საზოგადოება

“ვინ უზის მრჩევლად ქ-ნ მინისტრს? ვინ უწერს ასეთ ტექსტებს? პირადად თუ კითხულობს გამოქვეყნებამდე?” –

დალოცვილებო, სხვა საქმე არაფერი გაქვთ, რწყილი დინოზავრად აქციოთ და ეს ყველაფერი ისე გადმოსცეთ, საბჭოთა წარსულის ავადსახსენებელი ასოციაციები აღძრათ?

ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე დარიანის კრებულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების წაკითხვამდე თვით ამ განცხადების თაობაზე სოცქსელში ატეხილ აჟიოტაჟს გავეცანი.
მეთქი – რა ხდება?
მთელი დღე ვერ მოვიცალე და საღამოს, როგორც იქნა, გადავხედე.
ჯერ ვიფიქრე, ოპტიკური ილუზიაა და თვალი მატყუებს-მეთქი. მეორედ წავიკითხე, მერე მესამედაც…
არა, არაფერი მომჩვენებია. მიმართვაში შავით თეთრზე წერია, რომ ეს დოკუმენტი დარიანისთვის ანა კალანდაძის ორი ლექსის მიწერით სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეების გამოხმაურების საფუძველზე მომზადებულა.
დალოცვილებო, სხვა საქმე არაფერი გაქვთ, რწყილი დინოზავრად აქციოთ და ეს ყველაფერი ისე გადმოსცეთ, საბჭოთა წარსულის ავადსახსენებელი ასოციაციები აღძრათ?
ვინ უზის მრჩევლად ქ-ნ მინისტრს? ვინ უწერს ასეთ ტექსტებს? პირადად თუ კითხულობს გამოქვეყნებამდე?
თუ არ კითხულობს, ცუდია. თუ წაიკითხა და ასეთი ფორმით აუნთო მწვანე – კიდევ უფრო ცუდი.
მთელი ეს მიმართვა, რბილად რომ ვთქვათ, არის აურზაური არაფრის გამო, ქარიშხალი ჭიქაში და შუბლით მარილის ნაყვა. ეს არის კაცის გაპარსვა გაუქაფავად, ბლაგვი სამართებლით და არაფერი მას არ მოჰყოლია, სრულიად უსარგებლო ჭყვიტინის გარდა.
ბრავო! ასე განაგრძეთ და რა სოფელსაც ააშენებთ, მე შორიდან გიყურებთ.
მინაწერი: ბოლო დრომდე მეთანაღრებოდა გული, ხომ არ დაბლაგვებულა ერში იდეოლოგიური სიფხიზლის მარცვალი, რომელმაც გასულ საუკუნეში აქტიურად იმუშავა ხალხის მტრების გამომჟღავნების პროცესში?
სამინისტროს განცხადდების ტექსტმა დამამშვიდა. რაკი “სამართლიანად აღშფოთებული” მკითხველი ასე ოპერატიულად გამოეხმაურა ელენე დარიანისთვის ანას ორი ორი ლექსის საეჭვო მოსაზრებით მიკუთვნების ფაქტს, ეს ნიშნავს, რომ ფალიაში ჯერ კიდევ საკმაოდ გვქონია შემორჩენილი კლასობრივი სიფხიზლის დენთი. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ერთ ოცდაჩვიდმეტს კიდევ გასწვდება” – წერს ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი ფეისბუქზე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close