საზოგადოება

“ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ის აღვირახსნილი კამპანია, რასაც აქამდე აწარმოებდა სააკაშვილის მიმართ” – ნონა წოწორია

“ვეხმაურები ევროსასამართლოს მიერ მ. სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით 10 ნოემბერს გამოყენებულ დროებით ღონისძიებას დიდი საჯარო ინტერესის გამო. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც პირადად ვერ ვუპასუხე. გთხოვთ მიიღოთ ეს განცხადება ჩემს პოზიციად და სურვილის შემთხვევაში გამოიყენოთ.
ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მთავარი დანიშნულებაა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს მ. სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა.
39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად. სტანდარტულად დროებითი ღონისძიება ევროპული კონვენციის მე-2 („სიცოცხლის უფლება) და მე-3 („წამების აკრძალვა“) მუხლებს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია ციხის პირობებში უფლებების დაცვას ეხება. სასამართლოს ზოგადი პრინციპების მიხედვით ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდგ“ 2012 წლის გადაწყვეტილებით ევროსასამართლოსთვის ციხის პირობებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართვამდე საჭიროა შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა. მოცემულ შემთხვევაში დროებითი ღონისძიების გამოყენება მიუთითებს, რომ სასამართლომ მ. სააკაშვილის ადვოკატების მიერ ამ მიზნით მიღებული ზომები საკმარისად ჩათვალა.
ეს არის ჩემი რამდენიმე კომენტარი მთავარ საკითხებზე:
– სასამართლომ მ. სააკაშვილს მოუწოდა (დაჟინებით სთხოვა) შეწყვიტოს შიმშილობა. მსგავსი პრეცედენტები არსებობს პრაქტიკაში. უდაოა, რომ სასამართლომ მოსარჩელის შიმშილობა ეჭვგარეშედ მიიჩნია. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მ. სააკაშვილმა გაითვალისწინოს სასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა.
– მთავრობამ სასამართლოს უნდა აცნობოს მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ – ინფორმაციის მოთხოვნა ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
– მთავრობამ საპყრობილეში ყოფნისას ზოგადად უნდა უზრუნველყოს მ. სააკაშვილის უსაფრთხოება. ამით სასამართლო პრინციპში აღიარებს, რომ მისი უსაფრთხოების საკითხი პრობლემურია. არის თუ არა დარღვევა ამას საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგენს.
– მთავრობამ მ. სააკაშვილს უნდა გაუწიოს სათანადო (appropriate) სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. ცნობილია, რომ შიმშილობის შეწყვეტა განსაკუთრებულად სამართავი პროცესია. ამ მითითებით სასამართლო ხაზს უსვამს სახელმწიფოს სპეციფიურ ვალდებულებაზე. მ. სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში რამდენად იქნება გაწეული მკურნალობა კონვენციის შესაბამისი და მიიჩნევა თუ არა მე-18 დაწესებულება „სათანადოდ“, მომავალი გვიჩვენებს.
– სამოქალაქო ჰოსპიტალში მ.სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული. კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა. მ. სააკაშვილის ადვოკატებს სრული საფუძველი ჰქონდათ, რომ ადექვატურ სამედიცინო დაწესებულებად მხოლოდ სამოქალაქო ტიპის ჰოსპიტალი მიეჩნიათ და ამ მოთხოვნით მიემართათ სასამართლოსთვის. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სასამართლო 39-ე წესის აღსრულების ყველა საკითხს, მ.შ. საავადმყოფოს ნაწილს, მხარეების მიერ 24 ნოემბრისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიუბრუნდება. ცხადია, მას უფლება აქვს დროებითი ღონისძიების პირობები შეცვალოს.
ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ პრიორიტეტად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიხადოს და შეწყვიტოს ის აღვირახსნილი კამპანია, რასაც აქამდე აწარმოებდა.
იმედია, დროებითი გადაწყვეტილების სულისკვეთება, სასამართლოს მიმდინარე ზედამხედველობა და საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება მთელს ამ პროცესს ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს” – წერს სოცქსელში ნონა წოწორია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close