სამართალი

ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია? – ხაზარაძე მოსამართლეს

სასამართლო პროცესზე სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა ხაზარაძის გაძევებით დასრულდა.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა მხარეთა რეპლიკებით განახლდა. ყოფილმა ბანკირებმა ბრალდების მხარე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულეს. პროკურორების განცხადებით, დასტურდება თაღლითობა, ასევე მყარია მტკიცებულებები ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ, რომ ის ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა.

„ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?“,- განაცხადა ხაზარაძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

2019 წლის 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close