პირს, რომელმაც მცხეთის სასამართლოში პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა 1 წლით პატიმრობა შეეფარდა
გენერალური პროკურატურის ცნობით, პირი, რომელმაც მცხეთის სასამართლოში პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა, მოსამართლემ დამნაშავედ სცნო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით), სასჯელის სახედ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შემთხვევა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 9 მაისს მოხდა, როცა სასამართლო პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავდა.
“მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.