Slider

“აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო”- 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა რუსთაველის გამზირზე, ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს. 10000 კაციანი მშვიდობიან დემონსტრაციას 2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი და დესანტის 8 საბრძლო მანქანა დაუპირისპირდა.

9 აპრილის სისხლისფერი დილა თბილისში (ფოტოები) – progressnews.press

16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათგან სამი – ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე მხოლოდ 16 წლის იყვნენ.

25 წლის გია ქარსელაძე კი თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა.

Batumelebi | 1989 წლის 9 აპრილი – ფოტომასალა არქივიდან

ყველაფერი 1989 წლის 18 მარტს დაიწყო, როცა აფხაზეთში, სოფელ ლიხნში ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ პეტიცია შეადგინეს.

4 აპრილიდან „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თაოსნობით, აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

ვითარების განსამუხტად, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა აფხაზეთის კომპარტიის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა თანამდებობიდან გაათავისუფლა, რაც ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარ დასჯას ნიშნავდა, მაგრამ საპროტესტო მუხტის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

ეროვნული მოძრაობის ლიდერებს მიაჩნდათ, რომ აფხაზეთი კრემლის მიერ „შემოგდებული“ თემა იყო და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მოთხოვნა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა უნდა გამხდარიყო.

ფოტოისტორია - 9 აპრილის სახე - ყველასთვის ნაცნობი უცნობი ქალის ისტორია

საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც ათიათასობით ქართველი მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა. მომიტინგეებს დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები).

ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად დაკარგა, ამიტომ ჯუმბერ პატიაშვილმა დახმარება საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვა.

6 აპრილს თბილისში სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი ჩამოვიდა. 7 აპრილს მოსკოვში გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა, რომელზეც რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადმოსროლა გადაწყდა. მოსკოვიდან, გენერალ ეფიმოვის მეთაურობით, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გამოგზავნეს.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალთან, გენერალ-პოლკოვნიკ როდიონოვთან ერთად, შემუშავდა მშვიდობიანი მიტინგის დაშლის გეგმა. მიტინგის დარბევას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა | imedinews

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, მომიტინგეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა და მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადასვლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. „არა, ღმერთს შევფიცეთ, რომ აქ უნდა ვიდგეთ“, – ისმოდა პასუხად.

9 აპრილს, დილის 04:00 საათზე, როცა უსინათლო მომღერლები „სალაღობოს“ მღეროდნენ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების ჯარის ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა შემოარტყეს. რამდენიმე ასეული ჯარისკაცი მთავრობის სასახლის წინ იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს დაერია.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობთ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ხეზე გაკრული ლექსი
(9 აპრილი)

“აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო”
ქართველ კაცს, რად ათქმევინე, ეს როგორ დაგემართაო?
სთქვი, რომ არც შენ არ იცოდი, სთქვი, რომ შენც ვერა გაიგე,
აბა ამდენი სიცოცხლე, ფეხქვეშ როგორღა დაიგე?!
ო, ცოდვიანო აპრილო, რამ ჩამოგბანოს წყლულიო,
ქართველს მარილი გაუტკბა, გაუხმა ლუკმა პურიო.
ვინ გადარეცხოს ეს სისხლი, ვინ მოგვიშუშოს იარა,
მტერს ვაჟკაცებად დავუხვდით, თორემ ლაჩრებად კი არა.
იმ პირალესილ ნიჩბებსაც, მკერდი ვაჩვენეთ ქართული,
შიში სად იყო, ცეკვით და სიმღერით ვიყავთ გართული.
ასე ცეკვაში აღმოგვხვდა, თავისუფლების ძახილი,
ვაი მათ, ვინც რომ გულებში, ჩაგვცა სიკვდილის მახვილი.
სამშობლოსათვის დაეცა, “შიმშილის კიბეს” ქართველი,
თამარი, ნინო, ნათია, რომელი გითხრათ სახელი.
ან რომელ ერთზე მოგითხროთ, ვის ავუცრემლოთ თვალები,
ღმერთო, რა ხდება, ეს მტერთან იბრძვიან ჩვენი ქალები.
ანგელოზები სტირიან, არდაბადებულ ქართველსო,
ფეხმძიმე ქალი მოგვიკლეს, ვაი, ამ დარდის მნახველსო.
ამდენი კუბო სად მიაქვთ, სად ქრება ჟამი ნეტარი,
ან წინაპრებმა თუ იგრძვნეს შვილთა გმირობა ნეტავი…
იო, საქართველოვ დაჩეხილო, დღეს მზე რა უმწეოდ ანათებს,
სად გყავდა შვილები სასიკვდილო, ასე რომ დაუთმე ჯალათებს.
დავითისეული სული იბობოქრებს, თამარისეული იმედი,
ისევ წამოდგები ჩვენი საქართველოვ, ურჯულოს არ მისცე მცირედი.
ფუძე გავამაგროთ, ერი გავამრავლოთ აი დღეს რა არის მთავარი,
ისევ გავუჩუნოთ, გმირებად დავურჩინოთ, ქვეყანას ნათია და თამარი.
და თუ დაგჭირდება, ჩვენო საქართველოვ, სანთლებს კვლავ აგინთებთ იცოდე,
ხორცით მოწამლულნი, ისევ ავენთებით, მტერს რომ მოვუწამლოთ სიცოცხლე.

/ნანა მეფარიშვილი 1989წ./

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close