდენი ადამიანიცაა იმდენი ხასიათია. ნებისმიერი ჩვენთაგანი ვღელავთ, როცა ვცდილობთ ჩვენს წინაშე წამოჭრილი პრობლემის გადაჭრას. როცა მოქალაქე მოდის და დახმარებას ელის, უნდა დაეხმარო. რატომ უნდა შეუქმნა პრობლემა, ჩვენ ხომ ისედაც დაძაბულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. განსაკუთრებული დატვირთვა როდის იყო? ავიღოთ ტაქსების რეფორმა. იმ პერიოდში, როცა რეფორმა გამოცხადდა დედაქალაქში, A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 11 000-ს აღწევდა. ბუნებრივია, მომართვიანობა გაიზარდა. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ძალიან ლამაზია და მოუხდა ქალაქს თეთრი, მანათობლით აღჭურვილი ტაქსი,  მგზავრებსაც მარტივად შეუძლიათ განასხვავონ დაკავებული და თავისუფალი ტაქსი და იმგზავრონ სუფთა ავტომობილით“.

ასეთია ამ ადამიანებისთვის სამუშაო გარემო. ისინი არ ხვდებიან ჟურნალებისა და გაზეთების პირველ გვერდზე, მათ შესახებ სიუჟეტებს ვერსად ნახავთ, მაგრამ აი, ეს ახალგაზრდები არიან გარანტორები, ყველა იმ პროექტის მოსახლეობამდე მიტანაში, პროექტის წარმატებაში, რომელსაც მერია ახორციელებს.

“პროგრესნიუსი”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close