საზოგადოება

თემურ ჭიჭინაძე: „საპატიო კონსულების ინსტიტუტის, როგორც დიპლომატიური ბერკეტის გაძლიერება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საგარეო ურთიერთობებში“

მსოფლიოსა და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ბოლო წლებში რადიკალურად შეცვლილმა პოლიტიკურმა ლანდშაფტმა ახალი გამოწვევები წარმოშვა, რომლებზე რეაგირებაც როგორც ტრადიციული დიპლომატიური ხერხებით, ისე არაორდინალური, თუმცა ნაცადი და აპრობირებული სვლებით არის აუცილებელი.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რეზერვია საპატიო კონსულთა ინსტიტუტის შესაძლებლობების სრულად ამოქმედებისთვის ხელშეწყობა, რათა ქვეყნებს შორის პოლიტიკურთან ერთად, მაქსიმალურად გაღრმავდეს სავაჭრო-ეკონომიკური და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ურთიერთობები.

საქართველოში ფუნქციობს საპატიო კონსულთა ასოციაცია, რომელიც უცხო ქვეყნების მიერ დანიშნული საპატიო კონულებისგან შედგება. ასოციაციის მისიაზე, მის როლსა და პოტენციალზე, დიპლომატთა გაერთიანების  ხელმძღვანელს,  ფილიპინების საპატიო გენერალურ კონსულს საქართველოში თემურ ჭიჭინაძეს გამოცემა ბანკები და ფინანსები ესაუბრა.

– ბატონო თემურ, რა მიზნით არის შექმნილი საქართველოში უცხო ქვეყნების მიერ  აკრედიტირებული საპატიო კონსულების ასოციაცია, რაში ხედავთ თქვენი გაერთიანების მისიას და ამოცანას?

– საქართველოში აკრედიტირებული საპატიო კონსულები, იმთავითვე აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით ერთმანეთთან და სხვადასხვა, ძირითადად, არაფორმალურ ფორმატებში გვქონდა ხშირი შეხვედრები. სწორედ ამ მოცემულობაში, წლების წინ, გამოიკვეთა საჭიროება და უფრო მეტიც, აუცილებლობაც, რომ შექმნილიყო საპატიო კონსულთა ინტერესების გამომხატველი და დამცველი ორგანიზაცია, რომელსაც ოფიციალურ ფორმატში ექნებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თუ სხვა უწყებებთან ურთიერთობის საშუალება. ეს სწორი და მართებული ფორმატია და საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების საპატიო კონსულები, როგორც წესი, სწორედ ასოციაციის ეგიდით ვმუშაობთ, როცა საქმე, ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით,  საერთო გამოწვევას ეხება.

ზოგადად, საინტერესოა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო პრაქტიკაში, როგორც წესი, ქვეყნები საპატიო კონულებს არჩევენ იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია მათი პირადი  დიპლომატიური, განსაკუთრებით კი საქმიანი და კულტურული კონტაქტები სამოღვაწეო ქვეყანაში, ცხადია, წარმგზავნ ქვეყანასთან მისი კავშირების ხარისხი ამ დროს მთავარი და გადამწყვეტია. ამ ნიშნით, ბუნებრივია, თითქმის გამონაკლისის გარეშე, საპატიო კონსულებად ირჩევა საქმიანი წრეების აქტიური წევრი ეთნიკურად იმავე ქვეყნიდან, სადაც მან უნდა იმუშაოს. სწორედ ამიტომ არის, რომ საპატიო კონსულები, პრაქტიკულად და რეალურად, ორივე ქვეყანას, წარმგზავნსაც და მიმღებსაც, თანაბრად წარმოადგენენ. ეს მათ მუშაობას უაღრესად აიოლებს და უფრო საინტერესოს ხდის.

რაც შეეხება დასმულ კითხვას – რა არის ასოციაციის მისია და ამოცანა, გეტყვით რომ უმთავრესი აქ არის ჩვენი, საპატიო კონსულების როლი ქვეყნებს შორის ახალი კონტაქტების დამყარებაში, არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში. იმ გზების და საშუალებების ერთობლივად დახვეწაში, რაც ჩვენი მარწმუნებელი ქვეყნების  ინფორმირებაში დაგვეხმარება, რომ იქ იყოს სრული ინფორმაცია, თუ რა პრიორიტეტები და შესაძლებლობებია საქართველოში.

ასევე და ანალოგიურად, ჩვენს ამოცანად მიგვაჩნია ზრუნვა ქართული ბიზნესს და კულტურულ-საგანმანათლებლო წრეების კავშირების გაფართოებაში მარწმუნებელი ქვეყნების შესაბამის წრეებთან, ქვეყნების დაახლოებაში, ახალი ბაზრების გახსნაში, ბიზნეს-სექტორების ერთმანეთისთვის გაცნობაში. ყოველმხრივ ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. კარგად გვესმის, რომ საპატიო კონსულების ინსტიტუტის, როგორც დიპლომატიური ბერკეტის გაძლიერება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საგარეო ურთიერთობებში. ასოციაცია უკვე წლებია მუშაობს და  მინდა ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის, ნამდვილად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ათეულობით სერიოზული, საქმიანი და მოტივირებული ადამიანისგან შემდგარი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა.

– როგორი, ასე ვთქვათ, „გეოგრაფიით“ ხასიათდება საპატიო კონსულთა ასოციაცია. რამდენი სახელმწიფოს მიერ დანიშნულ საპატიო კონულს აერთიანებთ თქვენს ორგანიზაციაში? რა მეთოდებით და საშუალებებით მუშაობთ? სად და რაში ხედავთ საქმიანობის გაუმჯობესების და შედეგზე უფრო მკაფიოდ ორიენტირების შესაძლებლობას?

– „გეოგრაფია“ საკმაოდ მომცველი და საინტერესოა. საქართველოში  საპატიო კონსულები თითქმის ყველა კონტინენტიდან  არიან  წარმოდგენილები, სადღეისოდ ასოციაციაში გაწევრებულია 26  ქვეყნის წარმომადგენელი საპატიო კონსული.

მეამაყება, რომ ჩვენი ასოციაციის წევრები, გარდა იმისა, რომ მათ გააჩნიათ გარკვეული ფინანსური პოტენციალი, რომლის ბაზაზეც ახორციელებნ საკუთარ უფლებამოსილებას, ასევე ფლობენ სპეციფიკურ ცოდნებს. მათ აქვთ დიდი ცხოვრებისეული და პრაქტიკული საქმიანი გამოცდილება, კარგად ფლობენ დიპლომატიურ პროტოკოლს და რაც მთავარია დიპლომატიაში – კარგად იციან ადამიანებსა და ინსტიტუტებს შორის სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი დაცვის  ფასი. ამგვარი თვისებებით აღჭურვილი და ერთად თავმოყრილი საზოგადოება, მერწმუნეთ, სერიოზული ძალაა ურთიერთობების ისეთ არეალში, როგორში მუშაობის საშუალებაც საპატიო კონსულებს ეძლევათ და სადაც დიპლომატიურ პროტოკოლზე წინ და მაღლა, ხშირად, სწორედ ადამიანური ურთიერთობები და სახალხო დიპლომატიის ელემენტები დგას.

ყველაზე მთავარი და სასიხარულო, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, არის ის, რომ მინისტრ ილია დარჩიშვილის პირობებში, პრაქტიკულად სრულფასოვნად აღდგა საქართველოს საგარეო სამინისტროსთან საქმიანი კომუნიკაცია, რაც ჩვენი მუშაობის პროცესში უმთავრესი ფაქტორია.

ინფორმირებულმა და დაინტერესებულმა საზოგადოებამ იცის, რომ ლამის 10 წლის მანძილზე საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის უაპელაციო და აუხსნელი პირადი გადაწყვეტილების შედეგად, თითქმის ბოლომდე ჩამოშლილი იყო  საპატიო კონსულების ინსტიტუტი. ეს იყო პერიოდი, როცა ძალიან გართულებული იყო  ადეკვატური კომუნიკაციის დამყარება  სხვადასხვა უწყებასთან.

ეს ყველაფერი, ჯამში, ქმნიდა ვიტარებას, როცა საერთაშორისო  კონვენციებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას პრაქტიკულად ვერ ვახერხებდით. რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდებოდა ჩვენი მოვალეობის შესრულება მაშინაც კი, როცა საქმე ეხებოდა ჩვენი წარმომგზავნი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემნილი ადმინისტრაციული თუ სხვა სახის პრობლემების დაძლებაში დახმარებას.

– სადღეისოდ როგორ შეაფასებთ „საპატიო კოსულთა ასოციაციასა“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობის ხარისხს?

მოხარული ვარ, რომ მსგავსი შეფერხებები  თითქმის  აღარ არსებობს და რომ საპატიო კონსულთა კორპუსის ურთიერთობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კვლავ უბრუნდება ორმხრივ აუცილებელ და საჭირო კალაპოტს.

ჩვენი სურვილია და ვთვლით, რომ ეს აუცილებლობაა, ყოველთვის ვიყოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით გამართული ყველა დიპლომატიური ღონისძიების სტუმრები, როგორც  დიპ. კორპუსის წარმომადგენლები. ჩვენი კორესპონდენცია კვლავ უნდა გახდეს მასშტაბური და სამინისტროს მხრიდან მუდამ საქმის კურსში უნდა ვიყოთ დაგეგმილი აქტივობების თაობაზე.

ცხადია, ეს და ამგვარი ეს პრაქტიკა უდავოდ დაგვეხმარება მუშაობაში, ახალი კონტაქტების დამყარებაში, არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში და ჩვენი მარწმუნებელი ქვეყნების  ინფორმირებაში, თუ რა პრიორიტეტები და შესაძლებლობებია საქართველოში. ეს თავისთავად დადებითად აისახება ასევე ქართული ბიზნესს და კულტურულ-საგანმანათლებლო წრეების კავშირების გაფართოებაზე ჩვენი მარწმუნებელი ქვეყნების შესაბამის წრეებთან.

ვმუშაობთ და გვსურს საქართველოს მთავრობასთან მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ერთგვარ სამუშაო წესად განისაზღვროს და გარკვეული პერიოდულობით შედგეს საპატიო კონსულების ასოციაციის ფორმატში შეხვედრები მთავრობის, განსაკუთრებით კი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან.  ეს იქნება იდეალური საშუალება, საიმისოდ რომ სრულად ვიყოთ ინფორმირებულები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და ბიზნეს-შესაძლებლობების თაობაზე. მსგავსი ფორმატები პრაქტიკაში ძალიან კარგად მუშაობს და დადებითად აისახება ქვეყნების ეკონომიკურ კავშირებზე.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენს ასოციაციასა და საქართველოს მთავრობას, მათ შორის, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საბოლოოდ და მყარად ჩამოყალიბდება თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა, რაც შედეგად მოიტანს ქვეყნებს შორის გაუმჯობესებულ სოციალ-ეკონომიკურ კავშირებს თავისი შესაბამისი დადებითი შედეგებითურთ.

ზოგადად, ადრეც მითქვამს და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ საპატიო კონსულის ინსტიტუტი ამოუწურავი რეზერვია დიპლომატიურ ურთიერთობებში. მთავარია, ამ ინსტიტუტს ჰქონდეს აუცილებელი მხარდაჭერა და თანადგომა მიმღები ქვეყნის მიერ.

პირადად მე, როგორც საპატიო კონსულთა ასოციაციის ხელმძღვანელს, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრის, ბატონ ილია დარჩიაშვილის მიდგომა საპატიო კონსულთა ინსტიტუტისადმი, მაიმედებს, რომ ამ თვალსაზრისით, –  კონსულთა ინსტიტუტის გაძლიერების თვალსაზრისით, მომავალში, მხოლოდ შეუქცევადად დადებით ტენდენციას უნდა ველოდოთ.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close