Slider

მერაბ კოსტავას ცხოვრების უცნობი დეტალები – რა ისტორიებს იხსენებს ციხის უფროსი?

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. იგი 26 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატსტროფაში დაიღუპა.

„პროგრესნიუსის“ დღევანდელი რესპოდენტი ადვოკატი ვლადიმერ (ვალოდია) ტაბაღუას 40 წელიწადზე მეტი სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა და სხვადასხვა კოლონიის უფროსი იყო. ამ წლების მანძილზე ყველა კატეგორიის დამნაშავესთან ჰქონია ურთიერთობა, უბრალო კრიმინალიდან დაწყებული, პოლიტპატიმრების ჩათვლით, რეციდივისტით დამთავრებული. „პროგრესნიუსმა“ ბატონ ვალოდიასთან რამდენიმე საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, ამჯერად გთავაზობთ საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას შესახებ ვალოდია ტაბაღუას მონათხრობს:

_ საქართველოს ეროვნულმა გმირმა მერაბ კოსტავამ მთელი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ის ერთი პერიოდი ჩვენს კოლონიაში იხდიდა სასჯელს. მისი პირადი საქმე არაერთხელ მაქვს გადაკითხული და აღფრთოვანებული ვიყავი, როცა ვხედავდი ასეთ ძლიერ ადამიანს, უმძიმესი პირობების მიუხედავად განსაცდელს არ უშინდებოდა, პირიქით, უსამართლოდ დასჯილი წამებას იტანდა. მისი პირადი საქმე ერთი სქელი ტომი იყო. თითოეულ ფურცელს რამდენჯერმე გავეცანი. დღეს მისი პირადი საქმე აღარ არსებობს. როცა სუკ-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებს ხანძარი გაუჩნდა, მაშინ ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი განადგურდა, მათ შორის მერაბ კოსტავას პირადი საქმე. ისეთი საინტერესო და ინფორმაციით სავსე მასალა იყო, წიგნის გამოცემა შეიძლებოდა. მისი მთელი ცხოვრება აღწერილი იყო იმ პირად საქმეში. ის საქმე არქივიდან სახლში წამოვიღე, მინდოდა ამ ეროვნული გმირის ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები შემენარჩუნებინა და ქსეროქსები მქონოდა. არ ვიცი ეს ამბავი როგორ გაიგეს, მეორე დილას შრომა-გასწორების სპეცნაწილის სამმართველოს უფროსმა, ლაჩინოვმა მომაკითხა და მითხრა, – კოსტავას პირადი საქმე წამოგიღია და უფროსს სჭირდებაო. ქსეროასლების გადაღება ვეღარ მოვასწარი, სულ რამდენიმე დოკუმენტი შემრჩა მხოლოდ გადაღებული, რა უნდა მექნა, პირადი საქმე გადავეცი. იმედი მქონდა, ისევ შევძლებდი მის ხელში ჩაგდებას და ასლების შენახვას, მაგრამ ვერ შევძლელი. ამ ფაქტიდან მეორე დღეს, შევჩენკოს ქუჩაზე, შს სამინისტროს არქივს ცეცხლი გაუჩნდა. მერე საქმე რომ მოვიძიე, ლაჩინოვმა მითხრა, სხვა დოკუმენტებთან ერთად მერაბ კოსტავას პირადი საქმეც დაიწვაო. ვინ დაავალა და რატომ წაიღო, არ ვიცი. სავარაუდოდ ეს მასალა მაშინ განადგურდა. იმ საქმიდან გადაღებული ნაწილი ასლების შემომრჩა. მაშინ მერაბ კოსტავას საზოგადოებამ გამოაცხადა, რომ ეროვნულ გმირზე წიგნი მზადდებოდა და მასალებს აგროვებდნენ. დაქსეროქსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი პატიმარს ავაკინძინე, სპეციალური ყდაც დავუმზადე და კოსტავას საზოგადოებას გადავეცი. მოგვიანებით რომ მოვიძიე, მითხრეს, დაიკარგაო. მინდოდა გადარჩენილი ასლები მის მუზეუმში ჩამებარებინა, მაგრამ ასე მოხდა. საქმეზე ფოტოც იყო დართული. მერაბ კოსტავას გაშეშებული, არამეტყველი კადრი. საქმეზე დაკრული იყო თმებგადაპარსული მერაბის სურათი.

_ რაიმე დეტა;ლი გახსოვთ იმ საქმიდან?

_ რამდენიმე გვერდიანი სასამართლოს განაჩენით იწყებოდა მისი პირადი საქმე, დანარჩენ ფურცლებზე მისთვის გამოცხადებული საყვედურები და საჩივრები იყო აღწერილი; კარცერებში და კემერული ტიპის დაწესებულებებში გადაყვანის ბრძანებები. რუსეთში სულ კარცერში და საპატიმროში ჰყავდათ გამოკეტილი, უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი და ამდენი ტანჯვის მიუხედავად, ის ქვეყნის სადარაჯოზე სიკვდილის ბოლო წუთამდე იდგა.

– პირადად შეხვედრილხართ მერაბ კოსტავას?

_ N1 იზოლატორში სპეცნაწილის უფროსი ვიყავი, როცა პირველად მერაბ კოსტავას შევხვდი. რუსეთიდან ახალი ჩამოყვანილი იყო. განკარგულება მივიღეთ, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გასამართლებულებს შეწყალებაზე განცხადება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე უნდა დაეწერათ და შეიწყალებდნენ. როგორც სპეცნაწილის უფროსს, მათთვის ინფორმაციის გაცნობა მევალებოდა. მორიგეს ვთხოვე ამ ბრალდებით დაკავებულები კაბინეტში ამოეყვანა. 4 პატიმარი შემოიყვანეს, მერაბ კოსტავა და კიდევ სამი პირი. მახსოვს, კაბინეტში შემოვიდა გაჭაღარავებული, წვერმოშვებული, გამხდარი, ღრმად მოხუცივით დაუძლურებული მერაბ კოსტავა. გამოჯანმრთელებული არ იყო. ოთახში ბოლთას სცემდა, ნერვიულობა მაშინვე დაეტყო, რაღაცას განიცდიდა, ეტყობოდა ბრაზობდა და უნდობლობის თვალით მიყურებდა. აშკარა იყო, საკნიდან გამოყვანის მიზეზის გარკვევა სასწრაფოდ სურდა. როდესაც ავუხსენი, რომ განცხადება უნდა დაეწერა დარჩენილი სასჯელის პატიებაზე, ძალიან ანერვიულდა, წყენა აშკარად დაეტყო და მითხრა, _ რა პატიების განცხადება უნდა დავწერო? უდანაშაულო ადამიანი ვარ, არავითარი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი ერის და ქვეყნის წინაშე. ვის უნდა ვთხოვო პატიება და რატომ?! კატეგორიული უარის მიუხედავად, შევეცადე ამეხსნა, რომ განცხადების დაწერა მის გათავისუფლებას ნიშნავდა. ამ სიტყვებმა ძალიან გააღიზიანა და ისევ საკანში დაბრუნება მოითხოვა. სხვებმაც მიბაძეს და უარი თქვეს შეწყალებაზე. შეხვედრის შემდეგ ოქმი შევადგინე და შესაბამის ორგანოს გადავეცი. შეუდრეკელი კაცი იყო. შემომრჩა მხოლოდ საქმიდან ამოწერილი პატარა ფრაგმენტები.

ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის იყო გადასახლებული. მერაბ კოსტავა ირკუტსკის ოლქში 2 წლით გადაასახლეს. ასეთი პიროვნებები უშიშროებას სპეციალურ აღრიცხვაზე ჰყავდა და საზოგადოებისგან იზოლირებულნი იყვნენ. მანამდე იყო ქართული ციხე. 1978 წლის 29 მაისს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ა. კობახიძის თავმჯდომარეობით, სახალხო მსაჯულების: ლ. გრიგოლიას, ე. ნარიმანიძის, პროკურორ გ. უგულავას და ადვოკატების: მ. ალხაზიშვილის და ო. ნიკოლეიშვილის მონაწილებით განიხილეს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრალდების საქმე. ისინი 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, _  ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გაასამართლეს და 3-3 წელი მიესაჯათ. სასჯელს დამატებითი სასჯელი, _ გადასახლება დაემატა. პატიმრობის შემდეგ გადასახლებაში გახლდათ. იქაც სპეციალურად პროვოკაცია მოუწყვეს. ირკუტსკში, სოფლის კლუბში გამართულ ღონისძიებაზე და ასე შეიკერა მისი ახალი ბრალდება. თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჩხუბი ატეხა.

ასეთი ეროვნული გმირები მუდამ ციხეში უნდა ყოლოდათ, ეს იყო დაკვეთა და არც საქმეების შეკერვა უჭირდათ. ხულიგნობოს ბრალდება შეუთითხნეს, თითქოს ნასვამმა ჩხუბი ატეხა, არ დაემორჩილა პოლიციელიას, პოლიციელს მაისური შემოახია და თითქოს ხელისკვრით ძირს დააგდო. შეთითხნილი ბრალდებით, 1981 წლის 17 ნოემბერს, ირკუტსკის ოლქში ისევ გაასამართლეს. გადასახლების წლებიც ახალ სასჯელს დაემატა და საბოლოოდ 5 წელი მიუსაჯეს. არ აკმარეს უკანონოდ მისჯილი სასჯელები, ქალაქ ანგარსკში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, საზოგადოებასთან კონტაქტი რომ ვერ მოეხერხებინა სულ მისი თვალთვალი მიდიოდა. აკვირდებოდნენ წერილები არსად არ გაეგზავნა. იმ დროს მერაბ კოსტავა მეუღლესთან, ქალბატონ რუსუდანთან, ფიქტიურად განქორწინებული იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილისთვის ალიმენტი უნდა გადაეხადა. კანონით ვისაც ალიმენტი ჰქონდა გადასახდელი, ისინი მაღალანაზღაურებად სამუშაოზე უნდა დაესაქმებინათ. სამუშაოდ კოლონიის გარეთ გაჰყავდათ ასეთი პატიმრები. გამოიმუშავებდნენ ისინი თანხას და შვილების ასე უხდიდნენ ალიმენტს. დისიდენტებს არ უშვებდნენ ასე თავისუფლად სამუშაოდ. პირად საქმეში ეწერა რომ მერაბ კოსტავამ ბევრჯერ მოითხოვა დასაქმება, მაგრამ უარი მიიღო. ერთხელ არ დააკმაყოფილეს მისი თხოვნა. ადმინისტრაცია მას კოლონიის დამლაგებლობას სთავაზობდა. კანალიზაცია და კოლონიის მთელი ბარაკი, დღეში სამჯერ უნდა დაესუფთავებინა. ამ შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებაზე მან კატეგორიული უარი თქვა. მათაც ეს უნდოდათ, მიეცათ მისი დასჯის შესაძლებლობა და ამ უარისთვის კარცერში მოათავსეს. მის პირად საქმეში 1984 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული განცხადება იდო, კოლონიის უფროსის და ქალაქ ანგარსკის პროკურორის სახელზე: _ დიდი ხანია გთხოვეთ მომაწყოთ სამუშაოზე საწარმოო ზონაში, თქვენ უგულებელყოფთ ჩემს მოთხოვნას და ყოველგვარი საშუალებებით, ცდილობთ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მაიძულოთ ვიმუშაო სამეურნეო საქმიანობაში. ვაცხადებ შიმშილს და მანამდე ვიშიმშილებ, სანამ არ დააკმაყოფილებთ ჩემს მოთხოვნებს.Gგთხოვთ, მომცეთ საშუალება ვიმუშაო და ალიმენტის გადახდა შევძლო!

კოლონიაში მას პროკურორი შეხვდა, მაგრამ სამუშაოზე მაინც არ მოაწყვეს. 5 წლიანი პატიმრობიდან უდიდესი ნაწილი, კარცერში და საპყრობილის რეჟიმში გაატარა. ერთხელ კოლონიის მეორე ბარაკში მყოფი ქართველი პატიმარი რომ მოინახულა, ამისთვისაც დასაჯეს. კარცერში უჰაერობაში, ტუბერკულოზით დაავადდა. უკანონო სასჯელების გამო, დიდხანს შიმშილობდა. 18 დღიანმა მშრალმა შიმშილობამ  ტუბერკულოზით დაავადებული მერაბ კოსტავას ჯანმრთელობა იმდენად შეარყია, რომ საკნიდან ცოცხალ-მკვდარი გამოიყვანეს. იმდენად ცუდად იყო, იძულებული გახდნენ საავადმყოფოში გადაეყვანათ. რომ მომჯობინდა, ისევ უკან დააბრუნეს. იგივე წრე დატრიალდა, დაბრუნებულს ისევ დალაგება მოთხოვეს, ისევ უარი თქვა და ურჩობისთვის ისევ კარცერში უკრეს თავი. შიდაგანაწესის დარღვევისთვის იმდენი ბრძანება დაიწერა და იმდენჯერ დაედო სასჯელი, რომ 1985 წელს, ურჩობისთვის, კიდევ ერთხელ გაასამართლეს. არადა გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა. ძველს კიდევ ერთხელ ახალი სასჯელი, 3 წელი დაემატა და ისევ მოსახდელი 4 წელიწადზე მეტი გაუხდა. კოლონიიდან კოლონიაში გადაჰყავდათ, სულ მოძრაობაში იყო. საინტერესო იყო 1985 წლის იანვრით დათარიღებული მერაბ კოსტავას დახასიათება. მაშინაც კამერული ტიპის საკანში გადასაყვანად ამზადებდნენ და მეცხრე კოლონიის რაზმეულის უფროსი წერდა: `გულჩათხრობილი და ამაყია, სისტემატურად ხაზს უსვამს გარშემო მყოფებთან შედარებით თავის უპირატესობას. ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და თვლის, რომ მას ყველაფერი მოუწყვეს განსხვავებული შეხედულებათა და რწმენის გამო. ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაული პროვოცირებულია. მის ხასიათში ნათლად გამოხატულია ნაციონალიზმის ნიშნები. კითხულობს მხოლოდ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, რომლითაც ნათესავები ამარაგებენ. მეგობრობს მხოლოდ ქართველებთან, კითხულობს ქართულ ლიტერატურას და ძირითადად საუბრობს ქართულად…

მიხეილ გორბაჩოვის დანიშვნის შემდეგ, დისიდენტებს ასე მკაცრად აღარ ექცეოდნენ. მისი პატიმრობის პარალელურად, გარეთ, დისიდენტები არ ჩერდებოდნენ, საერთაშორისო საზოგადოებას უკანონობებზე ინფორმაციებს აწვდიდნენ. ციხიდან ინფორმაციები მაინც ჟონავდა. ამან საბოლოოდ, შედეგი გამოიღო. როგორც იქნა, 1986 წლის დეკემბერში, მერაბ კოსტავა სასჯელის მოსახდელად საქართველოში დააბრუნეს. იმ დროს დისიდენტების მიმართ დამოკიდებულება აშკარად შეიცვალა… საოცარ ინფორმაციებს ამოიკითხავდი მისი პირადი საქმიდან. წარმოიდგინეთ დასჯილი იყო იმისთვისაც, რომ საკანში ერთი ცალი კანფეტი აღმოუჩინეს… თვითონ უგდებდნენ აკრძალულ ნივთს და ისევ სჯიდნენ.

_ ქართულ ციხეშიც ასე ცუდად ექცეოდნენ?

_ არა, ქართულ ციხეში პატივისცემით ექცეოდნენ, როგორც თანამშრომლები, ისე პატიმრები. ბევრს კითხულობდა. უამრავი ფილოსოფიური, თეოლოგიური, ლიტერატურა ჰქონდა საკანში. საპყრობილეში ჩვეულებრივ პატიმრებთან, 15 კაციან საკანში იჯდა. მერე ქსნის ტუბზონაში გადაიყვანეს და გათავისუფლებამდე სასჯელს იქ იხდიდა.

1987 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დისიდენტები შეწყალეს. მერაბ კოსტავას განთავისუფლების ბრძანებაში ეწერა ეს სიტყვები: `მერაბ კოსტავამ შეიგნო თავისი დანაშაული, მოინანია და დაამტკიცა ეს თავისი კეთილსინდისიერი შრომით და ყოფაქცევით, ამიტომ უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან~. არადა მის პირად საქმეში სულ დარღვევებზე და ურჩობაზე იყო საუბარი. ასე ხდებოდა, ხელისუფლებას როცა სჭირდებოდა და როგორც სჭირდებოდა, ისე იქცეოდა. სულიერად უძლიერესი ადამიანი იყო, გადასახლების შემდეგ, მთელი 6 წელი ტანჯვა-წამებაში გაატარა, ჯანმრთელობა შეერყა, მაგრამ სულიერად ვერ გატეხეს… ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვამ სულით ხორცამდე შემძრა. იშვიათად იბადებიან ასეთი სულის, სამშობლოზე გულანთებული ადამიანები.

 

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close