საზოგადოება

“ძალიან დაგვაკლდები მეგობარო, შენი ხსოვნა ჩვენი მხნეობის საყრდენად დარჩება”

დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ კიდევ ერთ გამოჩენილ ქართველს, საქართველოს უმაღლესი განათლების ღვაწლმოსილ წარმომადგენელს,  ტექნიკური მეცნიერებების  მკვლევარს – მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ პრორექტორს , ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, პოლონეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, რუსეთის სამთო აკადემიის ნამდვილ წევრს, რუსეთის საინჟინრო აკადემიის და ინფორმატიკის საერთაშორისო აკადემიის წევრს, აშშ-ის  სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების „სიგმა – X“ წევრს,   ევროპის აკადემიის აკადემიკოსი, სამთო საზოგადოების პრეზიდენტს, მწერალთა კავშირის წევრს, პოეტს, გალაკტიონის პრემიის ლაურეატს რევაზ (რეზო) სტურუას.
რეზო, მეგობარო, არ კმარა სიტყვები შენი მოულოდნელად წასვლით გამოწვეული ტკივილის აღსაწერად; არაა იოლი ააწყო წინადადებები იმ სულიერი სიმდიდრის გამოსახატავად, რითაც აძლიერებდი და ალამაზებდი თითოეული ჩვენთაგანის არსებობას და ჩვენი, აგერ უკვე ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სამეგობროს თანაცხოვრებას.
უფლისაკენ მიმავალ შენს გზას არ ჭირდება ჩვენი სიტყვებით გამოხატული გრძნობებით გალამაზება; ეს გზა – უფლის სამკვიდრებლამდე და ადგილი უფლის სამუდამო სამკვიდრებელში შენი მიწიერი ცხოვრების წესითაა განათებული და ამაღლებული, რადგან შენ გაუცნობიერებლად არასოდეს მიყვებოდი ცხოვრების დუნე მდინარებას, თავად ქმნიდი შენს ცხოვრებას შენი ძლიერი გონიერებით, განსწავლულობით და ღვთით ბოძებული იმ შეგნებით, რომ ამ წუთისოფელში მთავარი ადამიანური ღირებულება არის სიკეთის ქმნა და უანგარო თანადგომა სხვათა მიმართ;
შენ აყალიბებდი შენს ღირსეულ ცხოვრებას და უანგარო თანადგომის ამ თანდაყოლილი სიბრძნით მუდამ ცდილობდი სხვათა ცხოვრების თავმდაბალი, კეთილი თანამოზიარე ყოფილიყავი;
ჩვენს სამეგობრში, რომელიც გასული საუკუნის 70-ანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, გამორჩეული ადგილი გეჭირა დასაწყისიდანვე; თავიდანვე იცოდი, რომ ქვეყნის წინსვლის გზა განათლებულ საზოგადოებასა და ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ამაღლებაზე გადიოდა; რამდენი რამ გააკეთე ამისათვის;
შენი ცხოვრება ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან უნივერსიტეტის პრორექტორობამდე, სტუდენტობიდან დოქტორობამდე ქვეყნის პროგრესული განვითარების მცდელობა იყო.
გვახსოვს, როგორი გულმოდგინებით ცდილობდი და ახერხებდი განათლების მისაღები არხები მიგეყვანა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმ ახალგაზრდებამდე, რომელნიც სოციალური მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ ეპოვნათ ეს არხები დედაქალაქამდე – გვახსოვს, რამდენ რაიონში გაიხსნა შენი ძალისხმევით ე.წ. მოსამზადებელი კურსები და რამდენმა ახალგაზრდამ მიიღო სრული ტექნიკური განათლება ამ ხელშეწყობით; რამდენ მათგანს, განსაკუთრებით შეჭირვებულებს, ბოლომდე არ მოკლებია შენი მზრუნველობა!
და კიდევ რამდენი რამაა სათქმელი, რამდენი სითბო, მზრუნველობის როგორი მარაგი და უშურველი მხარდაჭერის შეუდარებელი მაგალითები დატოვე, რომელნიც რახანია გადასცილდნენ ჩვენი სამეგობროს ფარგლებს და შენს ირგვლივ მადლიერებით გამთბარი სულისმქონეთა ვრცელ სივრცეს ქმნიან.
როცა ქვეყანა შეიცვალა და ბევრი ჩვენგანისა და ზოგადად, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს ცვლილება მძიმე განსაცდელი აღმოჩნდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი გონიერებით და ოპტიმიზმით შეხვდი ამ ძირეულ ცვლილებას; შეხვდი იმიტომ რომ შენ , პროგრესულად მოაზროვნე, შენი აქამდე განვლილი ცხოვრებით, შინაგანად, მენტალურადაც მზად იყავი ამ პროგრესისათვის. შედეგად, ამ ახალ ფორმაციაშიც უპრობლემოდ იპოვე შენი ადგილი, ცხოვრების ახალ ეტაპზე, ახალ, მკაცრად პრაგმატული განწყობილებებით გაჯერებულ ურთიერთობებში გადახვედი შენი თანდაყოლილი შეურყვნელი პიროვნული ღირებულებებით; გახდი ღირსეული პარტნიორი საქმეში, ბოლომდე გახსნილი თანადგომისათვის, სიკეთისათვის, მხარში დგომისათვის.
ჩვენი მეგობრობის პერიოდში ძირეულად შეიცვალა ჩვენი თაობის ცხოვრება; მრავალთა ურთიერთობებმა ვერ გაუძლეს ამ ცვლილებებს; ჩვენმა სამეგობრომ გაუძლო და გადარჩა, გაძლიერდა კიდეც და ამაში შენი დიდი წვლილია;
შეიცვალნენ ადამიანები; ბევრის ზნეობრივმა ღირებულებებმა ვერ გაიარეს მკაცრი ცხოვრებისეული გამოცდები; შენ ისევ მაგალითად რჩები ჩვენ ცხოვრებაში – შენი უბადლო პიროვნული ღირებულებები ბოლომდე უცვლელი დარჩა; მხოლოდ ერთი მიგყვება გაზრდილი და დამძიმებული – ეს ჩვენი ტერიტორიაშელახული სამშობლოს დღევანდელობით გამოწვეული დარდია; ჩვენი საზოგადოების დღემდე აფორიაქებული, დაულაგებელ- მოუწესრიგებული განწყობა-დამოკიდებულება საქართველოს მყარი, შეუქცევადად პროგრესული განვითარების პორობების შექმნისადმი;
ამაზე საჯაროდ და საქვეყნოდ თითქოს არ ლაპარაკობდი, მაგრამ მასზე შენი გულიდან და გონებიდან ერთბაშად, მრავალგზის, გამაფრთილებელ და მოწოდებად ამოფრქვეული, ადამიანის თითოეულ უჯრედამდე დასული ტკივილშემცველი ლექსები ღაღადებენ და ეს ლექსებად გარითმული შენი სულიერი მდგომარეობა შენი კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნული ღირსებაა.
ძალიან, ძალიან დაგვაკლდები მეგობარო, ამ წუთისოფელში მაგრამ შენი არსებობა, შენი ხსოვნა კვლავაც და სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი მხნეობის საყრდენად დარჩება.
ბიძინა სონღულაშვილი, გოდერძი ბუკია, გურამ ახალაია, ზურაბ ერქვანია, გია მახარაძე, თეიმურაზ კვარაცხელია, მანანა და ნანა კეკელიძეები, ლეილა გრძელიძე“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულთა გამდიდრების მიმართულების სრული პროფესორი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი  რეზო სტურუა დაიბადა 1941 წელს, ლანჩხუთში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ბათუმის მეექვსე საშუალო სკოლა. 1958 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დასრულებისთანავე განაწილებით მუშაობდა უზბეკეთში, ალმალიკის სამთო კომბინატში. 1965-67 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1967-70 წლებში სწავლობდა მოსკოვის სკოჩინსკის სახელობის სამთო საქმისა და მყარი საწვავი წიაღისეულის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1970-78 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის კათედრაზე თადაპირველად ასისტენტდ, შემდეგ დოცენტად. 1971-73 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის  ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა და სტუდენტთა სამეცნიერო  საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე. 1973-74 წლებში სწავლობდა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სპეცფაკულტეტზე. 1970 წელს მოსკოვის მყარი საწვავის ინსტიტუტის  სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1983 წელს ირკუტსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე სადოქტორო დისერტაცია. 1978 წლიდან 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრას. 1988 წლიდან 1991 წლამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების დარგში, ხოლო 1991 წლიდან 2004 წლამდე ამავე უნივერსიტეტის პირველი პრორექტორი. სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების მიმართულების სრული პროფესორი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
რევაზ სტურუას სამეცნიერო-საინჟინრო მოღვაწეობის სფერო იყო სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება – მინერალური პროცესები. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა შავი და ფერადი ლითონების მადნების გამდიდრების ტექნოლოგიებთან ინტენსიური ენერგეტიკული პროცესების კომბინირების მეცნიერული საფუძვლები, რაც პრაქტიკულად გამოიხატა ახალი მაღალეფექტური ტექნოლოგიების შექმნაში.
რეზო სტურუას ხელმძღვანელობით ჩატარებული კომპლექსური კვლევის საფუძველზე განხორციელებულია სასარგებლო წიაღისეულის ფლოტაციის პროცესის ინტენსიფიკაციის სამეცნიერო პრობლემის თეორიული დებულებების განზოგადება, დამყარებული ინტენსიური ელექტრონული ზემოქმედების გამოყენებაზე და შემუშავებულია პრაქტიკული რეკომენდაციები, რომელთაც აქვთ სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა.
რეზო სტურუას მიერ ჩატარებულია მრავალმხრივი კომპლექსური კვლევები ჭიათურის აუზის ღარიბი მანგანუმის მადნების გამდიდრების ტექნოლოგიური სქემების  ოპტიმიზაციის მიმართულებით. მიღწეულია მთელი რიგი ტექნოლოგიური და საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ეკონომიკური ეფექტით.
პროფესორი რეზო სტურუა არის 145 ნაბეჭდი ნაშრომის, მათ შორის, 28 საავტორო მოწმობის, ერთი მონოგრაფიის და 4 სახელმძღვანელოს ავტორი.
1997 წელს გერმანიაში, ქალაქ აახენში გამართულ მინერსლური პროცესების მსოფლიო მეცხრამეტე კონგრესზე პროფესორი რეზო სტურუა არჩეულ იქნა მინერალური პროცესების მსოფლიო  კონგრესების სამეცნიერო საორგანიზაციო მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად. 1996 წელს რეზო სტურუა აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად. იგი არის რუსეთის სამთო აკადემიის ნამდვილი წევრი, რუსეთის საინჟინრო აკადემიის და ინფორმატიკის საერთაშორისო აკადემიის წევრი, აშშ-ის  სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების „სიგმა – X“ წევრი  2000 წლიდან სამთო საზოგადოების პრეზიდენტი.
რეზო სტურუა 1988 წელს დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით, ხოლო 1998 წელს „ღირსების ორდენით“. 2011 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რეზო სტურუა უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო გ. ნიკოლაძის მედალი გადასცა.

რეზო სტურუა კორონავირუსის ფონზე გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close